ფაჩულია ლიტვაში არ ჩავაო? - კვირის პალიტრა

ფაჩულია ლიტვაში არ ჩავაო?

რუსებმა ლიდერის გარეშე "დაგვტოვეს"

მას შემდეგ, რაც ევროპის 2011 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა, კომენტარები არ წყდება იმის თაობაზე, "ვის უფრო გაუმართლა", "ვინ არის ამა თუ იმ ქვეჯგუფის ფავორიტი" და ა.შ. პროგნოზებით D ჯგუფის (სლოვენია, რუსეთი, ბელგია, საქართველო, ბულგარეთი, უკრაინა) წარმომადგენლებიც "გვამარაგებენ", თუმცა, რაც უნდა "გასაკვირი" იყოს, ყველაზე მეტი ორიგინალურობითა და "ობიექტურობით" რუსები გამოირჩევიან. ქვეჯგუფის მეტოქეების დახასიათებისას ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ირწმუნებიან, "ამოუცნობი" საქართველოს გარდა, ყველა მეტოქესთან გვითამაშიაო. რუსებს ცოცხალი თავით არ სურთ სანჯორჯიოს ტურნირის გახსენება, სადაც ამ რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრებმა მათ ეროვნულ გუნდს 87:71 მოუგო. ბუნებრივია, დღეს რუსეთის ნაკრები გაცილებით ძლიერი გუნდია, თუმცა, ეს სულაც არ აკნინებს ქართველთა წარმატებას.

ეს რაც შეეხება წარსულს, თუმცა, როგორც ჩანს, რუს "ექსპერტებს" მომავლის პროგნოზირებაც ისეთივე "წარმატებით" შეუძლიათ, როგორც რამდენიმე წლის წინანდელი მოვლენების გახსენება. მაგალითად სახელგანთქმული ალექსანდრე გომელსკის ვაჟის, ვლადიმირ გომელსკის ნააზრევიც გამოდგება. გაზეთ "სოვეტსკი სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ცნობილმა კომენტატორმა რუსეთის ნაკრების ყველა მეტოქე დაახასიათა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებულ ციტატას შემოგთავაზებთ: "ქართველებს საინტერესო გუნდი ჰყავთ. მათ განკარგულებაში ორი კარგი ცენტრია, თუმცა, საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრები არათანაბრად არის დაკომპლექტებული. თანაც, საკითხავია, ჩავა კი ლიტვაში ცენტრალური ზონის ორივე ვარსკვლავი? "ოლიმპიას" ახალგაზრდა ცენტრი გიორგი შერმადინი აუცილებლად ითამაშებს, იმაში კი, ლიტვაში ზაზა ფაჩულია რომ ჩავა, ნამდვილად არა ვარ დარწმუნებული".

საინტერესოა, დაესიზმრა თუ რის საფუძველზე აკეთებს ბატონი გომელსკი ასეთ დასკვნას? ნეტავ რომელი მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირი რომ გამოტოვოს? როგორც ჩანს, ვლადიმირ გომელსკის ისე ძალიან უნდა ჩვენი გუნდი ერთ-ერთი ლიდერის გარეშე იხილოს, უკვე "განაჩენიც" გამოგვიტანა - "ევრობასკეტი ფაჩულიას გარეშე!"