ტოკიოს რესტორანში `ქართული ცუნამი" არ ყოფილა - კვირის პალიტრა

ტოკიოს რესტორანში `ქართული ცუნამი" არ ყოფილა

"ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობასთან სერიოზული პრეტენზია გვაქვს"

2011 წელი ძალიან ცუდად დაიწყო სუმოს ელიტურ დივიზიონში მოასპარეზე ქართველებისთვის. იანვრის სუპერტურნირი სამივე ჩვენებურმა უარყოფითი ბალანსით დაასრულა, ევროპული სუმოს პიონერი - კოკაი (ლევან ცაგურია) კი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად დაქვეითდა რანგით მეორე - ძურიოს დივიზიონში.

სპორტი სპორტია და წაგება-მოგება ერთმანეთს ენაცვლება, მაგრამ ცუდი ის არის, რომ გასულ კვირას ქართველი სუმოისტები ხმაურიანი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ: რუსული ინტერნეტგვერდები ირწმუნებოდნენ, ტოკიოში მდებარე ინდურ რესტორანში მთვრალმა ქართველმა სუმოისტებმა კოკაიმ და გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) იმდენ ხანს იჩხუბეს, სანამ ერთმანეთს თვალები არ ჩაულურჯეს, რესტორანში კი ყველაფერი დალეწესო. ეს ინფორმაცია რუსული წყაროების გავლენით ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამაც "გადმოაქართულა". იმის გასარკვევად, რა მოხდა სინამდვილეში ტოკიოს რესტორანში, სკანდალური ამბის ერთ-ერთ მონაწილეს, ლევან ცაგურიას დავუკავშირდით:

- სუმოს ფედერაციის წესდებით, შეჯიბრების მიმდინარეობის პერიოდში, იმ სუმოისტებს, რომლებიც ერთ დივიზიონში ასპარეზობენ, ერთად ყოფნა ეკრძალებათ. როგორც ცნობილია, იაპონიაში სამი ქართველი მოჭიდავე ვართ და ვცდილობთ, ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვიყოთ. გაგას (თეიმურაზ ჯუღელის მეტსახელია - ავტ.) საქართველოში ახლობელი გარდაეცვალა და ამის გამო თავს ცუდად გრძნობდა. მეგობრის გამხნევება მინდოდა და იმის მიუხედავად, რომ ამის უფლება არ გვქონდა, ერთად წავედით ინდურ რესტორანში. კარგა ხანს ვილაპარაკეთ. ვუთხარი, ძალიან ძნელია, მაგრამ უნდა გამაგრდე და შეჯიბრებაზე მოახდინო კონცენტრირება-მეთქი. წამოსვლა რომ დავაპირეთ, ადგომისას შემთხვევით, რესტორნის დეკორატიული მინის მოაჯირს მოვარტყი ხელი და ოდნავ გავბზარე - ეს იყო და ეს.

- ამხელა აჟიოტაჟი მინის გაბზარვას მოჰყვა?

- იაპონური პრესის რეაქცია არ მიკვირს - იმის გამო ატეხეს ერთი ამბავი, რომ ორი მეტოქე სუმოისტი შეჯიბრების დროს ერთად ვიყავით რესტორანში, თანაც, სანამ თავად არ გაერკვა ვითარებაში, იაპონიის სუმოს ფედერაციამ არც ჩვენ მოგვცა უფლება, ამ თემაზე კომენტარი გაგვეკეთებინა. ამასობაში რუსულ საიტებზე ისეთი სისულელეები დაწერეს, მე და გაგამარუს თმა ყალყზე დაგვიდგა, - ქართველი სუმოისტები ტოკიოს რესტორანში ნახევარი საათის განმავლობაში ჩხუბობდნენო, ირწმუნებოდნენ. ეს რომ სხვა ქვეყანაში მომხდარიყო, შეიძლება დაეჯერებინა კიდეც ვინმეს, მაგრამ იაპონიაში, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ნახევარი საათის განმავლობაში ჩხუბს და რესტორნის "დანგრევას" გვაპატიებდნენ? ჩვენ კი არა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დასჯიდნენ ასეთი საქციელის გამო.

- დაიწერა ისიც, რომ რესტორნიდან პოლიციაში განცხადება შევიდა საკუთრების დაზიანების გამო.

- გარწმუნებთ, რესტორნის ხელმძღვანელობას პრეტენზია არ ჰქონია. უბრალოდ, იაპონური კანონების თანახმად, სპეციალური კომისია აფასებს ზარალის ოდენობას, ეს არის და ეს. როგორც გითხარით, იქ "დასათვლელიც" არაფერია, მაგრამ კომისიის დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება მზად და თუ რამეა გადასახდელი, უპრობლემოდ ანაზღაურდება.

ყველაზე მეტად იმაზე გვწყდება გული, რომ ზოგიერთმა ქართველმა ჟურნალისტმა პირდაპირ, გადამოწმების გარეშე გადათარგმნა და გაახმაურა რუსულ საიტებზე გავრცელებული დეზინფორმაცია. ნუთუ არ შეიძლებოდა, ინფორმაცია იაპონიაში საქართველოს საელჩოში ან სუმოს ფედერაციაში გადაემოწმებინათ? ხომ უფრო დეტალურ და რაც მთავარია, ნამდვილ ამბავს გაიგებდნენ? ამდენი წელია, იაპონიაში ჩვენი ქვეყნის სახელი გაგვაქვს, მისი დროშით ვასპარეზობთ და ისე გამოვიდა, რომ საქვეყნოდ მოვჭერით სამშობლოს თავი! ამის შემდეგ რა უნდა იფიქროს ქართველმა ხალხმა ჩვენზე?!

"ქრონიკაში" გასულმა სიუჟეტმა ხომ საერთოდ გაგვაოგნა. სიუჟეტის ავტორი რუსულ ვებგვერდებზე გავრცელებული ინფორმაციის ქართულ ვერსიას გვიყვებოდა, ფონად კი, მიუხედავად იმისა, რომ თავად აღნიშნეს, არავითარი ვიდეო და ფოტომასალა არ არსებობსო, გაურკვეველი რესტორნის თუ საიუველირო მაღაზიის კადრები აჩვენეს. არც თარიღი ეწერა იმ ფოტოებს, არც ქალაქი ან ქვეყანა. ისეთი კადრები იყო, იფიქრებდით, ამ ადგილს ცუნამმა გადაუარაო, არაფერი ჰქონდა საერთო ინდურ რესტორანთან. ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება, ეს არის ადამიანისთვის სახელის გატეხა და თავზე ლაფის დასხმა. ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობასთან სერიოზული პრეტენზია გვაქვს. სუმოს ასოციაციამ ჩვენთვის იურისტები დაიქირავა, გაარკვევენ, ვინ გაავრცელა და რა მიზანს ემსახურებოდა ეს დეზინფორმაცია.

- რესტორანში ყოფნისას სასმელიც მიირთვით?

- 2-3 ჭიქა ლუდი... სისულელეა, რომ დაიწერა, ქართველი სუმოისტები მთვრალები იყვნენო. ასეთ რამეს თავს სხვა დროსაც არ ვაკადრებთ და მით უმეტეს, შეჯიბრების პერიოდში...

სუმოს ფედერაციამ ორიოდ დღის წინ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც ჩვენი ვითომდა "ჩხუბი" კატეგორიულად უარყო. უბრალოდ, სიტყვიერი გაფრთხილება მოგვცეს წესის დარღვევის გამო... ვიცი, რომ საქართველოში ძალიან ბევრმა ადამიანმა განიცადა ჩვენ შესახებ გავრცელებული ამბები. მინდა თითოეული მათგანი დავარწმუნო, რომ აქ მყოფი სამივე ქართველი მეგობრები ვართ და ჩვენ შორის უთანხმოება არასდროს მოხდება!

- დასასრულ, სუმოზეც ვთქვათ. შვიდი წელიწადი სუმოს ელიტურ დივიზიონ მაკუუჩიში გაატარეთ, მაგრამ მარტის ბაშოს უკვე ერთი საფეხურით ქვემოთ - ძურიოში შეხვდებით. როგორც ვიცი, იდაყვის ტრავმის გამო თითქმის მთელი ტურნირი "ცალხელამ" ჩაატარეთ.

- ეს ტრავმა გასული წლის ნოემბერში მივიღე. მირჩიეს, იანვრის ბაშო გამომეტოვებინა და ხელი მომერჩინა, მაგრამ ასეთ დროს თხუთმეტივე შეხვედრაში წაგება გეთვლება და რეიტინგში საგრძნობ რეგრესს განიცდი. ამიტომაც ტოკიოში მაინც ვიასპარეზე. ხელი თითქმის აღარ მაწუხებდა, თუმცა, პირველივე ტურში მაინცდამაინც ტრავმირებულ ადგილას მივიღე მძიმე დარტყმა და, ფაქტობრივად, მთელი ბაშო ცალი ხელით ჩავატარე, რაც შედეგსაც დაეტყო. რას ვიზამთ, შევეცდები, მარტში ისეთი შედეგი ვაჩვენო ძურიოში, ერთი ტურნირით დავიბრუნო ადგილი მაკუუჩიში.