GRAZIE, MAESTRO!
GRAZIE, MAESTRO!
კომპოზიტორი ფეხბურთმაც დაკარგა

გენიალური კომპოზიტორი ფეხბურთმაც დაკარგა. გასულ კვირას 91 წლისა გარდაიცვალა ენიო მორიკონე - კინოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიტორი, 500-ზე მეტი კინოფილმის და სერიალის მუსიკის ავტორი. "მაესტრო" (მორიკონეს ერთ-ერთი მეტსახელია. - რ.შ.) კინომუსიკის დიდოსტატი იყო, თუმცა, როგორც ყველა იტალიელს, უფეხბურთოდ არასდროს უცხოვრია.
რომში დაიბადა, იქვე გარდაიცვალა და, რაღა თქმა უნდა, "მარადიული ქალაქის" ორი მთავარი კლუბიდან ერთ-ერთის ფანი იყო. "რომას" თავგადაკლული გულშემატკივარი! "ჯალოროსის" თამაშზე პირველად 9 წლისა მოხვდა და მას
შემდეგ დედაქალაქური გუნდის ერთგულ გულშემატკივრად იქცა. მოგვიანებით სწორედ მორიკონეს შესთავაზეს "რომას" ახალი ჰიმნის შექმნა, მისი მუსიკის თანხლებით გააცილეს ფრანჩესკო ტოტი, წერდა მუსიკას მსოფლიო ჩემპიონატებისთვის, საყვარელ კლუბზე კი ფილმების პრემიერების დროსაც კი ლაპარაკობდა.
ბუნებრივია, რომში და მთლიანად იტალიურ ფეხბურთშიც, ენიო განსაკუთრებულად უყვარდათ და შესაბამისადაც დაემშვიდობნენ: "სერია
A"-ს 31-ე ტურის ყველა მატჩი მორიკონეს მუსიკით დაიწყო. აჟღერდა კომპოზიცია კინოფილმიდან "ერთხელ ამერიკაში", "რომას" ფეხბურთელების მაისურებს კი ამშვენებდა ლეგენდარული კომპოზიტორის ფოტო და წარწერა: Gრაზიე Mაესტრო!"

"რომა" პიცის ნაჭრისთვის


შესავალშიც ვახსენეთ, რომ "რომას" თამაშზე ენიო პირველად 9 წლისა მოხვდა. ბიჭუნა და მამამისი "კამპო ტესტაჩოს" (რომაულმა კლუბებმა "სტადიო ოლიმპიკოზე" 1953 წლიდან გადაინაცვლეს. - რ.შ.) სამხრეთ ტრიბუნაზე, კარს უკან ისხდნენ. "კარგად მახსოვს, რომში "იუვენტუსი" ჩამოვიდა, ჩვენ კი გვიდო მაზეტისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით ვისხედით. "რომამ" 1:0 გაიმარჯვა", - იხსენებდა მოგვიანებით მორიკონე.
და რადგან ენიოს მამა ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ "რომას" და "ლაციოს" შორის არჩევნის გაკეთება სწორედ უფროსი მორიკონეს დამსახურებაა, თორემ, დიდი ალბათობით, კინომუსიკის მომავალი ლეგენდა არჩევანს მეორე რომაული კლუბის სასარგებლოდ გააკეთებდა. ამ ამბავს ენიო ასე იხსენებს: - სკოლაში ჩემი მეგობრების უმეტესობა "ლაციოს" ქომაგობდა. ერთხელ კლუბის ამბების მორიგი გარჩევისას, მეც მომადგნენ:
- ენიო, შენც ხომ "ლაციოსკენ" ხარ?!
- რა თქმა უნდა! - დაუფიქრებლად ვუპასუხე. შემრცხვა "არას" თქმა. არ ვიცოდი, რა მეპასუხა, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი "მოწამლული" ფეხბურთით და, ბუნებრივია, არც ფავორიტი კლუბი მყავდა."
რამდენიმე დღის შემდეგ არჩევნის გაკეთებაში მამა დაეხმარა. როგორც ჩანს, ამბავი შვილის ამხანაგებმა მიუტანეს და... როცა ენიოს დაუძახა, ბრაზს ძლივს იკავებდა:
- ბიჭები ამბობენ, "ლაციოს" გულშემატკივრობსო!
- დიახ, ასე ვუთხარი...
- მერე არ გრცხვენია?! - გაიგონა შეშინებულმა ენიომ და იგრძნო, როგორ მოხვდა თავში პიცის ნაჭერი. მოგვიანებით კომპოზიტორი "რომას" ვებგვერდს გამოუტყდა, რომ "ჯალოროსი" სწორედ მაშინ შეუყვარდა! შესაძლოა მორიკონემ თავისებურად შეალამაზა ეს ისტორია, თუმცა რატომაც არა?!

ფარული ვნება

მორიკონეს ბევრი სხვა რამაც ახსოვს: მისი საყვარელი მოთამაშე იყო ჯაკომო ლოზი "რომას" მცველი 1955-1969 წლებში. ლოზის მესამე ადგილზე ასახელებენ ტოტის და დე როსის შემდეგ. თუმცა რატომ მხოლოდ 1950-იანები?
ენიო მორიკონე ფეხბურთს 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უყურებდა და გულშემატკივრობის თავისებური მანერაც აითვისა: როგორც უნდა ებობოქრა თამაშის მსვლელობას მის გულში, სტადიონზე მორიკონე მუდამ თავდაჭერილი იყო. "რომას" გოლების დროსაც კი არასდროს წამომხტარა! ხუმრობდა, რომ ამის უფლებას მორიდებული ხასიათი არ აძლევდა.
თუმცა ერთხელ ისიც კი "აფეთქდა" - რომაული დერბის საყურებლად მეუღლესთან, მეგობარ სერჯიო ლეონესა და მის ოჯახთან ერთად წავიდა. მანამდე ლეონესთვის არასდროს უკითხავს, ვის გულშემატკივრობდა და დარწმუნებული იყო, რომ ერთად სასიამოვნო საღამოს გაატარებდნენ. მაგრამ როდესაც "ლაციომ" გაიტანა, მორიკონემ თავი ვეღარ შეიკავა: "როცა სერჯიო არანორმალურივით წამოხტა და გოლის აღნიშვნა დაიწყო, ვუყვირე, ამიერიდან სტადიონზე მხოლოდ ცოლთან ერთად წავალ-მეთქი!"
ზოგჯერ მორიკონე მოულოდ­ნე­ლადაც ახსენებდა ხოლმე "რომას" იქ, სადაც ამას არავინ ელოდა. მაგალითად, 2016 წელს რომში გამართული პრესკონფერენციის დროს, რომელიც ტარანტინოს "საძულველ რვიანს" ეძღვნებოდა, კვენტინმა ის მოცარტს შეადარა, ენიომ კი უპასუ­ხა, უმჯობესი იქნება ამ საკითხს 200-300 წლის შემდეგ დავუბრუნდეთო... ავტოგრაფების დარიგების დროს კი მორიკონე გამოელაპარაკა ერთ-ერთ თაყვანისმცემელს, რომელიც მასავით "რომას" ფანატი გამოდგა და სარკასტულად უთხრა: "გადაეცით კლუბის მენეჯერებს, მომავალშიც გააგრძელონ კარგ მოთამაშეებთან­ განშორება!" საქმე ის არის, რომ იმ დროს ლუჩანო სპალეტი­ "რომაში"ახალი მისული იყო რუდი გარსიას ნაცვლად, ფრანჩესკო ტოტი კი წასვლით იმუქრებოდა.

კინოს და ფეხბურთის მაესტრო


მორიკონეს მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია ლეონეს, ბერტოლუჩის, ტორნატორეს, პაზოლინის ფილმები, ჟან-პოლ ბელმონდო და კვენტინ ტარანტინო... ქმნიდა კამერულ მუსიკას, მართავდა კონცერტებს მთელ მსოფლიოში, ყოველდღიურად მინიმუმ 10 საათს მუშაობდა და... საკონცერტო დარბაზების გარდა, ყველაზე ბედნიერად თავს სტადიონზე გრძნობდა!
ენიოს შექმნილია მუსიკა კომპოზიციისთვის Eლ Mუნდიალ, რომელიც 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნია. ეს იყო პირველი ინსტრუმენტული ჰიმნი მუნდიალების ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ მელოდია მალე დაივიწყეს. ამის მიზეზი, როგორც ჩანს, ის არის, რომ მორიკონეს დიდად არც სურდა მასზე მუშაობა. ეს იყო მისი ერთგვარი შურისძიება არგენტინაში ძალადობით მოსულ ხელისუფლებაზე...
40 წლის შემდეგ მორიკონეს მორიგი ჰიმნი უნდა შეექმნა კიდევ ერთი მასშტაბური ტურნირის - მილანი/კორტინა დ,ამპეცოს ზამთრის ოლიმპიადისთვის. სამწუხაროდ, ვეღარ მოასწრო. თუმცა გენიალური კომპოზიტორის შექმნილი დიდებული მელოდია ისედაც ბევრ სტადიონზე აჟღერებულა და კიდევ არაერთხელ დაგვატკბობს...

მარადიული "რომა"

2017 წელს კომპოზიტორი გამოტყდა, რომ საყვარელმა გუნდმა კლუბისთვის ახალი ჰიმნი სთხოვა,­ თუმცა ენიომ "რომას" ელეგანტური უარი უთხრა: - ვუთხარი, რომ ისედაც შესანიშნავი ჰიმნი აქვთ.
საინტერესოა მორიკონეს კლუბისთვის სიყვარულის ახსნაც. ის ამტკიცებდა, რომ შეუძლებელია ნამდვილი რომაელი "რომას" არ ქომაგობდეს, "ლაციო" ხომ რეგიონის გუნდია. დაე, გულშემატკივრობდნენ კიდეც, მაგალითად, ფროზინონეს მცხოვრებ­ლები... "აი, რომა" კი მუდამ ინტერნაციონალური კლუბი იყო სენტიმენტალური ხასიათით. ეს არის გუნდი, რომელიც გახსნილია ხალხისთვის, მაგრამ წარმოსახვისთვისაც ბევრ ადგილს ტოვებს: მასში შეგიძლია დაინახო სამბა, ბოსა-ნოვა, თვით მგრძნობიარე ტანგოც.
კლუბის მოთამაშეებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. 2017 წელს, როდესაც "რომადან" ტოტის გაცილების მატჩი დასრულდა, "სტადიო ოლიმპიკოზე" აჟღერდა მორიკონეს მუსიკა ფილმიდან "ერთხელ ველურ დასავლეთში". რაც შეეხება დე როსის, ერთხელ ენიომ დანიელეს ერთი ბოთლი ღვინო აჩუქა და შეუთანხმდა, მაშინ გავხსნათ, როცა "რომა" ჩემპიონი გახდებაო!
დე როსი "რომადან" 2019 წელს წავიდა, მორიკონე - 2020-ში. თუმცა არსად წასულა და ვერც წავა "მარადიული ქალაქიდან", სადაც დაიბადა და გარდაიცვალა კიდეც.

ენიო მორიკონე "მარადიული ქალაქის" მარადიული ბინადარია და ასე იქნება მანამ, სანამ იარსებებს იტალია, კინო და მუსიკა!
ფრანჩესკო ტოტი მორიკონეს მუსიკით გააცილეს, რამდენიმე დღის წინ კი იტალიის ჩემპიონატის ყველა მატჩი დიდი მაესტროს დიდებული მუსიკით გაიხსნა.

GRAZIE, MAESTRO!

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
21-09-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-09-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?