მალე, ო,მალი! - დვალიშვილმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო - კვირის პალიტრა

მალე, ო,მალი! - დვალიშვილმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო

მერაბ დვალიშვილი აღარ ხუმრობს. უფრო სწორად, რინგს მიღმა ხუმრობა ძალიანაც უყვარს, ორთაბრძოლისას კი ისევე სერიოზულად და გამართულად "მუშაობს", როგორც მის მეტსახელს (The Machine - "მანქანა". - რ.შ.) შეეფერება. რამდენიმე დღის წინ 29 წლის მებრძოლმა ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაცია UFC-ს ეგიდით გამართულ შეხვედრაში. მერაბს ამერიკელ რეი ბორგთან უნდა ეჩხუბა, თუმცა დაგეგმილ თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე ბრძოლა გაუქმდა (ოფიციალურ მიზეზად ბორგის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა) და ქართველს სასწრაფოდ გამოუძებნეს ახალი მოწინააღმდეგე – Combat America-ს ჩემპიონი გუსტავო ლოპესი. სამოცდაათამდე ზუსტი დარტყმა, 13 გდება (სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მორიგი რეკორდი. - რ.შ.) და დამაჯერებელი გამარჯვება - მერაბ დვალიშვილი სტატისტიკასაც ნაბიჯ-ნაბიჯ აუმჯობესებს და ყოველი მოგების შემდეგ ცდილობს შეხვედრაზე რეიტინგის სათავეში მყოფი მებრძოლებიც დაითანხმოს.

- ბორგთან შესახვედრად კარგა ხნის განმავლობაში ემზადებოდი. დაგეგმილ ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე მოწინააღმდეგის შეცვლა რისი ბრალი იყო? ოფიციალურ მიზეზად რეის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა...

- აქ ყველამ იცის, რომ რეი ბორგის სამი წლის შვილს დაუნის სინდრომი აქვს. ჩემთან ბრძოლაზე რომ დათანხმებულიყო, ბორგმა ორგანიზაციას კონტრაქტის გახანგრძლივება და ანაზღაურების გაზრდა მოსთხოვა. არ მინდა ამ თემაზე ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც კი ახალი ხელშეკრულება გაინაღდა, რეიმ ჩემთან ბრძოლაზე უარი თქვა.

- ბევრჯერ გითქვამს, რომ მზად ხარ ნებისმიერ დროს ნებისმიერს შეხვდე, მაგრამ როცა კონკრეტული მატჩისთვის ემზადები, ცდილობ გასაღები მოუძებნო მომავალი მეტოქის სტილსა და ტაქტიკას. ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე ახალ მოწინააღმდეგეზე "გადაწყობა" რთული არ არის? - UFC-ში ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ ორგანიზაციაში გარკვეული პროგრესი მქონდა, ასეთი შემთხვევითი, ნაუცბადევი ორთაბრძოლები კი ყოველთვის სარისკოა. მიხარია, რომ მორიგი გამარჯვება მოვიპოვე.

- გუსტავო ლოპესი Combat America-ს გამარჯვებულია. რისი თქმა შეიძლება ამ ტურნირსა და მის ჩემპიონზე? - Combat America MMA-ს (შერეული საბრძოლო ხელოვნება) პროფესიული ორგანიზაციაა. UFC-ს მასშტაბის არ არის, მაგრამ საკმაოდ ძლიერ ტურნირს ატარებენ და სუსტი სპორტსმენი ჩემპიონი ვერ გახდებოდა. გუსტავო ლოპესი ძლიერი მებრძოლია საკმაოდ კარგი სტატისტიკით: 15 ორთაბრძოლიდან 11 ჰქონდა მოგებული, მათ შორის ათი ვადაზე ადრე - ნოკაუტით ან მტკივნეული ილეთით.

- ამერიკელი მართლაც "კერკეტი კაკალი" გამოდგა - შენს უამრავ დარტყმასაც გაუძლო, მტკივნეულ ილეთებსაც და ბრძოლა ბოლომდე მიიყვანა. - გამძლე, ძლიერი ბიჭია. თუმცა ჩემი თავით უფრო კმაყოფილი ვარ - ჭკვიანურად ვიჩხუბე! რამდენჯერმე მტკივნეულ ილეთზეც დავიჭირე, ჟანგბადიც გადავუკეტე, მაგრამ მაინც მოახერხა "გამოძრომა". ლოპესის რამდენიმე ბრძოლა ვნახე და ვიცოდი, რომ შეიძლება წამიერი მოდუნებაც ძვირად დამჯდომოდა. კი, ძლიერი ყბა მაქვს, მაგრამ გამოცდა მაინც არ მსურდა (იცინის). დგომში ამიტომაც გავურბოდი.

- ეს სტატისტიკაზეც აისახა: ბრძოლა იმდენჯერ გადაიყვანე "პარტერში", რომ გდებების რაოდენობით სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მორიგი რეკორდი დაამყარე! - ლოპესი კარგად იბრძოდა დგომში, თანაც რაღაცნაირად უცნაურად იცინოდა. წინა ბრძოლებშიც ასე "გაცინებული" ანოკაუტებდა ხალხს და ვფრთხილობდი, მეც არ მომადუნოს და მათ გზას არ გამიყენოს-მეთქი. ყველაფერი გავაკეთე, ჩემთვის სასურველი ტაქტიკა რომ მომეხვია თავს.

- საერთო ჯამში უკვე 52 თეიქდაუნი (გდება) მოაგროვე და აქტიურ სპორტსმენებს შორის (ყველა წონითი კატეგორიის მიხედვით) მეშვიდე ადგილზე ხარ. ხაბიბს მხოლოდ 7 გდებით ჩამორჩები, რეიტინგის ლიდერ ფრენკი ედგარს - თექვსმეტით. - რეიტინგის სათავეში მყოფთა უმეტესობა წლებია, UFC-ში ასპარეზობს, მე კი ეს 52 გდება ექვს მატჩში დავაგროვე. პირველ შეხვედრაში 11 წაქცევა მქონდა, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელი იყო, ბოლოსწინაში 12 და ლოპესთან - 13. დიმიტრი ჯონსონის შემდეგ მეორე სპორტსმენი ვარ, ვინც ორ თუ სამ ბრძოლაში 10-ზე მეტი გდება შეასრულა. რაც შეეხება ხაბიბს, ბევრით აღარ ჩამოვრჩები და დარწმუნებული ვარ უახლოესი ბრძოლის შემდეგ ჩამოვიტოვებ კიდეც.

- სასტარტო უიღბლობების (მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებებისაც) შემდეგ UFC-ში ზედიზედ მოიგე ოთხი შეხვედრა. წარმატებული სვლა გამოცდილების და თავდაჯერების მატებას მივაწეროთ? - სიმართლე გითხრათ, თავს დამარცხებულად არც საწყის მატჩებში ვთვლი. ვფიქრობ, მსაჯებმა დაუმსახურებლად მომაკუთვნეს წაგება. ისე კი, ცხადია, ყოველ მომდევნო ბრძოლას დამატებითი გამოცდილება მოაქვს. ისევე როგორც ყოველ დღეს, თითოეულ ვარჯიშს... UFC-ს და საზოგადოდ, შერეულ ორთაბრძოლებს თავისებური სპეციფიკა, ბევრი ნიუანსი აქვს: წონა სწორად უნდა დაიკლო, დაკლებული ჭკვიანურად აღიდგინო, კარგად გამოიძინო, დროულად გახურდე, ჩაიტარო ანალიზი და ა.შ.

- მთავარი კითხვა: ვინ იქნება მერაბ დვალიშვილის შემდეგი მეტოქე?

- ჯერ არ ვიცი, როდის დამინიშნავენ მომდევნო შეხვედრას. თორემ მე თუნდაც 2 კვირაში ან ერთ თვეში საჩხუბრად მზად ვარ. შონ ო, მალისთან მინდა ბრძოლა. არაერთხელ შევთავაზე კიდეც, მაგრამ... იმის მიუხედავად, რომ დაუმარცხებელი მებრძოლია, MMA-ში ყველა შეხვედრა მოგებული აქვს, როგორც ჩანს, არ აწყობს ჩემთან ბრძოლა, უხერხული მეტოქე ვარ მისთვის.

- როცა ლოპესის დამარცხების შემდეგ ო, მალი კიდევ ერთხელ გამოიწვიე, სოციალურ ქსელში ირონიული პასუხი გაგცა - მერაბ დვალიშვილის და ბრაიან კელეჰერის ბრძოლაში გამარჯვებულს... ჩემს ფოტოს გავუგზავნი ავტოგრაფითო! - ო, მალი მთლად მაკგრეგორივით არ არის, მაგრამ დაახლოებით კონორივით იქცევა. ძლიერი მებრძოლია, ცნობილი, პოპულარულია და ყველასგან მოწიწებას არის ჩვეული. ხუმრობით გამოიყვანა თავი და ვითომ დაგვცინა მე და კელეჰერს, ჩემი დონის არც ერთი არ ხართო...

- ხაბიბის ბიძაშვილი - უმარ ნურმაგომედოვიც ხომ გამოიწვიე? - დიახ, თუმცა უკვე დანიშნული აქვს მომდევნო ბრძოლა (თუ არ ვცდები, ივლისში), აბუ-დაბიში უნდა იჩხუბოს. იმედია, გაიმარჯვებს და იქნებ ჩვენი შეხვედრაც შედგეს. როცა UFC-ში გადმოვიდა, "ტვიტერით" მივულოცე და მაშინ მითხრა, რა პრობლემაა, შევხვდეთ, ოღონდ ჯერ სხვა ბრძოლა მაქვს ჩასატარებელიო. ჯერჯერობით, უმარიც დაუმარცხებელია, საერთო სტატისტიკაც ჩემზე უკეთესი აქვს, თუმცა UFC-ში მე უფრო მეტი სახელი მაქვს. სულ წაუგებელ მებრძოლებს რატომ ვიწვევ? შიში უცხოა ჩემთვის. რინგზე საბრძოლველად და მოსაგებად გავდივარ. თუნდაც დავმარცხდე, რა პრობლემაა?! მთავარია, მაყურებელს კარგი ბრძოლა ვაჩვენო. ამიტომ მინდა ბრძოლა დაუმარცხებელ, ძლიერ მეტოქეებთან და არა მაჩანჩალებთან.

- ლოპესამდე კეისი კენის მოუგე და წესით, ტოპ-15-ში მისი ადგილი უნდა დაგეკავებინა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ამჯერად როგორ იქნება საქმე? - არ ვიცი. რეიტინგის შედგენისას ხშირია უცნაური გადაწყვეტილებები. წესით, უკვე მეკუთვნის "ტოპ-15"-ში ყოფნა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩემს წონით კატეგორიაში ერთმანეთზე უკეთესი მებრძოლები არიან და რთულია რომელიმეს "ჩაჩოჩება". რეიტინგს გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ჩემი მიზანი "ტოპ-15"-ში მოხვედრა კი არა, ჩემპიონობაა! მინდა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დავამარცხო ყველა კონკურენტი, ტიტულს დავეუფლო და რაც შეიძლება მეტჯერ ავაფრიალო საქართველოს დროშა!

- კარანტინის პერიოდი როგორ გადაიტანე და ახლა რა ვითარებაა აშშ-ში?

- აშშ-ის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, რა გასაკვირია, რომ შემთხვევების რაოდენობაც ბევრი იყო. განსაკუთრებით, ძალიან მჭიდროდ დასახლებულ ნიუ-იორკში, სადაც ერთ სახლში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, პატარა ოფისებშიც ბევრი მოსამსახურეა თავმოყრილი. სწორედ ასეთმა რაღაცებმა გაავრცელა მასშტაბურად ვირუსი. პირველ ეტაპზე, როცა ყველაფერი დაიხურა და სუპერმარკეტებშიც დიდი ამბები დაიწყო, მეც სახლში დავრჩი, მაგრამ ვარჯიში არ შემიწყვეტია, დავრბოდი, ვვარჯიშობდი, მაგრამ ნეგატიურმა ინფორმაციამ და საყოველთაო ისტერიამ ჩემზეც იმოქმედა. საბედნიეროდ, მალევე გავაანალიზე, რომ ნიღაბში ამოხუთვა და სახლში ჩაკეტვა უფრო ცუდად გამხდიდა. მთავარია, სხვას არ გადასცეს, თორემ ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანი ამ ვირუსსაც მეტ-ნაკლებად იოლად გადაიტანს. ნიღაბსა და შინ დარჩენაზე მნიშვნელოვანი იმუნიტეტის გაძლიერება, ვარჯიში, ცხოვრების ჯანსაღი წესია. ეს ვირუსი კიდევ კარგა ხანს არ წავა. მოხუცები და ქრონიკული ავადმყოფები მაქსიმალურად უნდა მოერიდონ ხალხთან კონტაქტს, ჯანმრთელმა და ახალგაზრდა ხალხმა კი ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ.