კავკასიური "დუ-იაქი" - კვირის პალიტრა

კავკასიური "დუ-იაქი"

საქართველო 2:1 სომხეთი

გასულ ოთხშაბათს კვიპროსზე "კავკასიური დუელი" განმეორდა: ზუსტად 11 წლის წინ იმავე ლიმასოლში ქართველები და სომხები ამხანაგურად გაეჯიბრნენ ერთმანეთს და გამარჯვება მაშინაც ჩვენს ნაკრებს დარჩა - 2:1. სომხები ყველანაირად ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ სხვა კავკასიელებზე უკეთესები არიან და თუმცა, ძირითადად, უშედეგოდ - ასეთივე მცდელობა,  მწვანე მინდორზეც აქვთ ხოლმე. საქართველოს ნაკრების მსგავსად, მარტში სომხეთის ნაკრებსაც მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის რუსეთთან, თუმცა ქართველი კოლეგისგან განსხვავებით, ვარდან მინასიანმა აქცენტი თამაშის მოგებაზე გააკეთა.

ვერც გაამტყუნებ - 1997 წელს წაგებული 0:7 სომხებს კიდევ დიდხანს არ დაავიწყდებათ და ქართველებთან ყველა შეხვედრას იმ სირცხვილის ჩამორეცხვის იმედით უყურებენ, თუმცა, სრულფასოვან რევანშზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენთვის 7 გოლის გასატანად რამდენი მატჩი დასჭირდებათ, ჯერ ეს არის საკითხავი. რაკი მინასიანი ვახსენეთ, სომეხთა "სპასპეტზე" ლაპარაკსაც აქვე მოვრჩეთ - ჩვენი მეზობლების მთავარ მწვრთნელს ისე უნდოდა მოგება, რომ ამხანაგურ მატჩში მეორე ცვლილება მხოლოდ 85-ე წუთზე გააკეთა, თემურ ქეცბაიას კი ამ დროისათვის ნახევარი გუნდი კაი ხნის შეცვლილი ჰყავდა.

სწორედ ცვლილებების "ბრალია", საქართველოს ნაკრებმა ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმი რომ ჩაატარა. როცა ძირითადი შემადგენლობით თამაშობდა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქეცბაიას სამწყსო გამართული მექანიზმი იყო, თავსაც მშვიდად იცავდა და ჩინებული კომბინაციების შემდეგ ორი ლამაზი გოლიც უძღვნა მეზობლებს. მატჩი ყველამ ნახა, მის აღწერას აღარ მოვყვებით და ყურადღებას მხოლოდ რამდენიმე ძირითად საკითხზე გავამახვილებთ. თემურ ქეცბაიამ კვიპროსზე წაყვანილი ორივე მეკარე თანაბრად, თითო ტაიმში დატვირთა და თუმცა სასიამოვნო, მაგრამ თავსატეხი მაინც გაიჩინა, ხორვატიასთან მატჩში ლორიას მიუჩინოს კარში ადგილი თუ რევიშვილს? სომხებთან ორივემ ძალიან დამაჯერებლად, უშეცდომოდ ითამაშა. ასე რომ, ბოლო წლების განმავლობაში პირველად ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ პოზიციაზე უკვე არჩევანის გაკეთება გვიწევს.

პირველ ნახევარში სასაყვედურო არც სხვა სათამაშო რგოლებთან გვაქვს, მაგრამ მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, ანუ მოედანზე რამდენიმე ახალი მოთამაშის გამოჩენისთანავე, ვითარება რადიკალურად შეიცვალა - უპირატესობას მთლიანად სომხები დაეუფლნენ და ორბურთიანი უპირატესობა და რევიშვილის საიმედო თამაში რომ არა, იქნებ ჩვენი "კეთილ-მეზობლების" ყბაშიც კი ჩაგვეგდო თავი. სამწუხაროდ, კვიპროსულმა მატჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ძველი გვარდიის" გარეშე (ანუ უახლოეს რამდენიმე წელიწადში) ძალიან გაგვიჭირდება.

მთლიანად ტაიმზე რომ არაფერი ვთქვათ, პირველი გოლიც "ვეტერანთა" დამსახურებაა. გარდა ამისა, გავიდნენ თუ არა მოედნიდან კალაძე, კობიაშვილი და ხიზანიშვილი, ნაკრების თამაში აირია და რგოლებს შორის იმხელა სივრცეები გაჩნდა, სომხებზე მაღალი კლასის მეტოქე ნამდვილად დაგვსჯიდა რამდენჯერმე. საოცარია, მაგრამ ძალიან ინერტული იყვნენ შეცვლაზე შესული ფეხბურთელები. ნაცვლად იმისა, ხორვატიამდე დარჩენილი ბოლო "რეპეტიცია" გამოეყენებინათ და მწვრთნელისთვის თავის მოწონება ეცადათ, სათადარიგოებმა ბრძოლის ჟინითაც კი ვერ ისახელეს თავი.

თუმცა, ჩვენ ეს ყველაფერი ტელევიზიით ვნახეთ, თემურ ქეცბაია კი მოედნის კიდიდან ადევნებდა თვალყურს. ეროვნული გუნდის მესაჭემ ისედაც ყველაზე კარგად იცის თავისი შეგირდების პლუს-მინუსები და კვიპროსული მატჩისგანაც შესაბამის დასკვნას გამოიტანს.

ასე რომ, თამაშით (მეორე ტაიმით) კმაყოფილი ვერ ვიქნებით, მაგრამ მთავარია, მოვიგეთ და ისიც დავინახეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი. საქართველოს ნაკრებმა შარშანდელივით მიმდინარე წელიც მოგებით და იმავე ანგარიშით (ესტონელებს 2:1 მოვუგეთ - ავტ.) დაიწყო, სულ კი ქეცბაიას "თამადობით" სარეკორდო, ზედიზედ მეცხრე წაუგებელი მატჩი ჩაატარა!

P.S. ცოტა ხნის წინ მკითხველმა სწორედ ჩვენი გაზეთის მეშვეობით შეიტყო, რომ ჩურჩხელაც "სომხური" ყოფილა, შოთის პურიც, ხვანჭკარაც, გოზინაყიც და "სუხიშვილებიც". შოთა რუსთაველი და ყველა ქართველი მეფეც რომ "სომხები" იყვნენ, ეგეც ძველი ამბავია. ჯერჯერობით, ჩვენი მეზობლები ფეხბურთელებზე არ გადასულან და არ ირწმუნებიან, პელე ერევანშია დაბადებულიო, მაგრამ ჩვენთან წაგება რაღაცით მაინც ხომ უნდა გაამართლონ და... ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ, თუ ცოტა ხანში იტყვიან, ქეცბაიაც "სომეხია" და იმიტომ წავაგეთო.