10 ლელო პირველივე მატჩში - კვირის პალიტრა

10 ლელო პირველივე მატჩში

საქართველო 82:3 უკრაინა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის "ერთა თასის" ახალი გათამაშება დაგეგმილი გამარჯვებით დაიწყო. ბორჯღალოსნები არსებობის ისტორიაში მერვედ დაუპირისპირდნენ უმაღლეს დივიზიონში ახლახან აღზევებულ უკრაინის ნაკრებს და მოკრძალებულ მეტოქეს ისევ დიდი ანგარიშით სძლიეს. "ერთა თასზე" ამიერიდან ქულათა დარიცხვის ახალი სისტემა ამოქმედდა - თითოეული გამარჯვებისთვის გუნდი 4 ქულას იღებს, ფრე კი 2 ქულად ფასობს. ამას გარდა, მატჩში ოთხი ან მეტი ლელოს გატანის, ან 7 და ნაკლები ქულით დამარცხებისთვის ნაკრები დამატებით ერთ პრემიალურ ქულას იმსახურებს. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ პროგრამა-მინიმუმი ჩვენმა ნაკრებმა პირველივე ტაიმში შეასრულა და ოთხი ლელოთი გაუმასპინძლდა სტუმრებს.

სულ კი რიჩი დიქსონის შეგირდებმა, რომელთაც საქართველოს 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენმა და მორაგბემ - დავით ზირაქაშვილმა უკაპიტნა,  უკრაინას 10 ლელო გაუტანეს, რასაც 6 გარდასახვაც დაუმატეს და 62:3 გაიმარჯვეს.

უკრაინის ნაკრებმა ბოლოს თბილისში 2005 წლის თებერვალში ითამაშა და 0:65 დამარცხდა. წელს იგივე ანგარიში ვეღარ გავიმეორეთ, თუმცა, მთავარი ანგარიში კი არა, ახალი მოთამაშეებისა და ტაქტიკა-სტრატეგიის გამოცდა იყო და არა მხოლოდ ამ მატჩში - შემოდგომაზე ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი "ერთა თასის" ყველა შეხვედრას გამოიყენებს.

საქმეში ორი დებიუტანტი ვნახეთ - ვახტანგ მაისურაძე "სენ-ნაზერიდან" და ასევე ფრანგული "ფიჟაკის" 21 წლის უკანახაზელი ბექა ურჯუკაშვილი. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა ლელო სადებიუტო მატჩშივე გაიტანა. მის გარდა, ლელო კაჭარავამ (ორი), ნატრიაშვილმა, სამხარაძემ, გუგავამ, მაჩხანელმა, ზირაქაშვილმა, აბუსერიძემ და ჩხაიძემ გაიტანეს.