გულიტის შემდეგ ბოიდიც? - კვირის პალიტრა

გულიტის შემდეგ ბოიდიც?

შოტლანდიის საუკეთესო ბომბარდირს გროზნოში ელიან

როგორც ჩანს, გროზნოს "ტერეკი" მომავალ სეზონში რუსეთის ჩემპიონობას აპირებს. ჩეჩნეთის კლუბმა, რომლის პრეზიდენტიც რესპუბლიკის პირველ კაცი - რამზან კადიროვია, რამდენიმე დღის წინ მთავარ მწვრთნელად ლეგენდარული ჰოლანდიელი - რუუდ გულიტი გაიფორმა, ახლა კი ინგლისის "მიდლსბროს" შოტლანდიელ ფორვარდს - კრის ბოიდს დაადგა თვალი.

27 წლის ბოიდს კარიერის უდიდესი ნაწილი "გლაზგო რეინჯერსში" აქვს გატარებული და კლუბის მაისურით გატანილი 164 გოლით შოტლანდიური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. გასული წლის ზაფხულში ბოიდს "რეინჯერსში" მისი ყოფილი თანაგუნდელი და ამჟამად "ქაისერისპორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ეპატიჟებოდა თურქულ კლუბში, მაგრამ შოტლანდიელმა არჩევანი "მიდლსბროს" სასარგებლოდ გააკეთა.

"ხელფასად შოთამ კვირაში 50 ათასი გირვანქა სტერლინგი შემომთავაზა, მაგრამ ჩემთვის მთავარი ფული არ არის, "მიდლსბროში" თამაში მინდა!" - განაცხადა ბოიდმა, რომელსაც ინგლისური კლუბის მაისურით ჩატარებულ 15 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. ფული მთავარი არ არისო, კი გაიძახის, მაგრამ ამჟამინდელმა კლუბმა ფეხბურთელს უკვე მისცა "ტერეკთან" მოლაპარაკების უფლება, თანაც, რუსულ კლუბებს "ქაისერზე" ბევრად მეტი ფული აქვთ და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მალე შოტლანდიელ ბომბარდირს თერგის პირას მორბენალს ვიხილავთ.