სომხეთამდე ერთით დავწინაურდით - კვირის პალიტრა

სომხეთამდე ერთით დავწინაურდით

გურული თითქმის გამოირიცხა

ფიფას მიერ ახლახან გამოქვეყნებულ მსოფლიო რეიტინგში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კიდევ ერთი საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 71-ე ადგილი უჭირავს. უახლოეს მატჩს თემურ ქეცბაიას შეგირდები 9 თებერვალს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ჩაატარებენ სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ და წარმატებული სვლის გაგრძელებას შეეცდებიან. აქამდე ქართველები და სომხები ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქედან ორჯერ - სწორედ კვიპროსზე. ლიმასოლი ჩვენთვის წარმატების მომტანი ქალაქია - 2000 წელს 2:1 დავამარცხეთ მეზობლები, ოთხი წლის შემდეგ კი ნიქოზიაში სომხებმა 2:0 მოგვიგეს. რაც შეეხება საშინაო შეხვედრებს, 2000 წელს ერევანში ჩატარებული მატჩი 0:0 დასრულდა; აი, 1997 წელს თბილისში გამართული თამაშის შედეგი კი ორივე მხარეს "ტკბილად" ემახსოვრება - იმ შეხვედრაში სომხეთის ნაკრები 7:0 გავანადგურეთ. მას შემდეგ 13 წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა, ჩვენი კარის მეზობლებისთვის საქართველოსთან ყველა შეხვედრას მაშინდელი "სურნელი" ასდის და იმიტომაც იქადნება სომეხთა "მხედართმთავარი" ვარდან მინასიანი, ქართველებთან მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უძლიერესი შემადგენლობა შევკრიბეთო.

რაც შეეხება ქეცბაიას გუნდს, მის მიერ სასომხეთოდ ჩამოწერილი შემადგენლობიდან, ჯერჯერობით ყველა მწყობრშია. საეჭვო მხოლოდ ბოლო მატჩის ერთ-ერთი გმირის - სანდრო გურულის თამაშია. გურულმა შეკრებაზე მყოფი მისი გუნდის - ლვოვის "კარპატისა" და ნორვეგიული "ოლესუნდის" მატჩისას ბარძაყის კუნთი დაიზიანა და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის, დიდი შანსია, გია გურულის ვაჟმა ლიმასოლში თამაში ვერ შეძლოს. და კიდევ ერთი დეტალი: არახალია, კვიპროსზე თემურ ქეცბაია გამორჩეულად რომ უყვართ. ფამაგუსტას "ანორთოსისში" გატარებული შთამბეჭდავი კარიერის შემდეგ, კუნძულელთათვის თემური ნამდვილ გმირად იქცა და რამდენიმე დღის წინ 14-ნომრიანი მაისური, რომლითაც საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი "ანორთოსისში" თამაშობდა, სამუდამოდ ქეცბაიას გადასცეს და ამ ნომრით კლუბში აღარავინ ითამაშებს. სხვათა შორის, თემურის ცოლის, კატერინას ინიციატივით, სპეციალურად სომხეთთან მატჩისთვის ეროვნული ნაკრების უზარმაზარი 14-ნომრიანი მაისური შეიკერა და 9 თებერვალს ის ლიმასოლის სტადიონის ტრიბუნაზე გამოიფინება.