შერმადინის მარგი ქმედება - კვირის პალიტრა

შერმადინის მარგი ქმედება

14 ქულა "ბარსელონასთან"

საკალათბურთო ევროლიგის ბოლო ტურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "პანათინაიკოსიდან" ლიუბლიანას "ოლიმპიაში" გადასვლით, საქართველოს ნაკრების ცენტრმა - გიორგი შერმადინმა სწორი ნაბიჯი გადადგა. ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის - "ბარსელონას" წინააღმდეგ დრამატულ მატჩში "ოლიმპია" მინიმალური სხვაობით - 67:68 დამარცხდა, 21 წლის შერმადინი კი თანაგუნდელთა შორის შედეგიანობითაც საუკეთესო იყო და მარგი ქმედების კოეფიციენტითაც.

"ბარსელონასთან" თამაშის შანსი გიორგის ადრეც მიეცა, მაგრამ მაშინ "პანათინაიკოსის" კალათბურთელი იყო და კატალონიური გრანდის წინააღმდეგ კი არა, საბერძნეთის ჩემპიონატშიც იშვიათად ათამაშებდნენ. საბედნიეროდM, ახლა ყველაფერი პირიქით არის - გიორგი შერმადინი სლოვენიური კლუბის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება, რაც ესპანურ კლუბთან მატჩის სტატისტიკიდანაც ჩანს - ჩვენებურმა მოედანზე 23 წუთი დაყო და "ოლიმპიას" 14 ქულისა და 6 მოხსნის გარდა, თითო ჩაჭრით, პასითა და დაფარებით შეეშველა.

- ძალიან დაძაბული მატჩი იყო. პირველ ნახევარში ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა, მერე თამაში გამოვასწორეთ და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს ვიყავით. "ბარსელონასთან" წაგება გასაკვირი არ არის, მაგრამ ბოლო წამებში რომ დავმარცხდით, თან ერთი ქულით, ამაზე მწყდება გული.

- თანაც, ბოლო შეტევა თქვენი იყო.

- შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე, ბურთი "ოლიმპიას" დარჩა. კომბინაცია ამერიკელ კენი გრეგორიზე ავაგეთ - შეტევა მას უნდა დაეგვირგვინებინა, თუმცა, იმის ნაცვლად, მეტოქისთვის ჯარიმის "აკიდება" ეცადა, საჯარიმოში შესვლისთანავე ისროლა. სამწუხაროდ, არაზუსტად.

- კარგი იქნებოდა, მოგეგოთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბოლო დროს მწვრთნელი სულ უფრო მეტ დროს გაძლევთ სათამაშოდ და მოედანზე გატარებულ წუთებსაც ნაყოფიერად იყენებთ.

- ცუდად ნამდვილად არ მითამაშია, თუმცა, უფრო გამიხარდებოდა, რომ მოგვეგო და თუნდაც, ნაკლებად შედეგიანი ვყოფილიყავი. ძალიან მინდოდა ვარსკვლავებით გადავსებული "ბარსელონას" დამარცხება!

- აშკარად ჩანს, რომ "ოლიმპიას" კარგად "მოერგეთ".

- ლიუბლიანაში გადასვლით მართლაც სწორი გადაწყვეტილება მივიღე. აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ - პირობებიც კარგია, გუნდსაც იოლად შევეწყვე და მწვრთნელის ნდობასაც ვგრძნობ. თანაც, ბოისაც აქ არის და...

- როგორც ვიცი, ვოვა გამოჯანმრთელდა და სრული დატვირთვითაც ვარჯიშობს, თუმცა, ოფიციალურ მატჩებში ჯერ არ გამოჩენილა.

- ბოისა უკვე ჩვეულებრივად ვარჯიშობს, წვრთნისას, ორმხრივ თამაშებშიც კარგად თამაშობს ხოლმე და ბოლო დროს განაცხადშიც მუდმივად არის. ძალიან ბევრი გაუცდა და როგორც ჩანს, მწვრთნელი მოედანზე მისი გაყვანისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. ვოვა "ოლიმპიასთვის" ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, სულ მალე დაიბრუნებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში.

- ბოისა წლების წინაც თამაშობდა "ოლიმპიაში" და ლიუბლიანაში დღემდე ძალიან უყვართ.

- ვოვას აქაურები დიდ პატივს სცემენ. ლიუბლიანა წყნარი, პატარა ქალაქია, სიდიდით, თბილისის მესამედი თუ იქნება. აქ ყველა ყველას იცნობს და ქუჩაში მეც ხშირად ვგრძნობ სითბოსა და სიყვარულს. მით უმეტეს, "ოლიმპიას" მოთამაშეებს სპეციალურად გაფორმებული ავტომანქანები გვაქვს. ჩემს ავტოს, მაგალითად, ჩემი მაისურის ნომერი - 16 აწერია და არავისში ავერევი (იცინის).

- ლიუბლიანაში კალათბურთი ისე უყვართ, მოთამაშეების გარჩევა არ შეეშლებათ.

- მართლაც, ძალიან უყვართ საკუთარი გუნდი. "ბარსელონასთან" მატჩს 14 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო - ქალაქში სულ ორი ამდენი კაცი ცხოვრობს, მეტი კი არა (იცინის). "ოლიმპია" შეკრული, მეგობრული გუნდია. ადგილობრივი მოთამაშეებიც კარგი ბიჭები არიან და ლეგიონერებიც. ბოისას გარდა, ყველაზე ახლო მეგობრობა ფინელ სალინთან მაკავშირებს, მხიარული ყმაწვილია.

- სლოვენიურ სამზარეულოს როგორ შეეჩვიეთ? მახსოვს, ათენში ცხოვრებისას, თავად იმზადებდით საკმაოდ რთულად გასაკეთებელ კერძებს.

- აქ მაგის საჭიროება აღარ არის (იცინის). "ოლიმპიას" საკუთარი რესტორანი აქვს და იქ ვიკვებებით ხოლმე - უალკოჰოლო სასმლის გარდა, ყველაფერი უფასოა. კლუბში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა და ყველანაირ პირობას უქმნიან, რომ მხოლოდ კალათბურთზე იფიქრონ.