სამარცხვინო გამოცდილება - კვირის პალიტრა

სამარცხვინო გამოცდილება

საქართველო 35:108 ჩინეთი

საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ხუთივე მატჩი წააგო. დამარცხება არც უჩვეულოა და არც ტრაგიკული, თუმცა წაგებაც არის და წაგებაც - ჩვენები მიყოლებით განადგურდნენ საფრანგეთთან (51:89), ჩინეთთან (35:108), ირანთან (50:62), სლოვენიასთან (56:89) და ბულგარეთთან (58:84). ჩვენებმა ვერც მეცხრე-მეთორმეტე ადგილისთვის მატჩში მოახერხეს რამე და პუერტო რიკოსთანაც წააგეს 75:48... გარდა ამისა, სწორედ ქართველების ანგარიშზეა რამდენიმე "სარეკორდო" მაჩვენებელიც.

მსოფლიო კალათბურთის "გრანდ" ჩინეთთან 73 ქულის სხვაობით წაგებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამავე მატჩის მეორე ათწუთეულში გია კაზანჯიანის კრებულმა მხოლოდ 2 ქულის(?!) ჩაგდება მოახერხა და მეოთხედი 29:2 წააგო! ეგ კიდევ არაფერი - კიდევ ერთი "საკალათბურთო" ქვეყნის, ირანის წინააღმდეგ გამართულ მომდევნო მატჩში ქართველი ყმაწვილები უფრო შორს წავიდნენ და ერთი მეოთხედის სულაც უქულოდ ჩამთავრება (0:19) მოახერხეს!

შეიძLლება სიცხიანი იყო, თამაში არ "წაგივიდეს", მეტოქედ "სუპერგუნდი". გყავდეს და წააგო, მაგრამ ათი წუთის განმავლობაში ირანელ თანატოლებს კინკილა ქულასაც რომ ვერ ჩაუგდებ, ჩინეთთან კი მთელი მატჩის განმავლობაში ვერ გასცდები 35 ქულას, წესით, თავის გასამართლებელი მიზეზის პოვნა კი უნდა გაგიჭირდეს.

როცა ნაკრების მაისური გაცვია და ეროვნული დროშით ასპარეზობ, ცოტა მეტი მოგეთხოვება. კი ბატონო, ჩინელებს კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ დავიჯერო, ქართველ ბავშვებზე სამჯერ ძლიერები არიან, 108:35 რომ მოვიჭერით თავი?!

ბუნებრივია, კარგად გვესმის, რომ საქმე პატარა ბიჭებთან გვაქვს. მათი კარიერა ახლა იწყება და თითოეულ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც იქნებ არც უნდა ვიყოთ ზედმეტად კრიტიკული, მით უმეტეს, სანამ პირადად მათგან არ მოვისმენთ მიზეზებს. თუმცა, ვერაფრით დავიჯერებ, რომ რომელიმე მათგანი ჟურნალისტის შეფასებისგან უფრო მეტ ფსიქოლოგიურ ტრავმას მიიღებს, ვიდრე თურქეთის დარბაზში მიიღო ჩინეთთან, ირანთან და სხვებთან მატჩებში.

მერე კიდევ, მოთამაშეები ყველაზე ნაკლებად მგონია დამნაშავენი. ნამდვილად არ ვიცი, რა პრინციპით შეარჩია გია კაზანჯიანმა ნაკრების წევრები. შესაძლოა, ბევრი ფიქრობდეს, რომ ნაკრებში მოხვედრას ის უფრო იმსახურებდა, ვიდრე თურქულ ტურნირზე წასული რომელიმე მოთამაშე, მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს და, ბუნებრივია, პასუხსაც ის აგებს! თუ "შინაურების" შვილებისგან მოაქუჩა ნაკრები ან სხვა პრინციპით იმოქმედა, მაშინ ეს სირცხვილი და ბავშვებისთვის მიყენებული ფსიქოლოგიური ტრავმა მის კისერზე იყოს, მაგრამ თუ კაზანჯიანმა თურქეთში მართლაც საუკეთესონი წაიყვანა, ცუდად ყოფილა ქართული კალათბურთის საქმე!

პირადად მე ძალიან გამიხარდება, თუ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ნაკრების ხელმძღვანელებისგან ასეთი თამაშის "ობიექტურ" მიზეზებს მოვისმენ. ოღონდ, ერთი თხოვნა გვაქვს, ბატონებო - იმას ნუ იტყვით, ბიჭებმა გამოცდილება მიიღესო...