უკრაინით ვიწყებთ - კვირის პალიტრა

უკრაინით ვიწყებთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უმნიშვნელოვანეს სეზონს 5 თებერვალს, უკრაინასთან "ერთა თასის" მატჩით ხსნის. სექტემბრიდან რიჩი დიქსონის

შეგირდები ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე ითამაშებენ და, ბუნებრივია, იქამდე ჩასატარებელი ყველა შეხვედრა "ზელანდიური არომატით" იქნება გაჟღენთილი. წინა გათამაშების მსგავსად, "ევროპის ერთა თასი" ამჯერადაც ორწლიანი სისტემით გათამაშდება.

ასე რომ, ქართველებს წლევანდელი შესაძლო სატურნირო "ჩავარდნის" გამოსწორება გაისადაც შეეძლებათ. რაგბის კავშირის თავკაცის, გია ნიჟარაძის თქმით, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს წლევანდელი "ერთა თასის" მატჩებში შედეგს არავინ მოსთხოვს და მწვრთნელებს შეეძლებათ თამაშები მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილონ. 5 თებერვალს უკრაინას ვმასპინძლობთ, ერთი კვირის შემდეგ - ესპანეთს, 26-ში კი პორტუგალიელ "მგლებს" ვესტუმრებით.

ყველაზე რთული მატჩები ბორჯღალოსნებს მარტში ელოდებათ - 12-ში რუმინელებს დავუხვდებით, რომლებიც მეტოქედ მსოფლიო თასზეც არ აგვცდნენ, 19 მარტს კი სოჭში რუს "დათვებთან" გველის მორიგი "რანდევუ".