ბურჯი კლერმონსაც გამოეცალა - ზირაქამ კარიერა დაასრულა (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ბურჯი კლერმონსაც გამოეცალა - ზირაქამ კარიერა დაასრულა (ექსკლუზივი)

"Nakhvamdis, Messieurs“ - ვრცელი წერილის ბოლოს ქართულად დაემშვიდობა საფრანგეთის ყველაზე პოპულარული სარაგბო გამოცემა "მიდი ოლიმპიკი“ მამუკა გორგოძეს და დავით ზირაქაშვილს. დიახ, სამწუხაროდ, უკვე "ნახვამდის“, რადგან ახალმა კორონავირუსმა ტოპ-14-ის წლევანდელი სეზონიც ნაადრევად დაასრულა და ვეტერანი ქართველების კარიერაც. "შემთხვევითი არ არის, რომ ამ ორი დიდი მორაგბის "გაცილებაც“ ისევე მორიდებული გამოდგა, როგორებიც ცხოვრებაში (და არა - მოედანზე! - რ.შ.) არიან. ყველაფერმა ოვაციების და საპატიო წრის გარეშე ჩაიარა, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ დამფასებლების მთელი არმია ჰყავთ და მათ შორის ჩვენც ვართ“, - ამბობენ Midi-Olympique-ში.

"გორგოძილასთან“ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, დღეს კი წაიკითხეთ "კვირის პალიტრის“ მორიგი ექსკლუზივი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო შერკინების ბურჯ დავით ზირაქაშვილთან. ზირაქა "კლერმონის“ ლეგენდაა, პირველი ქართველი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონი გახდა (2010, 2017) და მსოფლიო ნაკრებში ითამაშა. დარწმუნებულია, რომ რაგბიში მწვრთნელად "მიბრუნება“ გვიანი არასდროს იქნება, ახლა კი ახალ გამოწვევას შეეჭიდა და... ისეთი რა უნდა იყოს, შერკინების ბურჯმა ვერ "ასწიოს?! მით უმეტეს - ზირაქასნაირმა ბურჯმა! ბოლოს, ხუთი წლის წინ, ეროვნული ნაკრებიდან მისი წასვლის შემდეგ ვილაპარაკეთ. ამ ჯერზეც შემპირდა, რომ ახალი საქმიანობის შედეგებსაც მორიგი "ხუთწლედის“ შემდეგ - 2025 წელს შევაჯამებთ:

- წლევანდელი სეზონის ბოლოს, ისედაც ვაპირებდი კარიერის დასრულებას, მაგრამ... რას წარმოვიდგენდი, ასე ნაჩქარევად, შუა სეზონში თუ მომიწევდა წასვლა, თორემ, შესაძლოა, მეფიქრა კიდეც კონტრაქტის გაგრძელებაზე... კლერმონშიც ძალიან წყდებათ გული, მეც მწყდება, მაგრამ მსოფლიო ისეთი მდგომარეობაშია, რაგბი რა სალაპარაკოა?! ჩემი კარიერის დასრულება ზღვაში წვეთია ბოლოდროინდელ ამბებთან შედარებით. როგორ შეიძლება, ჩემი პატარა პერსონა რაღაცაზე წინ დავაყენო?

- გასაგებია, რომ ამას თავმდაბლობა გალაპარაკებს. სინამდვილეში კი, ყველამ იცის, რომ ზირაქაშვილი რაგბიში "პატარა“ ვერაფრით იქნება!

- გლობალური ამბების ფონზე - პატარაა, აბა რა?! "კლერმონმა“ ივნისიდან განაახლა ვარჯიში, მეც შემომთავაზეს - თუ სურვილი გაქვს, ჩვენთან ერთად ივარჯიშეო... მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ კონტრაქტი აღარ გავაგრძელე და "მოდი ივარჯიშეს“ რა აზრი აქვს? სიმართლე გითხრათ, დროც აღარ მაქვს.

- ახლა, ყველაზე საინტერესო სწორედ ეს არის: რას საქმიანობს აქტიური რაგბიდან წასული დავით ზირაქაშვილი? - ინტერვიუს ხუთ წელიწადში ერთხელ გაძლევ ხოლმე და 2025 წელს რომ დამირეკავ, ახლანდელ საქმიანობაზე მაშინ ვილაპარაკოთ (იცინის). ნუ მიწყენთ, მაგრამ ამ ეტაპზე, არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. რაგბი არ არის სპორტის ისეთი სახეობა, კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხი-ფეხზე გადაიდო და უზრუნველად იცხოვრო. ამიტომაც, ახალ გამოწვევებს შევეჭიდე, სხვა სფეროში გადავინაცვლე და ჩვეულებრივ ვმუშაობ, როგორც ყველა. ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 07:30-დან გვიან საღამომდე სამსახურში ვარ. იოლი არ არის, მაგრამ ცხოვრება ხომ ყოველდღიური ბრძოლაა.

- ბრძოლაში არავის ჩამოუვარდები, მაგრამ ბოლო ოცი წელიწადია, მხოლოდ რაგბით ცხოვრობდი... მის გარეშე არ გაგიჭირდა? - ჯერ ვერც მივეჩვიე, მაგრამ თვითონ არ გადავწყვიტე სხვა სფეროში გადასვლა? მშვიდად, დაძაბულობის გარეშე ცხოვრება რომ მნდომებოდა, მწვრთნელად მუშაობას დავთანხმდებოდი, რადგან ამაზე კარგად არაფერი ვიცი. ამის მიუხედავად, ჩემთვის ვთქვი: რაგბში ხომ მივაღწიე რაღაცას, ახლა სხვა საქმეც უნდა მოვსინჯო-მეთქი! თამაშის დროსაც ასე ვიყავი - რაც მიზნად დავისახე, ყველაფერს მივაღწიე. დარწმუნებული ვარ, რომ მაქვს მწვრთნელისთვის საჭირო თვისებები და ცოდნა, თანდათანობით, გამოცდილებასაც დავაგროვებდი, მაგრამ გავაცნობიერე, რომ რაგბიში მწვრთნელად დარჩენა ჩემთვის... სიახლესთან შეჯახების შიშის დადასტურება იქნებოდა! მჯერა, რომ კარგი და ცუდი გადაწყვეტილება არ არსებობს: გადაწყვიტე? შეასრულე და ეცადე, სანანებელი არ გაგიხდეს. თუნდაც "ცხვირი წავიმტვრიო“ ახალ საქმიანობაში, არ ვინანებ - მხოლოდ ჩემი ბრალი იქნება, ხომ არავის დაუძალებია?! ჯერ-ჯერობით, წარმატებით მივყვები გეგმას, შედეგებზე კი ხუთი წლის შემდეგ ვილაპარაკოთ.

- არადა, სწორედ ხუთი წლის წინანდელ ინტერვიუში მითხარი: მწვრთნელობა უცხო არ არის ჩემთვის, "კლერმონიდან“ ვერნ კოტერი რომ წავიდა, ვარჯიშებს, ფაქტობრივად, მე ვატარებდიო! - ასეც იყო, რადგან ყველაზე კარგად სწორედ რაგბი ვიცი. სანამ ბოლო კონტრაქტს მოვაწერდი ხელს, სერიოზული შემოთავაზებაც მქონდა და მწვრთნელად მუშაობის სურვილიც. მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ ცხოვრება მხოლოდ რაგბი არ არის. შეგიძლია, რაღაც სხვაც გააკეთო - არანაკლები სიამოვნების მომტანი. რაგბის თავისი სამყარო აქვს, ყველანაირი კომფორტით და ხელშეწყობით. პირსახოციც კი არ მიმქონდა ვარჯიშზე, ბუცებზე ქაცვების შეცვლაც კი არ გვევალებოდა... მაგრამ საბოლოო ჯამში, ვინ ხარ და რას აკეთებ?! ხარ ერთი განებივრებული ტიპი, რომელსაც ყველაფერი გამზადებული ხვდება, მხოლოდ მოედანზე გასვლა და თამაში ევალება. ასეთ ყოფას მიჩვეული, ცხოვრებას როგორღა უნდა დაეჯახო?!

- და გადაწყვიტე - "დაეჯახო“, უარი თქვა "მშვიდ“ ცხოვრებაზე!

- საფრანგეთში, უფრო მეტი მეგობარი ყოველთვის რაგბის მიღმა მყავდა და ეს ნაბიჯი მათმა მხარდაჭერამაც გადამადგმევინა. ახალ სფეროში გადავინაცვლე, მაგრამ თუ რაგბიში დაბრუნებას გადავწყვეტ, მაგალითად - შერკინების მწვრთნელად, ამის გაკეთებას სამი, ხუთი ან შვიდი წლის შემდეგ ვეღარ შევძლებ?! 5 და 10 წელიწადში რა დამავიწყებს იმას, რასაც მთელი ცხოვრებაა ვაკეთებ?! არის ქალაქები (ტულონი, ტულუზა, კლერმონი და სხვ.), რომლებიც რაგბით ცხოვრობენ, სადაც ჰაერშიც კი რაგბის სუნი ტრიალებს. ასე რომ, ძალიანაც რომ მინდოდეს, კლერმონში რაგბის ვერ მოვწყდები. და თუ რაგბიში დაბრუნება გადავწყვიტე, გვიან არასდროს იქნება!

- უკვე შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთმა გადაიტანა პანდემია? როგორ ცხოვრობს ქვეყანა დღეს? - პანდემიამ გვაჩვენა, რომ ასეთ გამართულ ქვეყანასაც კი არ შეუძლია ყველაფრის მართვა, რომ არც სისტემა ყოფილა ისე კარგად გამართული, როგორიც ეგონათ. საწყის დღეებში, ამ ყველაფერმა დიდი ქაოსი და პანიკა გამოიწვია, თუმცა ამჟამად, მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. სამედიცინო საკითხები უკვე მეორე პლანზეა და მთავარი ყურადღება ეკონომიკის "გაცოცხლებას“ ექცევა. ფრანგები უფრო სხვანაირები, ქართველებზე მეტად დისციპლინირებულები მეგონა. და ძალიან მიხარია, რომ პირიქით მოხდა - ჩემს სამშობლოში გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საქმეს და შედეგიც სახეზეა.

- "კლერმონში“ 16 სეზონი გაატარე. ტოპ-14-ის მოთამაშეთაგან, ბევრი ვერ დაიკვეხნის ასეთი სტატისტიკით და ერთგულებით! ტყუილად კი არ გიწოდებენ "კლერმონის ლეგენდას“, რომელიც არამხოლოდ ერთგულებით, სტაბილური თამაშით და მატჩების რაოდენობითაც გამორჩეულია. - სტატისტიკურ მონაცემებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, თუმცა, როგორც ვიცი, ნათამაშები მატჩების მიხედვით, კლუბის ისტორაში მეოთხე-მეხუთე პოზიციაზე ვარ, ბურჯებს შორის კი, მგონი - სულაც პირველი (დავით ზირაქაშვილს "კლერმონის“ მაისურით ნათამაშები აქვს 337 მატჩი: 263 საფრანგეთის ჩემპიონატში, 65 "ჰეინეკენის თასზე“ და 9 - ევროჩელენჯზე. - რ.შ.). სტატისტიკაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ აქაურებს ძალიან ვუყვარვარ! ქუჩაში მაჩერებენ, უამრავ მეილს და შეტყობინებას ვიღებ, ფოსტალიონსაც კი მოაქვს წერილები! კლუბის ქომაგებს ძალიან დაწყდათ გული, ჩემთან გამომშვიდობება რომ ვერ შეძლეს, მაგრამ იმედი მაქვს, მეც მომეცემა შესაძლებლობა, მადლობა ვუთხრა წლების განმავლობაში მიღებული სითბოს და სიყვარულისთვის. ვუთხარი კიდეც ერთ ფრანგ ჟურნალისტს - კლერმონელი ქომაგისგან მართლაც გათამამებული მოთამაშე ვიყავი, რადგან ამ ხალხისგან ჩემი კრიტიკა არასდროს გამიგია-მეთქი!

- გამოსათხოვარი შეხვედრა პოსტკორონულ პერიოდში მაინც არ იგეგმება?

- გამოსათხოვარ მატჩს არ ვითამაშებ. თითქმის სამი თვეა, პროფესიულ დონეზე აღარ მივარჯიშია, ტოპ-14-ში კი ისეთი დატვირთვებია, უვარჯიშებელმა რომ ითამაშო, მოედნიდან საკაცით გაგატანენ და შესაძლოა, ჯანმრთელობაც დაიზიანო... თუმცა, ისეთი გამოსათხოვარი მატჩი - საღამოს რომ მიხვალ გამოპრანჭული და ქება-დიდებას მოისმენ, ალბათ, იქნება... ჩემთვის, ჯერ არაფერი უთქვამთ, მაგრამ ვგრძნობ და ვხედავ, ჩუმად როგორ ფუსფუსებენ, რაღაცებს გეგმავენ, დიდი ამბებისთვის ემზადებიან. არადა, სულ სხვა ემოციაა, როცა ოფლიანი, დაღლილი, ბოლომდე დახარჯული შემოურბენ მოედანს და ერთგულ გულშემატკივარს მადლობას ეტყვი. ახლა, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს, შუა გზაზე გავჩერდი, დაუმთავრებლობის შეგრძნება მაქვს. არა უშავს, მაინც მივალ, დავემშვიდობები ერთგულ ქომაგებს და მადლობას ვეტყვი. სიყვარულის მეტი არაფერი მინახავს მათგან. ამ მხრივ ძალიან ერთგულები არიან - თუკი ვინმე შეიყვარეს, ამ სიყვარულს ბოლომდე ინარჩუნებენ...

- როცა მითხარი, გამოსათხოვარ მატჩს არ ვითამაშებო, შარშან, "ტულუზასთან“ წაგებული ფინალის შემდეგ, ვერცხლის მედალზე ნათქვამი უარი გამახსენდა... - შვიდჯერ ვითამაშე ტოპ-14-ის ფინალში და ხუთჯერ დავმარცხდით - რაღად მინდა ამდენი ვერცხლის მედალი? თანაც, არც ვიცი ნივთების მოფრთხილება, სულ ვკარგავ ხოლმე. ჩემი მეუღლე რომ არა, ჯილდოების ნახევარიც არ შემრჩებოდა. ბევრი, ალბათ, იფიქრებს - რაც მოიგო, იმის ღირსიც არ ყოფილაო, მაგრამ მართლაც არ ვგავარ იმ ხალხს, ყველა თასი, სიგელი და მაისური შენახული რომ აქვთ... ფინალში წაგება დიდი იმედგაცრუებაა და მნიშვნელობა აღარა აქვს, ერთიდაიგივე სინჯის მედალი 3 მექნება თუ - 12. ისე, ერთხელ ჩემი მეგობრის ძმამ მოსწრებულად იხუმრა - რად უნდა ამდენი ვერცხლი, იუდა ხომ არ არისო (იცინის)?!

- ფინალურ მატჩებში ქართველი მორაგბეების წინააღმდეგაც ბევრჯერ გითამაშია. რას გრძნობთ ხოლმე ამ დროს?

- ქართველ პირველხაზელთან თამაში ყველაზე ცუდი შეგრძნებაა ჩემთვის. განსაკუთრებით, საწყის სეზონებში მიჭირდა ხოლმე. არასდროს დამავიწყდება: როდესაც გოდერძი შველიძე "კლერმონიდან“ "მონტობანში“ გადავიდა და ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა, თამაშის დაწყებამდე მითხრა - "დათუს“ (ასე მეძახის ხოლმე), იცოდე, არაფრის მოგერიდოს, ეს თამაშია და 80 წუთის განმავლობაში ბოლომდე უნდა იბრძოლოო! იმ დროს, ჯერ პატარა ბიჭი ვიყავი და გოდერძის რას დავაკლებდი, მაგრამ ჩემთვის, მთავრია იყო მისი სიტყვები, რომლითაც ყველანაირი მორიდება მომხსნა... და მოგვიანებით, როცა ახლა უკვე მე თვითონ ვხვდებოდი ახალგაზრდა ქართველ პირველხაზელებს (ნარიაშვილს, კაკოვინს და სხვებს), იგივეს ვეუბნებოდი - ბიჭებო, ხომ იცით, უნდა ვიჭიდაოთ და არაფრის მოგერიდოთ-მეთქი!

- შენ გოდერძის რჩევა გახსოვს, მე კი, - 2015 წელს შენგან მოსმენილი სიტყვები: ჩემს პოზიციაზე ნაკრებს პრობლემა რომ ჰქონდეს, არ წავიდოდიო...

- ასეც არის! ნაკრებიდან წასვლაზე წუთითაც არ დავფიქრებულვარ, რადგან პირველ ხაზში ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ და ახლაც არიან. ღმერთმა დამიფაროს, ეს არ მიხაროდეს, ამის გამო ვიბოღმებოდე... ქედმაღლობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ დავუშვათ, არ გადამეწყვიტა ნაკრებიდან წასვლა, ვინმე მეტყოდა - შენი დრო წავიდა, აღარ ითამაშოო?! ვერასდროს გავუგებ იმ ხალხს, ბოლომდე რომ ებღაუჭებიან ადგილს, 40 წლამდე უნდათ გუნდში ადგილის შენარჩუნება და სანამ ვინმე არ აიძულებს, ახალგაზრდებს ადგილს არ უთმობენ.

- მთავარი, რაც ახალგაზრდა მოთამაშეს სჭირდება, სათამაშო პრაქტიკა და ნდობაა. - რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ პირველად რომ ვითამაშე, პეტრუ ბალანი მაშინ კარიერის პიკში იყო და პატარა ბიჭი რას დავაკლებდი?! იმ თამაშის შემდეგ, მწვრთნელებს თავისუფლად შეეძლოთ, ჩემთვის ხაზი გადაესვათ და სახლში გავეშვი, მაგრამ... შანსი მომდევნო თამაშებშიც მომცეს და ნდობა გავამართლე კიდეც. დიახ, შეიძლება დამავიწყდეს რომელიმე თამაში, ან სტატისტიკური მონაცემები, მაგრამ ადამიანების საქციელი არასდროს მავიწყდება! არც კარგი, არც - ცუდი... ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი იყო ადამიანი, ვინც მენდო, შანსი მომცა, კარიერის სხვადასხვა ეტაპზე დამეხმარა... დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, ისინი რომ არა, ალბათ, რაგბის საერთოდ არ ვითამაშებდი. გვარებს კი მაინც არ ჩამოვთვლი, ვინმე რომ არ გამომრჩეს.

- ბოლო მწვრთნელი, ვისი ხელმძღვანელობითაც ნაკრებში ითამაშე, იყო მილტონ ჰეიგი. როგორ აფასებ ეროვნულ ნაკრებში ზელანდიელის რვაწლიან მუშაობას? - მე და მილტონს განსხვავებული შეხედულება გვქონდა რაგბიზეც და ცხოვრებაზეც. ურთიერთობაც გვიჭირდა იმის მიუხედავად, რომ ჰეიგის საქართველოში ჩამოსვლაში გარკვეული როლი მეც ვითამაშე ... და სანამ მილტონზე და მის წინამორბედ უცხოელებზე ვილაპარაკებ, გეტყვით, რომ ყველაზე მაგრად მახსენდება 2007 წლის მსოფლიო თასზე ნაჩვენები თამაშები - ქართველი მწვრთნელების თავკაცობით. ირლანდიასთან საოცარი შეხვედრა ყველას ახსოვს, 60 წუთი მაგრად ვეომეთ არგენტინას, რომელმაც საფრანგეთს მოუგო და მოვიგეთ ისტორიული შეხვედრა ნამიბიასთან. სამწუხაროდ, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი დიდი სხვაობით წავაგეთ საფრანგეთთან, რადგან ჩვენმა მწვრთნელებმა შანსი მისცეს მორაგბეებს, რომლებსაც მანამდე არ უთამაშიათ. ასე რომ, თუ მხოლოდ არგენტინასთან, ირლანდიასთან და ნამიბიასთან მატჩებს გავიხსენებთ, ასეთი შედეგი არცერთ მომდევნო მსოფლიოზე არ გვქონია. იმის მიუხედავად, რომ 2015-ში ორი მატჩი მოვიგეთ (ტონგა კი ბატონო, მაგრამ ნამიბიასთან გამარჯვება თუ ვინმეს დიდი ამბავი ჰგონია, მისი საქმეა).

- ტიმ ლეინი და რიჩი დიქსონი. - ქართველი მწვრთნელები ჩაანაცვლეს ავსტრალიელი ტიმ ლეინით, რომელიც 2011 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების პროცესში გაუშვეს და პოსტი რიჩი დიქსონს ჩააბარეს. დიქსონი "მეგობრულად“ გამოგზავნეს IRB-დან - ქართული რაგბის განვითარებისთვის უნდა მიექცია ყურადღება. "კარგი ტიპი“ იყო, მაგრამ რაგბის და მით უმეტეს მწვრთნელობისგან - საკმაოდ შორს მყოფი! ეს გამოჩნდა კიდეც 2011 წლის მსოფლიო თასზე.

- მომდევნო ორი მსოფლიო თასი ბორჯღალოსნებმა მილტონ ჰეიგის თავკაცობით ითამაშეს. რა არ მოგწონდა მის მუშაობაში? - ვერ გეტყვით, ჩვენ რა CV-ით "მოგვყიდეს“ ჰეიგი, მაგრამ მისი ყოფილი შედგირდებისგან ვიცი, რომ ზელანდიაში მილტონი ბავშვების მწვრთნელი იყო! რაგბის კავშირის მაშეინდელმა პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ მკითხა - ჰეიგს ვერნ კოტერი (ცნობილი ზელანდიელი მწვრთნელი, "კლერმონის“, "მონპელიეს“, შოტლანდიის ნაკრების ყოფილი და ფიჯის ამჟამინდელი თავკაცი. - რ.შ.) როგორ ახასიათებსო? კოტერისგან ვიცოდი, რომ ჰეიგი მისი მეგობარი და ძალიან კარგი მწვრთნელი იყო. არც არის გასაკვირი, რომ მეგობარს გაუწია რეკომენდაცია... მოკლედ, ჩამოვიდა მილტონი და ჰქონდა კიდეც გარკვეული პროგრესი - განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გვერდით პასებზე, შეკრებებს აწყობდა საქართველოში მოთამაშე მორაგბეებისთვის და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ, ჰეიგს არ გააჩნდა საკმარისი ზურგი, საქართველოს ნაკრები რომ ეტარებინა, ჩააცვეს "ქურთუკი“, რომელიც დიდი ჰქონდა! არც თქვა, დიდი მაქვსო და ვითომ მოირგო კიდეც, მაგრამ... ისეთ მოთამაშეებთან, ყველა დონეზე რომ უთამაშიათ და ხასიათიც თავისებური აქვთ, სხვანაირი მენეჯმენტი იყო საჭირო. მორაგბის თვალში ავტორიტეტს რომ დაკარგავ, აღარც მოგისმენს. ზელანდიელი არც იყო დამნაშავე - ჩვენ მოვიყვანეთ, ჩვენ ჩავაცვით ზომაზე "დიდი ქურთუკი“ და რაც ყველაზე სამწუხაროა - მაშინდელ მმართველობას აწყობდა ასეთი მდგომარეობა.

- მაინც, როგორი მწვრთნელი სჭირდება საქართველოს ნაკრებს? - მწვრთნელი-მენეჯერი, რომელსაც ისიც ეცოდინება, როგორ ავარჯიშოს გუნდი მაგრამ პირველ რიგში, ურთიერთობების დამყარება, გუნდის შეკვრა, მისი მოყვანილი მწვრთნელის შეცდომების შემჩნევა და აღმოფხვრა შეეძლება. ადამიანი, რომელიც მოვლენებს გვერდიდანაც დააკვირდება და ეყოლება მწვრთნელთა გუნდი, რომელსაც პასუხს მოსთხოვს. საქართველოს ნაკრებში 25-კაციანი "სტაფი“ რომ მუშაობდა, ჰეიგის ბრალია? მილტონმა ლამის თავისი ყველა მეგობარი დაასაქმა საქართველოს ნაკრებში, მაგრამ სხვებიც ანალოგიურად მოიქცევიან, თუ ამის შესაძლებლობას მისცემ... დღემდე მწარედ მახსოვს: როგორც კი უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდა, რიჩი დიქსონის ჩამოყვანილმა ერთ-ერთმა მწვრთნელმა შუა გზაში მიგვატოვა და ირლანდიურ "კონაკში“ გადაბარგდა. კლუბიდან ერთ წელიწადში გამოაგდეს, ჩვენთან დაბრუნდა და... ისევ მივიღეთ საქართველოს ნაკრებში! ან ლოგიკა სად არის აქ, ან ღირსება?! კაცი არაფრად გაგდებს, ფაქტობრივად, ხელფასის ასაღებად არის ჩამოსული, შუა გზაში მიგატოვა და ხელმეორედ აგრძელებ მასთან თანამშრომლობას? ასეთ რაღაცებს რომ ვხედავდი საქართველოშიც და სხვაგანაც, ჩემს გადაწყვეტილებაზე ამანაც იმოქმედა...

- ძალიან გულდაწყვეტილი ყოფილხარ... - ყველაზე კარგად ის პერიოდი მახსენდება, როცა ნაკრებში ქართველი მწვრთნელები მუშაობდნენ. იმაზე ნაკლები პირობები გვქონდა, ვიდრე მომდევნო წლებში, მაგრამ ერთნაირად ვხედავდით ყველაფერს, თამაშის წინ კი, გასახდელში ისეთი ერთიანობა იყო, სხვა დროს არასდროს მინახავს... ნაკრებში 25-კაციანი "სტაფი“ რომ გყავს და ნახევარზე მეტი ისე მოიყვანე, მოთამაშეებს არც კი გააცანი, როგორღა ვართ "ერთი ოჯახი“? თუ მართლაც ერთი ოჯახის წევრები ვართ, არ უნდა მითხრა, ვინ მოგყავს და რატომ?! ბიჭებმა ხომ უნდა "აღიარონ“ მწვრთნელი, მათთვის ავტორიტეტი ხომ უნდა იყოს?!

- ბოლოს, ქომაგებზეც გკითხავ: რით განსხვავდება ფრანგი და ქართველი გულშემატკივარი? - მოდით, კითხვა ასე დავსვათ: ქართველი ქომაგი რაგბის გულშემატკივარია, თუ - ქვეყნის? იმ ქომაგებიდან, რომლებიც ნაკრების თამაშებს ესწრებიან, რამდენი მიდის ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე? არ გეგონოთ, ვინმეს ვემდური, ან ვსაყვედურობ, მაგრამ მაინც მგონია, რომ რაგბის გულშემატკივრობა სხვა რამეს ნიშნავს. ქვეყნის ქართველებზე მაგარი გულშემატკივრები არსად მინახავს, საოცრად ქომაგობენ რაგბსაც, ფეხბურთსაც, ჭიდაობასაც, ძალოსნობასაც და სხვა სახეობებსაც. საქართველოში რაგბი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორია მხოლოდ სამ ათეულ წელს ითვლის და ამ მოკლე პერიოდში როგორც შეიყვარა ხალხმა, ნამდვილი სენსაციაა! თუმცა, კარგი იქნება, თუ ნაკრების გულშემატკივრები შიდა რაგბსაც უფრო აქტიურად დაუწყებენ ქომაგობას.