სარეკორდოდ და უკრაინაზე უკეთ - კვირის პალიტრა

სარეკორდოდ და უკრაინაზე უკეთ

საქართველო 80:0 ესპანეთი

ესპანეთის ნაკრები ერთა თასის დებიუტანტ უკრაინაზე ბევრად გამოცდილი და ძლიერი გუნდია, თუმცა, წინა მატჩის მსგავსად, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პროგრამა-მინიმუმი - პრემიალური ქულის მომტანი 4 ლელო პირველივე ტაიმში უძღვნა პირენეელებს და უკრაინაზე მეტი სხვაობით დაამარცხა!

როგორც გახსოვთ, წინა ტურში ბორჯღალოსნებმა 62:3 გაიმარჯვეს და უკრაინელებს 10 ლელო გაუტანეს. ამჯერად ლელო ერთით ნაკლები დავდეთ, თუმცა, სამაგიეროდ, სხვაობაა ქულით მეტი და სარეკორდო - 60:0. ესპანეთი ყოველთვის "კერკეტი კაკალი" იყო ჩვენთვის - "ლომები" განსაკუთრებით კარგად თბილისში გვეთამაშებოდნენ ხოლმე და მით უმეტეს, ფიცხელ ბრძოლას ველოდით ამჯერად - პირენეელებს ახალი სტრატეგია აქვთ არჩეული და თუ ვინმეს  ესპანური ფესვების მქონე მშობლები, ბებია-ბაბუა ან მეზობელი მაინც ჰყოლია, ყველას თავისი ქვეყნის ნაკრებში უხმეს.

თბილისში ჩამოსული 22 "ესპანელისგან" 15 ასეთი გზით იყო მოქუჩებული, სასტარტო თხუთმეტეულში კი სულ სამად სამი "ნაღდი" ესპანელი გახლდათ - დანარჩენები ფრანგები, არგენტინელები და ერთი ქართველიც (დავით გურგენაძე) იყვნენ. "ერთა თასის" წინა ტურში ესპანელი "ლეონესი" რუსებს დაუხვდა და 24:28 წააგო. ამიტომაც ისედაც ფეხმალი სტუმრებისა და მათი "შემოსწრებული" წევრებისგან გაცილებით მეტ წინააღმდეგობას ველოდით, თუმცა...

საგრძნობი დანაკლისის მიუხედავად, მასპინძლებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მომხდურები. დანაკლისი კი მართლაც თვალში საცემი გვქონდა - წარმოგიდგენიათ საქართველოს ნაკრები ზირაქაშვილის, გორგოძის, შველიძის, გიორგაძის, ხინჩაგაშვილის, ზედგინიძის გარეშე? და ყველაზე სასიხარულო სწორედ ის არის, რომ "სათადარიგოებმა" ისე საოცრად შეცვალეს სხვადასხვა მიზეზით გამოკლებული ეს მორაგბეები, რომ  "ლომებს" სარეკორდო სხვაობით ასროლინეს კუდით ქვა.

ამ ორ გუნდს შორის ყველაზე დიდი სხვაობით ქართველებმა ორი წლის წინ მადრიდში იმარჯვეს (55:11), ახლა კი ათვლის წერტილად ახალი, "სამოციანი" ნიშნული იქცა.

თუმცა, მთავარი ანგარიში სულაც არ არის - ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მწვრთნელთა მიერ დასახული მთავარი მიზანი - შერკინებისა და ხაზის თანაბარი წარმატებით მუშაობა თეორიიდან უკვე პრაქტიკაშიც წარმატებით გადაგვაქვს, ფორვარდების შედეგიანობა შესამჩნევად გაიზარდა და მხოლოდ შერკინების ხარჯზე კი არა, ქართული გუნდი გაცილებით სწრაფად, მრავალფეროვნად და კომბინაციურად უტევს.

ერთიმეორეზე უკეთესი ლელოები კი ზიბზიბაძემ (ორი), გუგავამ, კვირიკაშვილმა, კაჭარავამ, ხამაშურიძემ, ნატრიაშვილმა, ლაბაძემ და ახალბედა ბექა ურჯუკაშვილმა დადეს, რომელიც ზედიზედ მეორე მატჩია, ლელოს ავტორად გვევლინება!

შემდეგი გაჩერება 26 თებერვალს პორტუგალიაშია.