"იაპონელები გარიგებას მთავაზობდნენ... ვუპასუხე, 9 აპრილის შემდეგ საქართველოში გლოვაა და ჩემი წაგება მორალურად გაუმართლებელი იქნება-მეთქი" - კვირის პალიტრა

"იაპონელები გარიგებას მთავაზობდნენ... ვუპასუხე, 9 აპრილის შემდეგ საქართველოში გლოვაა და ჩემი წაგება მორალურად გაუმართლებელი იქნება-მეთქი"

ფუტკრის სკასავით მოზუზუნე "ბასკეტბოლ ჰალე" წამით გაშეშდა - ასეთ სასწაულს არავინ ელოდა. მერე ისევ იხუვლა დარბაზმა და მქუხარე ტაშით შეეგება ლეგენდის დაბადებას. ეს მოხდა 1972 წლის 1 სექტემბერს მიუნხენში. ახალგაზრდა ფალავანმა შოთა ჩოჩიშვილმა ქართული "ბრუნით" ისე დაანარცხა ტატამზე ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ფუმიო სასახარა, რომ წამოდგომა გაუჭირდა, არადა, ხუთიოდე წუთით ადრე, სარბიელზე გასვლის წინ, ფოტოჟურნალისტები სახეგაბადრულ იაპონელს შემოხვეოდნენ, რათა დროულად მიეწოდებინათ თავიანთი გამოცემებისთვის ქვემძიმე წონაში ოლიმპიური ჩემპიონის სურათები.

ბრუნი ქართველთა გასახარად

წილისყრისას მეორე წრეში შოთა ჩოჩიშვილს სასახარა რომ შეხვდა, საბჭოთა კავშირის ძიუდოისტთა ნაკრების შეშფოთებულ მთავარ მწვრთნელს ვლადლენ ანდრეევს კოლეგებისთვის უთქვამს - რაღა მაინცდამაინც სასახარა?!

არც არის გასაკვირი. ანდრეევი ხომ ჯიუტად მოითხოვდა ნაკრებში ჩოჩიშვილის მიწვევას, საბჭოთა სპორტის მამები კი გამოცდილ ევგენი სოლოდუხინს ამჯობინებდნენ, არადა, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ფალავანმა, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც კი არ ყოფილა, იოლად სძლია ტიტულოვან მეტოქეს. ანდრეევმა და საქართველოს მაშინდელი სპორტკომიტეტის თავმჯდომარე გიორგი სიხარულიძემ თავისი გაიტანეს. ამიტომაც გულში გაკეწლა სასახარასთან დაპირისპირებამ ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რადგან მეორე წრეში, თუნდაც ოლიმპიური თამაშების ფავორიტთან მარცხისთვის, ვინ იცის, რა შარს მოსდებდნენ.

ანდრეევი, რომელიც შვილივით უყურებდა შოთას, რატომღაც ღრმად იყო დარწმუნებული ქართველი ძიუდოისტის წარმატებაში. ერთხელ, მორიგი წვრთნის შემდეგ, ნაკრების წევრებისთვის უთქვამს, თუ იცით, რომ თქვენ გვერდით მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი ზისო.

რამდენიმე წლის წინათ ჩემთან საუბრისას ვეტერანმა სპორტსმენმა გივი ცქიტიშვილმა ასეთი ამბავი გაიხსენა: მიუნხენის ოლიმპიადის წინ სპორტსაზოგადოება ბურევესტნიკის რესპუბლიკურ საბჭოს ვხელმძღვანელობდი.

ერთ დღეს მდივან-მემანქანე ქალბატონი მეუბნება, მოსაცდელში შოთა ჩოჩიშვილი გელოდებათო. კინაღამ შევიშალე: კაცი გერმანიაში მგონია და ის კი თურმე აქ არის. რა მოხდა-მეთქი, რომ ვკითხე, მიუნხენში წაყვანაზე უარი მითხრესო, მიპასუხა. მაშინვე გიორგი სიხარულიძეს დავურეკე. ამ ღვთისნიერმა კაცმა ოც წუთში ყველაფერი მოაგვარა. შოთა იმავე საღამოს მოსკოვში დაბრუნდა. ოლიმპიადაზე კი ყველას დაუმტკიცა, რომ ბადალი არ ჰყავდა...

- მიუნხენის XX ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე კისრის არეში ტრავმა მივიღე. გერმანიაში ჩემი გამგზავრება ექიმებმა სათუოდ მიიჩნიეს, - მითხრა ერთხელ შოთა ჩოჩიშვილმა. - ერთადერთი ვლადლენ ანდრეევი იყო შეუვალი - იჭიდავებ და ჩემპიონიც გახდებიო, მარწმუნებდა. 1962 წელს ანზორ კიკნაძემაც მიიღო ტრავმა, ორი კვირის შემდეგ გერმანულ ესენში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, მიუნხენის ოლიმპიადაზე კი შენი ჯერიაო. ისე იყო დაჯერებული ჩემს გამარჯვებაში, რომ მეც გამამხნევა, რწმენა და ენერგია შემმატა...

ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლებთან ქართველი ფალავნის ნაცნობობა ოლიმპიადამდე ორი წლით ადრე დაიწყო - ჯერ ინგლისში, სადაც საერთაშორისო ტურნირზე ჩოჩიშვილმა პირველი ადგილი დაიკავა, მერე კი პოლონეთში ნაკამურას 32 წამში სძლია და იქაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

მიუნხენში სასახარასთან შეხვედრამდე მოთელვაც ვერ მოასწრო, რადგან პირველ წრეში ავადმყოფობის გამო კორეელი ჩჟო დუ იუნგი არ გამოუცხადდა. სამაგიეროდ, მომდევნო წრეში იაპონელის უძლეველობის მითი (სასახარას მანამდე მეტოქეებთან ორთაბრძოლებში ქულაც არ ჰქონია დაკარული) დაასამარა და თავად შეუდგა ოლიმპისკენ მიმავალ გზას. მესამე წრეში ინგლისელი დევიდ სტარბრუკი გადაეღობა. ბრიტანელი სპორტსმენი ლეგენდის მძლეველთან ღია პაექრობას მოერიდა - თავად არ ჭიდაობდა და შოთასაც არ აძლევდა ამის საშუალებას. თანაც მაშინ კოკა და იუკო არ იყო, ვაზარის აღება კი ასეთ სიტუაციაში შეუძლებელი აღმოჩნდა. ექვსწუთიანი ძიძგილაობა უშედეგოდ დამთავრდა. ხუთიდან სამმა არბიტრმა სტარბრუკს მისცა უპირატესობა. ინგლისელი ნახევარფინალში გავიდა და ჩოჩიშვილი დამამშვიდებელ ჯგუფში გაიყოლია, სადაც ჩვენებურმა წუთსა და 37 წამში სძლია ფრანგ პიერ ალბერტინის, ორწუთ-ნახევარში დაამარცხა ამერიკელი ჯეიმს უოლი, სამოცდახუთი წამი მოანდომა აღრიალებული "ბასკეტბალ ჰალეს" ჩაჩუმებას ალემანთა კერპის - პაულ ბარტის დამარცხებით.

ფინალში ისევ სტარბრუკს დაუპირისპირდა. ღვლეველმა (ქარელის რაიონი) ფალავანმა ამჯერად შანსი ხელიდან არ გაუშვა. იგი გახდა არა მარტო საბჭოთა, არამედ პირველი ევროპელი მოჭიდავე, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ნამდვილ იაპონურ ქვემძიმე წონაში მოიპოვა. ამომავალი მზის ქვეყნის თეთრკიმონოიანთა მთავარ მწვრთნელს, მეცხრე დანის მფლობელ შოხეი ხამანოს ანდრეევისთვის გამარჯვება მიულოცავს და ძიუდოში ახალი ერა იწყებაო, უთქვამს.

მაგნიტოფონი და დაკარგული ოქროები

მიუნხენის ოლიმპიადის შემდეგ შოთა ჩოჩიშვილმა მრავალ შეჯიბრებაში მიაღწია წარმატებას. ევროპის სამგზის ვერცხლის და ერთხელ ბრინჯაოს პრიზიორმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. საკავშირო პირველობებზე ორ-ორჯერ "ვერცხლი" და "ბრინჯაო" დაიმსახურა. ავთანდილ გიორგობიანის წიგნში ("შოთა ჩოჩიშვილი") სახელოვანი ძიუდოისტი ანზორ ქიბროწაშვილი საინტერესო ამბავს იხსენებს: "ბელგიაში სტუდენტთა მსოფლიოს პირველობაზე, სადაც მსაჯად ვიყავი მიწვეული, ჩოჩიშვილმა პირველი შეხვედრა მოულოდნელად წააგო. უგუნებოდ შეიქმნა და ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა. ჩვენმა თხოვნამ ვერ გაჭრა. გაგრძელება