თქვენ - გაზი, ჩვენ - თასი! - კვირის პალიტრა

თქვენ - გაზი, ჩვენ - თასი!

ქართველებით სავსე ბაქოს "ინტერის" ბაირამობა

ნოვრუზ-ბაირამამდე ჯერ დიდი დროა, თუმცა, აზერბაიჯანელთათვის დღესასწაული გასულ კვირას, მას შემდეგ დაიწყო, რაც "თანამეგობრობის თასის" მეოთხედფინალში, ბაქოს "ინტერმა" 4:0 დაამარცხა ერევნის "მიკა". კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილ "ინტერში" ექვსი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს და, ბუნებრივია, ამ გუნდის გამოსვლას განსაკუთრებული ინტერესით ვადევნებთ თვალს.

"მიკასთან" მატჩმა აზერბაიჯანში ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ ცხადია, სომხებთან წაფორხილების შემთხვევაში ჯოხს სწორედ კახა ცხადაძესა და ჩვენებურებზე გადატეხდნენ.

საბედნიეროდ, ბაქოელთა "ბაირამობა" ტურნირის ნახევარფინალში "ზენიტის" დუბლშემადგენლობასთანაც გაგრძელდა (5:0) და "ინტერი" "თანამეგობრობის თასის" ფინალში გავიდა, სადაც კვირა საღამოს სოლიგორსკის "შახტიორს" შეხვდა. ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, გადამწყვეტი მატჩის შედეგზე ვერაფერს გეტყვით, სამაგიეროდ, შემოგთავაზებთ ბაქოელთა მთავარ მწვრთნელთან ინტერვიუს, რომელიც ფინალამდე ერთი დღით ადრე ჩავწერეთ:

- "თანამეგობრობის თასზე" თამაში ბოლო წუთს გადავწყვიტეთ. რადგან წამოვედით, მოვინდომეთ კიდეც და ვფიქრობ, შედეგითაც კარგად ჩანს, ფეხბურთელებს მოტივაცია რომ არ აკლიათ. ფინალამდე ხუთივე მატჩი ისე მოვიგეთ, გოლი არ გაგვიშვია. ერთი შეხედვით, ძალიან იოლად მივიწევდით წინ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ტურნირია სუსტი, თუ არ მოინდომე, ვერავისაც ვერ აჯობებ.

- "ზენიტის" დუბლშემადგენლობას ეთამაშეთ, მაგრამ რაც უნდა იყოს, ტურნირი მათ მშობლიურ ქალაქში ტარდებოდა და 5:0 გამარჯვება, ალბათ, თქვენთვისაც მოულოდნელი იყო.

- ეს ფეხბურთელები "ზენიტის" მთავარ გუნდში მოსახვედრად იბრძვიან. სწრაფი, შემტევი კოლექტივია. როცა მათი თამაშების ვიდეოჩანაწერები ვნახეთ, ჩემს ფეხბურთელებს მეტოქისთვის სივრცის მაქსიმალურად შეზღუდვა დავავალე, რაც შეასრულეს კიდეც და მე-15 წუთისთვის უკვე 3:0 ვიგებდით.

- თუმცა, "მთავარი" მატჩი "ინტერს" იქამდე ჰქონდა... რის ხარჯზე მოიგეთ "მიკასთან" 4:0 - მეტოქეზე უფრო მონდომებული იყავით თუ კლასში სხვაობაა ასეთი დიდი?

- სუსტი გუნდი ნამდვილად არ ყოფილა, მისი თამაში შევისწავლეთ და დავრწმუნდით, რომ საკმაოდ პრიმიტიული ტაქტიკა აქვს - სწრაფი ფორვარდების გრძელი გადაცემებით მომარაგებას ცდილობს. ჩვენი მცველები ყურადღებით იყვნენ, თანაც, მოედნის ცენტრშიც აშკარად დავჯაბნეთ და საბოლოოდ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ.

- ამ შეხვედრას აზერბაიჯანში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ადგილობრივ ფორუმებზე იმასაც კი წერდნენ, ჩვენთვის სომხებთან ნებისმიერი შეხვედრა პოლიტიკაა და თუ ეს ბარიერი ვერ გადალახა, "ინტერი" აზერბაიჯანში აღარ ჩამოვუშვათო. თქმა არ უნდა, დამარცხების შემთხვევაში განტევების ვაცად სწორედ კახა ცხადაძესა და მის თანამემამულეებს დაასახელებდნენ. მით უმეტეს, აზერბაიჯანში ისედაც არ გაკლიათ "კეთილისმსურველები".

- სამწუხაროდ, აზერბაიჯანში მართლაც ბევრია "ჩასაფრებულის" პოზიციაში და ჩვენს წაფორხილებას ელის. სიმართლე გითხრათ, "მიკასთან" მატჩამდე მეც ძალიან ვინერვიულე. მე და გიორგი ჩიხრაძე გვიანობამდე ვარჩევდით მეტოქის თამაშს. აქ მხოლოდ დიდ რეზონანსზე არ არის საქმე - პრესტიჟის ამბავიც იყო - აუცილებლად უნდა მოგვეგო!

- თქვენს გამარჯვებას რა რეაქცია მოჰყვა?

- სომხური გუნდის მწვრთნელმა გამარჯვება მოგვილოცა, მაგრამ ისეთი სახე ჰქონდა, ეტყობოდა, რა დღეშიც იყო. ეს გასაკვირი არ არის, რომ დავმარცხებულიყავით, ჩვენც იმავე მდგომარეობაში ვიქნებოდით. თამაშამდე, ვცდილობდი, ფეხბურთელებთან მატჩის პოლიტიკურ მხარეზე არაფერი მეთქვა, მაგრამ ყველას ისედაც ეტყობოდა, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ სომხებთან მატჩს. სხვათა შორის, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმაც მოგვილოცა გამარჯვება, რომელიც ამავდროულად, "სოკარის" პრეზიდენტიც არის. გვითხრა, შაბათს ფოთში უნდა ჩავიდე ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებითო და ბოლოს, ასე დაგვემშვიდობა, ჩვენ გაზს გაძლევთ, თქვენ თასი ჩამოგვიტანეთო.

- "თანამეგობრობის თასზე" "ინტერმა" ხუთ მატჩში 16 გოლი გაიტანა და არც ერთი არ გაუშვია. თუმცა, გუნდის ექვსი ქართველი ლეგიონერიდან თავის გამოჩენა ვერც ერთმა ვერ შეძლო.

- ოდიკაძე საკმაოდ კარგად თამაშობს და მის ანგარიშზე რამდენიმე საგოლე გადაცემაა. დათოს თავადაც ხშირად ეძლევა ბურთის გატანის შანსი, მაგრამ ამ ბიჭს გოლის ჟინი არ აქვს, არ არის გატანაზე დაგეშილი. აბრამიძე-კანდელაკის წყვილი ძალიან საიმედოდ თამაშობს, ლომაიაზეც იმავეს ვიტყვი და ეს ისედაც ჩანს - ხუთ მატჩში კინკილა ბურთიც არ გაუშვია. ურიგოდ არც კახა მჟავანაძე და ბაჩანა ცხადაძე თამაშობენ.

- ოდიკაძე გოლზე არ არის დაგეშილიო, ამბობთ, სამაგიეროდ, კარლსონსია "გადარეული" - თავისი "ნათესავი" კარლსონივით "დაფრინავს" და გოლი გოლზე გააქვს.

- ამ ფორვარდს სრული თავისუფლება მივეცით და თავისუფლად ათამაშდა, ფსიქოლოგიური პრობლემებიც გადალახა და ბოლო ორ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.

- გადამწყვეტ მატჩში მეტოქედ სოლიგორსკის "შახტიორი" გერგოთ...

- საკმაოდ ძლიერი, გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. რთული მატჩი იქნება, თუმცა, ფინალამდე მივსულვართ და გადამწყვეტ მატჩში სტატისტების როლში ყოფნას ნამდვილად არ ვაპირებთ. პირიქით, დასასვენებლად შედარებით მეტი დრო გვაქვს და ამ თამაშში ბოლომდე დავიხარჯებით, რათა თასი "ინტერს" დარჩეს.

- აზერბაიჯანის ჩემპიონატში ახლა შესვენებაა. ეროვნული პირველობისთვის სად მოემზადებით?

- სანქტ-პეტერბურგიდან გუნდი პირდაპირ ანთალიაში გაემგზავრება და შეკრებას იქ გავივლით. ქვეყნის ჩემპიონობისთვის რთული ბრძოლა გველის, პირველადგილოსანს 7 ქულით ჩამოვრჩებით და ამის აღმოსაფხვრელად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება. ჩემპიონობის გარდა, თასის მოსაგებადაც ვიბრძვით. სხვათა შორის, შედარებით იოლი მეტოქე გვყავს და წესით, თასის ფინალამდე მისვლა არ უნდა გაგვიჭირდეს.