4 წელი ქართულის და ფეხბურთისთვის - კვირის პალიტრა

4 წელი ქართულის და ფეხბურთისთვის

სიჭინავამ დაგვიბარა...

ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, ზოგჯერ ვერ ვასწრებთ კვირის მიწურულს განვითარებული მოვლენების თქვენამდე მოტანას. თუმცა, არის სიტუაციები, როცა ოპერატიულობა სულაც არ არის აუცილებელი. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად გასულ შაბათს აირჩიეს, ამის შესახებ ინფორმაციის მოწოდება ჯერ კიდევ გაზეთის წინა ნომრებში შეგვეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ სფფ-ის 33 საარჩევნო სუბიექტიდან 20 ერთმანეთს ასწრებდა სიჭინავასთვის კალთების დახევას, შენი ჭირიმე დარჩიო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი და ამჟამინდელი თავკაცი კარგა ხნის განმავლობაში ირწმუნებოდა, არ ვიცი, მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობასო. ეს, ისე, "ზრდილობისთვის" იყო ნათქვამი, თორემ ჩვენ ვიცოდით და თვითონ - მით უმეტეს... როგორც ჩანს, ბატონ ზვიადს 20 სუბიექტის (ვითომ ერთი არ იყო საკმარისი) მხარდაჭერა ეცოტავა და ბოლო წუთამდე "გვახვეწნინა" - ემანდ, უარი არ თქვა კანდიდატობაზე, არ დაგვღუპოო. ასეა თუ ისე, სფფ-ის მოქმედმა თავკაცმა კანდიდატად დარეგისტრირების ვადის ამოწურვამდე 20 წუთით ადრე შეიტანა განცხადება ფედერაციის გენერალურ სამდივნოში, დანარჩენი კი "ტექნიკის საქმე" იყო და...

მოკლედ, შაბათ დილით, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გამართულ სფფ-ის XIX საარჩევნო ყრილობაზე სიჭინავა პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის სტატუსით მივიდა და რაც უნდა "საკვირველი" იყოს, არც "გამარჯვება" გასჭირვებია. კენჭისყრამდე მან იმ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს: ეროვნული ნაკრები, თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის გაგრძელება, ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და ა.შ. ფედერაციის თავკაცმა ისიც აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ვალების დაფარვის პროცესმა, რომელიც 2011 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, ერთი წლით გადაიწია. საინტერესოა, დეკემბერში როგორ გვპირდებოდა ბატონი სიჭინავა 2011 წლის ბოლომდე სფფ-ის ყველა ვალი გასტუმრებული ექნებაო, თუ არ იცოდა, მიიღებდა თუ არა არჩევნებში მონაწილეობას?

P.S. დელეგატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ზვიად სიჭინავამ პირობა დადო, თუ პრეზიდენტად ამირჩევთ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქართულად ლაპარაკს უფრო კარგად ვისწავლიო. ქართული ფეხბურთის საქმეები გამოასწორეთ, ბატონო ზვიად, თქვენს "ქართულს" კი როგორმე ავიტანთ.