მოუარა - კვირის პალიტრა

მოუარა

მადრიდის "რეალის" თავკაცს - ჟოზე მოურინიოს რომ რთული ხასიათი აქვს, არახალია. პორტუგალიელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გასული წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, თავადაც ხშირად ამბობს ხოლმე, "განსაკუთრებული" ვარო. ჰოდა, მოუს ორიოდე დღის წინ "განსაკუთრებულად" მოუარა და...

კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს გამოუცხადა, თუ გინდათ, კლუბში მუშაობა მომავალშიც გავაგრძელო, ეს კაცი მომაშორეთო. "ეს კაცი" კი, არც მეტი, არც ნაკლები, "რეალის" გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო გახლავთ. ბოლო დროს გახშირდა ლაპარაკი სეზონის ბოლოს მოურინიოს "სამეფო კლუბიდან" წასვლაზე და თავისი განცხადებით პორტუგალიელმა ცეცხლზე ნავთი დაასხა. საქმე ის არის, რომ "რეალს" ფორვარდები შემოეცალა ხელიდან, ვალდანო კი მწვრთნელის თხოვნას ყურადღებას არ აქცევს და...