"ქართული დღეები" გიბრალტარში - კვირის პალიტრა

"ქართული დღეები" გიბრალტარში

გიბრალტარის პრესტიჟული ტურნირი სამივე ქართველი მოჭადრაკისთვის წარმატებული გამოდგა: ნანა ძაგნიძემ (2550), სალომე მელიამ (2449) და გიორგი ყაჭეიშვილმა

(2585) ტურნირი 7-7 ქულით დაასრულეს, თუმცა, ბუნებრივია, დამატებითი მაჩვენებლების გამო სხვადასხვა პოზიციაზე გავიდნენ. ქალთა შორის, პირველ ადგილზე ძაგნიძე გავიდა, მეორეზე - მელია. რაც შეეხება საერთო ჩათვლას, იქ ნანას მე-6 პოზიცია ერგო, სალომეს კი, რომელსაც შვიდქულიანთა შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა - მეცამეტე. გიორგი ყაჭეიშვილი საერთო ჩათვლაში მელიას მომდევნო, მე-14 ადგილზე გავიდა.

გიბრალტარის ტურნირში 150 მოჭადრაკე მონაწილეობდა და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენებურებმა ისეთი ძლიერი დიდოსტატები ჩამოიტოვეს უკან, როგორიც მაიკლ ადამსი, დანიელ ფრიდმანი, ტატიანა და ნადეჟდა კოსინცევა, ანტოანეტა სტეფანოვა, პია კრამლინგი, ჰარიკა დრონოვალი და სხვა ცნობილი მოჭადრაკეები არიან, მათი გამოსვლა მართლაც წარმატებულად უნდა შეფასდეს. გაგვახარა სალომე მელიამ, რომელმაც არაფერი დაუთმო გაცილებით მაღალრეიტინგიან მოწინააღმდეგეებს.

ყველაზე მეტად მაინც ის გვახარებს, რომ ჩინებულ ფორმაშია ნანა ძაგნიძე, ქართველ დიდოსტატს ხომ ორ კვირაში ფიდეს გრან-პრის დასკვნითი ტური აქვს სათამაშო. ამ ტურნირისთვის ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უნდა ემასპინძლა ჩილეს, მაგრამ დამანგრეველი მიწისძვრის გამო გრან-პრის ბოლო ტურის თარიღიც შეიცვალა და მასპინძელიც: ასპარეზობას, რომელიც 20 თებერვლიდან 6 მარტამდე გასტანს, კატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს. საერთო ჩათვლაში ძაგნიძე ლიდერობას ინარჩუნებს და თუ დოჰაში პირველ ან მეორე ადგილზე გავიდა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მოქმედ ჩემპიონ ჰოუ იფანთან ბრძოლაში მონაწილეობის უფლებას მიიღებს.