უეფა "იუდას" ტრანსფერს გამოიძიებს - კვირის პალიტრა

უეფა "იუდას" ტრანსფერს გამოიძიებს

ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც ფერნანდო ტორესი "ლივერპულიდან" ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა და ამ ტრანსფერს უკვე მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი.

მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ "ინგლისური ფეხბურთი ჭკუიდან შეიშალა" და ძნელია, ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ფეხბურთში მთავარი სწორედ ფული გახდა. სიგიჟის მეტი რა უნდა დაარქვა იმას, რომ მარტო სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ჩელსიმ" და "ლივერპულმა" ოთხი ფეხბურთელის შეძენაში 153 მილიონი ევრო დახარჯეს! ტორესის (57,5 მილიონი ევრო) გარდა, ლონდონელებმა "ბენფიკადან" დავიდ ლუისიც (30 მილიონი) შეიძინეს. რაც შეეხება "ლივერპულს", "ელ ნინიოს" კი შეელია, მაგრამ მერსისაიდულმა კლუბმა მის სანაცვლოდ ორი ახალი ფორვარდი - ლუის სუარესი (26,5 მილიონი ევრო) და ენდი ქეროლი (40 მილიონი) დაიმატა.

ყველაზე ხმაურიანი მაინც ტორესის ტრანსფერი აღმოჩნდა. რომან აბრამოვიჩის მიერ ესპანელ ფორვარდში გადახდილი 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი სარეკორდოა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ "წითლების" მაისურით ჩატარებულ 142 შეხვედრაში ტორესმა 81 გოლის გატანა მოახერხა, "ლივერპულის" ფანებისთვის ის უკვე "იუდად" და "მოღალატედ" იქცა და ფერნანდოს 9-ნომრიანი მაისური სახალხოდაც დაწვეს. ამასობაში უეფა ტრანსფერის საქმის გამოძიებას აპირებს. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში აინტერესებთ, ყველაფერი კანონიერი იყო თუ არა "ჩელსისა" და "ლივერპულს" შორის გარიგებაში. უეფას მიერ დანერგილი ფინანსური ფეირპლეი ძალაში ზაფხულიდან შევა და მისი მიზანი კლუბების მუშაობის გამჭვირვალობა იქნება. ფეირპლეი არც ერთ კლუბს მოთამაშეების ყიდვას არ დაუშლის, უბრალოდ, სეზონის ბოლოს მას საბუღალტრო ბალანსს მოსთხოვს.