თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! - როგორ აღნიშნა გამარჯვება ქართველმა კალათბურთელმა - კვირის პალიტრა

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! - როგორ აღნიშნა გამარჯვება ქართველმა კალათბურთელმა

30 ივნისი ისტორიული დღეა - საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონი გახდა. მისმა "ბასკონიამ" ფინალში "ბარსელონა" 69:67 დაამარცხა. საჩემპიონო თასი კი შენგელიამ ჩაიბარა, რადგანაც ის "ბასკონიას" კაპიტანიცაა.

ქართველმა კალათბურთელმა "ბასკონიას" გამარჯვებაში ერთ-ერთი გარდამტეხი როლი ითამაშა. გადამწყვეტ მომენტში მან მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო. ასევე ღირებული ექვსი ქულა მიითვალა (ორი სამიანით) ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა მეტ ჯენინგმა.

ფინალში თორნიკეს სტატისტიკა ასეთი იყო: 33 წუთი, 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თოკომ დიდი როლი ითამაშა "ბარსას" ლიდერის, ნიკოლა მიროტიჩის შეჩერებაში. ნიკოლამ მეხუთე გოლი სწორედ თოკოსთან ბრძოლაში მიიღო.

მეტ ჯენინგმა 20 წუთში 8 ქულა მიითვალა. "ბასკონიას" ბომბარდირი ლუკა ვილდოსა გახდა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო.

თორნიკეს უშუალო კონკურენტმა მიროტიჩმა 25 წუთში 8 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. მისი მონაგარის სიმწირის მიზეზი ქართველი ფორვარდი იყო.

ნამატჩევს თორნიკე კალათზე ავიდა და, როგორც გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა ბადე ჩამოჭრა. თორნიკეს საქართველოს დროშა ჰქონდა შემოხვეული. ამ გამარჯვებით "ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატი მეოთხედ მოიგო. რეკორდსმენი "რეალია" - 34 გამარჯვებით.

იხილეთ ვიდეო