თორნიკე შენგელია: "NBA-ში დაბრუნება? – რატომაც არა?!"
თორნიკე შენგელია: "NBA-ში დაბრუნება? – რატომაც არა?!"
"ვოცნებობდი, ეს თასი თანაგუნდელების წინ ამეწია! ამ ოცნებაში "ბასკონიის" გულშემატკივრებსაც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირათ და გული მწყდება, ტრიბუნები ცარიელი რომ იყო, თუმცა მოგვიანებით საჩემპიონო თასი მაინც ნახეს"

თორნიკე შენგელია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ესპანეთის ჩემპიონი გახდა. საქართველოს ნაკრების და "ბასკონიის" 28 წლის კაპიტანს საუცხოო სეზონი ჰქონდა და "ბარსელონასთან" დრამატულ ფინალშიც (რომელშიც ბასკურმა კლუბმა 69:67 გაიმარჯვა) ჩვეულად სასარგებლო იყო –- 14 ქულა, 4 მოხსნა, 2-2 პასი, ჩაჭრა და დაფარება. თორნიკე 2014 წლიდან
თამაშობს "ბასკონიაში" და მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ვიტორიის კლუბში კიდევ ორი წელი უნდა დარჩენილიყო, თუმცა... ევროპული და რუსული გამოცემები ირწმუნებიან, რომ შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავია. პირადი კონტრაქტის დეტალები უცნობია, თუმცა დასახელდა ბასკებთან კონტრაქტის გამოსასყიდი თანხაც (1 მილიონი ევრო) და ახალი ხელშეკრულების პირობებიც -
ქართველი მძიმე ფორვარდი მოსკოვში სამი წლის განმავლობაში ითამაშებს. კონტრაქტში ასევე იქნება პუნქტი, რომლის შესაბამისადაც NBA-ს კლუბებს შენგელიას გამოსყიდვა უკვე მომავალ ზაფხულს შეეძლებათ. ესპანეთის ლიგა ენდესას მოგების შემდეგ თორნიკე­
შენგელიასთან დაკავშირება პირველად "კვირის პალიტრამ" მოახერხა. ვილაპარაკეთ საჩემპიონო სეზონზე, ცსკა-ზე, მადრიდის "რეალზე", NBA-ში დაბრუნების შანსსა და, ცხადია, "ბარსელონასთან" ფინალურ მატჩზეც:

- ფინალის გახსენებისას პირველ რიგში სიამაყეს ვგრძნობ. ამ ერთი გამარჯვებით გადაიფარა ყველა წაგებული მატჩი, ტრავმა, ის სირთულეები, რაც "ბასკონიაში" გატარებული ექვსი წლის განმავლობაში გადავიტანეთ. შრომა დამიფასდა და ძალიან გახარებული ვარ.
ნებისმიერი ქვეყნის ჩემპიონობა სასიხარულოა, მაგრამ ყველას აჯობო ესპანეთში, რომლის პირველობაც ევროპაში საუკეთესოა, ორმაგად სასიხარულო უნდა იყოს. სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ "ბასკონიის" ჩემპიონობა ნამდვილი სიურპრიზი გამოდგა...

უკვე დიდი ხანია, ესპანეთის ლიგა ენდესა ევროპის საუკეთესო ჩემპიონატად მიიჩნევა. იმის გათვალისწინებით, რა დონის გუნდები დავამარცხეთ ტიტულისკენ მიმავალ გზაზე, გამარჯვება მართლაც ორმაგად სასიხარულოა. რაც შეეხება მოლოდინს, იმდენი ვიშრომეთ კარანტინის დროსაც, შემდგომ პერიოდშიც და ვალენსიაში ჩასვლის შემდეგაც (სადაც ფინალური ეტაპი გაიმართა), არა მგონია, რომელიმე გუნდს ამდენი ევარჯიშოს. ამიტომაც ნამდვილად ვიმსახურებდით ფინალში თამაშს!

- წლევანდელი სეზონის მეორე ნახევარი უჩვეულო იყო - შეწყვეტილი ჩემპიონატი, ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში, კარანტინი, ესპანეთსა და მსოფლიოში არსებული მძიმე ვითარება... ცხადია, ამ ყველაფერმა სპორტსმენებზეც იმოქმედა.
- მართლაც განსხვავებული ჩემპიონატი გამოვიდა. უჩვეულო იყო მაყურებლის გარეშე თამაში, თუმცა ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და ბოლო მატჩებში მეტ-ნაკლებად მივეჩვიეთ ცარიელ ტრიბუნებს. ყოველ მომდევნო თამაშს იმხელა დატვირთვა და ემოცია ახლდა, რომ დარბაზში გულშემატკივრის არყოფნას ყურადღებას აღარც ვაქცევდით. ბოლო ეტაპზე ორმაგად გაგვიჭირდა - ოჯახები რამდენიმე კვირით მივატოვეთ, ოთახიდან და დარბაზიდან ვერსად გავდიოდით და ფსიქოლოგიურ წნეხს ესეც გვმატებდა. ეს ყველაფერი იმდენად რთული იყო, რომ გამარჯვებას სამმაგი ფასი დაედო!

- ფინალამდეც ურთულესი გზა გაიარეთ. რომელ მეტოქესთან გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?
- ყველა შეხვედრა ძალიან რთული იყო. თითოეული თამაში ფინალის ტოლფასი გახლდათ, რადგან წაგება ჩემპიონობისთვის ბრძოლიდან გამოთიშვას ნიშნავდა. ამის გამო ყველა შეხვედრაში ისე ვიბრძოდით, როგორც ფინალში!

- თუმცა ფინალი მაინც ფინალია: რის ხარჯზე გაიმარჯვა "ბასკონიამ", რისი წყალობით მოახერხეთ "ბარსელონასთან" დიდი ჩამორჩენის აღმოფხვრა და დრამატული მატჩის სათქვენოდ დასრულება?
- შეუპოვარი ბრძოლის, ხასიათის ხარჯზე მოვიგეთ! ფინალში ორი წლის წინაც ვიყავით და კარგად გვახსოვდა გადამწყვეტ შეხვედრაში წაგების სიმწარე, ამიტომაც ყველაფერი გავაკეთეთ, რომ იგივე აღარ განგვეცადა. "ბარსელონა" ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა კატალონიელებმაც კარგად იცოდნენ, როგორ მებრძოლ გუნდთან ჰქონდათ საქმე და მშვიდად ვერც 9 ქულით დაწინაურების შემდეგ იქნებოდნენ.

- საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ორი ქულით დაწინაურება მოახერხეთ და, ფაქტობრივად, გაინაღდეთ ჩემპიონის ტიტული. ბოლო შეტევა შენი პასით დაიწყო... გახსოვს ის ეპიზოდი?
- ყველაფერი დეტალურად მახსოვს: გეგმის თანახმად, ბოლო წამებზე მე უნდა შემეტია, ბოლო ბურთი ჩვენ უნდა გვესროლა, რათა მოწინააღმდეგისთვის უკანასკნელი შეტევის შანსი აღარ დაგვეტოვებინა. როგორც კი ბურთი მივიღე, "ბარსელონას" კალათბურთელებმა ჯარიმის აღება სცადეს, რადგან თუნდაც ორივე საჯარიმო ჩამეგდო, შესატევად კიდევ რჩებოდათ დრო. საბედნიეროდ, ჯარიმა ავირიდე და რამდენიმე წამი კიდევ მოვიგე, მერე კი, როცა ჩემკენ ორი მცველი წამოვიდა, ბურთი მეურვის გარეშე დარჩენილ თანაგუნდელს გადავეცი, მან დროულად შენიშნა ფარქვეშ მოულოდნელად შეჭრილი ლუკა ვილდოზა და არგენტინელმა გამარჯვების მომტანი ბურთი ჩააგდო!

- ცოტათი გაგიმართლათ კიდეც, ბოლო წამზე ნასროლი სამქულიანი რომ არ ჩავარდა...
- ბურთი ისეთი ტრაექტორიით გაფრინდა, მეგონა, ჩავარდება-მეთქი. საბედნიეროდ, ჰიგინსის ნასროლი არაზუსტი გამოდგა.

- მოედანზეც და გასახდელშიც ემოციურად აღნიშნეთ გამარჯვება, შენ და მეტ ჯენინგმა (საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშე, რომელიც "ბასკონიაში" შენგელიას თანაგუნდელია) საქართველოს დროშაც ააფრიალეთ და ფარზეც მოკალათდი კალათის ბადის ჩამოსაჭრელად... მერე როგორ გაგრძელდა ბასკური კლუბის ზეიმი?
- სპეციალური ავტობუსით ვაპირებდით ვიტორიის შემოვლას და გამარჯვების ფანებთან ერთად აღნიშვნას, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ გარისკა ათასობით ადამიანის შეკრება. სამწუხაროდ, მასშტაბური საჩემპიონო მსვლელობა არ გამოვიდა, მაგრამ არა უშავს... ვიტორიაში დაბრუნების შემდეგ, ცხადია, თანაგუნდელებმა ერთად აღვნიშნეთ ეს დიდი წარმატება.

- 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და ამდენივე ჩაჭრა და დაფარება - ასეთი იყო თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ფინალურ მატჩში. 14 ქულა ცოტა არ არის, მით უმეტეს, ქულების უმეტესობა თამაშის ძალიან მნიშვნელოვან ეპიზოდებში ჩააგდე. თავად თუ ხარ კმაყოფილი შენი თამაშით?
- ჩემი თამაშით კმაყოფილი თითქმის არასდროს ვარ, მიმაჩნია, რომ "უკეთესი" ყოველთვის შეიძლება. თავდაპირველად, ფინალში ცოტათი დავიძაბე, რადგან თამაში არ წამივიდა, მაგრამ მალევე აქცენტი დაცვაზე გადავიტანე. ბურთი ხან ჩავარდება, ხან არა, აი, დაცვაში თამაშის გაკონტროლება კი თავად შეგიძლია. დაცვაში ბოლომდე ვიხარჯებოდი, ვცდილობდი ყველანაირად დავხმარებოდი თანაგუნდელებს, მეორე ნახევარში კი თავდასხმაშიც უფრო ნაყოფიერად გავისარჯე. კმაყოფილი იმით ვარ, რომ მოვიგეთ და ჩემპიონები გავხდით.

- "ბასკონიის" კაპიტანი და ლიდერი ხარ, შენგან ფინალშიც ისეთივე შედეგიან თამაშს ელოდნენ, როგორსაც მთელი სეზონის განმავლობაში აჩვენებდი და, ალბათ, წნეხს ესეც გმატებდა.
- სიმართლე გითხრათ, მას მერე დავიძაბე, რაც რამდენიმე შეტევა გამიცუდდა. საბედნიეროდ, შევძელი ამაზე აღარ მეფიქრა, რადგან თამაში მხოლოდ 40 წუთს გრძელდება და თუ მთელი დრო იმაზე ფიქრს დაუთმე, რატომ არ გამოგდის თამაში, მართლაც ვერაფერს მოასწრებ. დამშვიდება მოვახერხე და მეორე ნახევარში გაცილებით დალაგებულად და შედეგიანად ვითამაშე.

- ფინალურ შეხვედრაში­ უშუალო კონკურენტს "ბარ­სას" მძიმე ფორვარდ ნიკოლა მიროტიჩსაც ყველანაირად აჯობე!
- ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ჩემი გუნდის გამარჯვება. არ მინდოდა პირად დუელს რამენაირად მაინც შეეშალა ხელი მიზნის მიღწევაში. ვცდილობდი მაქსიმუმი გამეკეთებინა, იმის მიუხედავად, ვინ მყავდა მეტოქედ დაცვაში ან თავდასხმაში.

- პირველი ქართველი ხარ, ვინც ესპანეთის ჩემპიონი გახდა, კაპიტნის რანგში საჩემპიონო თასის აღმართვა კი ორმაგად სასიამოვნო გრძნობა იქნება... ვის ეძღვნებოდა ეს გამარჯვება?
- მართლაც საოცარი გრძნობა იყო... წლების განმავლობაში ვოცნებობდი, რომ ეს თასი თანაგუნდელების წინ ამეწია! ამ ოცნებაში "ბასკონიის" გულშემატკივრებსაც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირათ და გული მწყდება, ტრიბუნები ცარიელი რომ იყო, თუმცა მოგვიანებით საჩემპიონო თასი მაინც ნახეს. რაც შეეხება მიძღვნას, ქვეყნის გარეთ მიღწეული ჩემი ყველა წარმატება ჩემს სამშობლოს, ოჯახს და ყველა იმ ქომაგს ეძღვნება, ვინც მართლაც გულით მგულშემატკივრობს!

- ჩინებული სეზონი ჰქონდა ესპანეთის ლიგა ენდესაში მოთამაშე კიდევ ერთ ქართველს გიორგი შერმადინს. ერთმანეთის ნახვას მოედანს მიღმაც ახერხებდით?
- ხშირად. გიოს და მის კლუბსაც არაჩვეულებრივი სეზონი ჰქონდათ. შერმადინი "იბეროსტარის" ლიდერია და დამსახურებულად დასახელდა სეზონის საუკეთესო ცენტრად. თქვენი გაზეთის მეშვეობით კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ დიდ აღიარებას.

- კარგია, რომ საუცხოო სეზონი ჩემპიონის ტიტულით დაასრულე, მაგრამ გულშემატკივარს ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებს, სად გააგრძელებ კარიერას. დავუჯეროთ წყაროებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ თორნიკე შენგელიას გადასვლა მოსკოვის ცსკა-ში უკვე გადაწყვეტილია?
- ოფიციალურად ჯერ არაფერია გადაწყვეტილი! უახლოეს დღეებს დასვენებას და წარმატების აღნიშვნას დავუთმობ, მერე კი ყველა ვნახავთ, რა და როგორ იქნება.

- ე.ი. რუსულ კლუბთან გაფორმებული სამწლიანი კონტრაქტი ჯერ არ არსებობს?
- შეთანხმება ოფიციალურად რომ იყოს მიღწეული, მეც გამოვაცხადებდი და ცსკა-ც!

- ინფორმაციას მოსკოვში შენი შესაძლო გადასვლის შესახებ ქართველი გულშემატკივრების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: ბევრი მათგანისთვის გაუგებარი და მიუღებელია, რატომ უნდა გადავიდეს ეროვნული ნაკრების კაპიტანი რუსეთის არმიის ცენტრალურ კლუბში?
- ჯერ გადაწყდეს, გადავალ თუ არა ცსკა-ში და აქედან გამომდინარე ვუპასუხებ ყველა შეკითხვას. არავის ვემალები და არც კითხვებს ვარიდებ.

- ცსკა ევროლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ... რატომ მაინცდამაინც რუსული არმიის კლუბი, როცა თორნიკეს მადრიდის "რეალიც" ეპატიჟებოდაო?
- წელს "რეალის" თითქოსდა დაინტერესება 100%-იანი ჭორი იყო! მადრიდელებისგან არც ინტერესი და არც შემოთავაზება არ ყოფილა... მეტიც, წელს, ერთის გარდა, სხვა შემოთავაზება არც მიმიღია! მიზეზი ბევრია: კრიზისი, გუნდების გაურკვეველი მომავალი და ა.შ.

- დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 3 ივლისს) გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცსკა-სთან სამწლიან კონტრაქტში იწერება პუნქტი, რომლის თანახმადაც NBA-ს კლუბებს შენგელიას გამოსყიდვა უკვე მომავალ ზაფხულს შეეძლებათ... გამოდის, ჯერ კიდევ ფიქრობ NBA-ში თამაშზე.
- რატომაც არა? თუ საინტერესო შემოთავაზება იქნება და კარგ გუნდში მომიწევს თამაში, დიდი სიამოვნებით!

- ის მაინც მითხარი, მართალია თუ არა, რომ კლუბის სიძლიერის და შემოთავაზებული პირობების გარდა, შენთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო ისიც, რომ ცსკა-ში გადასვლის შემთხვევაში სანაკრებო მატჩებზე ჩამოსვლაში პრობლემა არ გექნებოდა. იყო ამაზე ლაპარაკი?
- უკაცრავად, მაგრამ ცსკა-ს შესახებ მეტს ვერაფერს ვიტყვი. კომენტარი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაკეთდება.

- ინტერვიუს ბოლოს რას ეტყვის ესპანეთის პირველი ქართველი ჩემპიონი თორნიკე შენგელია ქართველ გულშემატკივარს?
- მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რადგან ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები