ბელარუსს 8 ოქტომბერს ვუმასპინძლებთ - კვირის პალიტრა

ბელარუსს 8 ოქტომბერს ვუმასპინძლებთ

ერთა ლიგა სექტემბერში დაიწყება

გასულ კვირას გამართული უეფას მორიგი ვიდეოკონფერენციის შედეგად ევროპული ფეხბურთის უახლოესი გეგმები გაირკვა, მათ შორის ჩვენთვის ყველაზე საინტერესო - ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის გამართვის თარიღი: თუ კიდევ არაფერი შეიცვალა, ბელარუსის ნაკრებს "დინამო არენაზე" 2020 წლის 8 ოქტომბერს ვუმასპინძლებთ! წყვილში გამარჯვებული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის საუკეთესოს შეხვდება. ფინალური მატჩი 12 ნოემბერს გაიმართება.

მიეცემათ თუ არა მაყურებლებს საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასწრების შესაძლებლობა? საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არა აქვთ. გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უეფას რეკომენდაციებსა და ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე. სფფ-ში აცხადებენ, რომ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული და თავის წილ პასუხისმგებლობასაც აიღებენ.

რაც შეეხება ერთა ლიგის ახალ გათამაშებას, ის სტარტს ბელარუსთან მატჩამდე ერთი თვით ადრე აიღებს და წლის მთავარ მატჩამდე ჩვენი გუნდი ორი თამაშის გამართვასაც მოასწრებს - 5 სექტემბერს სტუმრად, ესტონეთში, 8 სექტემბერს კი საკუთარ მოედანზე - ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ (მაყურებელთა დასწრების საკითხი ამ შემთხვევაშიც გაურკვეველია. - რ.შ.)

ერთა ლიგის გათამაშების კალენდარი:

5 სექტემბერი: ესტონეთი-საქართველო

8 სექტემბერი: საქართველო-ჩრდ. მაკედონია

11 ოქტომბერი: სომხეთი-საქართველო

14 ოქტომბერი: ჩრდ. მაკედონია-საქართველო

15 ნოემბერი: საქართველო-სომხეთი

18 ნოემბერი: საქართველო-ესტონეთი

გაირკვა ევროტურნირების დაწყების ვადაც: 2020/21 წლების ევროტურნირების წილისყრა 9-10 აგვისტოს გაიმართება. ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის "დინამო" 18-19 აგვისტოს ჩაერთვება, ხოლო ევროპალიგაზე მოხვედრილი გუნდები - 27 აგვისტოს. უეფას აღმასკომზე გადაწყდა ისიც, რომ ევროპალიგაზე საწყისი 4 საკვალიფიკაციო ეტაპი ერთრაუნდიანი იქნება, ისევე როგორც მესამე ეტაპის ჩათვლით ჩემპიონთა ლიგაზე. მასპინძელი გუნდები წილისყრით გაირკვევა. ორმატჩიანი რაუნდები ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ პლეიოფში გაიმართება.