"კოკაი" ელიტას ტოვებს - კვირის პალიტრა

"კოკაი" ელიტას ტოვებს

სამწუხაროდ, არც ისე ხანგრძლივი გამოდგა ჩვენი სიხარული სუმოს ელიტურ დივიზიონში ქართველების "მომრავლების" გამო.

რამდენიმე თვის წინ ორ ლევანს ("კოკაი" - ლევან ცაგურია და "ტოჩინოშინი" - ლევან გორგაძე) კიდევ ერთი ჩვენებური - "გაგამარუც" (თეიმურაზ ჯუღელი) შეუერთდა და ელიტაში უკვე სამი ქართველი ჭიდაობდა, მაგრამ მომავალ ბაშოზე სტატუს კვო ისევ აღდგება.

თანაც, რანგით მეორე - ძურიოს დივიზიონში ყველაზე გამოცდილი - კოკაი დაქვეითდა. არადა, ლევანი პირველი ევროპელი სუმოისტია, ვინც ელიტური დივიზიონის ბინადარი გახდა და მსოფლიოს უძლიერეს სუმოისტებთან ჭიდილში შვიდი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა ადგილს მაკუუჩის დივიზიონში. კოკაის ხელის ტრავმა აწუხებს და ტოკიოს ბაშოზე, ფაქტობრივად, ცალი ხელით უწევდა ჭიდაობა, რაც მის შედეგსაც ეტყობა.

ცაგურიას მსგავსად იანვრის სუპერტურნირი უარყოფითი ბალანსით (მაკე-კოში) დაასრულეს "ტოჩინოშინმა" და "გაგამარუმაც", რომლებიც, შესაბამისად, ელიტის ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე მძიმე ფალავნები არიან.