სამი ოვერტაიმი და ქართველები - კვირის პალიტრა

სამი ოვერტაიმი და ქართველები

დრამატული გამოდგა სლოვენიის თასის მეოთხედფინალური მატჩი ლუბლიანის "ოლიმპიასა" და ნოვო მესტოს "კრკას" შორის. მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე მეოთხედის დასაწყისში ვლადიმერ ბოისასა და გიორგი შერმადინის კლუბი 16 ქულასაც კი აგებდა, ძირითადი დროის ფრედ დამთავრება "ოლიმპიამ" მაინც მოახერხა.

გამარჯვებული ვერც ოვერტაიმმა გამოავლინა და კიდევ ორი დამატებითი ხუთწუთეულის დანიშვნა გახდა საჭირო. მესამე ოვერტაიმში კი ლუბლიანელებმა 18:9 გაიმარჯვეს და საერთო ჯამში 122:113 დაამარცხეს "ფარმაცევტები".

ბოლო მატჩებში შერმადინი კლუბის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და თანაგუნდელთა შორის ლამის ყველაზე შედეგიანიც არის, თუმცა, ამჯერად მწვრთნელმა გიორგი მხოლოდ რვა წუთი ათამაშა, რაც ქართველ ცენტრს მხოლოდ 1 ქულის, 3 მოხსნისა და თითო პასი-დაფარებისთვის ეყო. რაც შეეხება ბოისას, რომელსაც ტრავმის გამო 7 თვე გაუცდა, მან 24 წუთი დაყო მოედანზე და 2-2 ქულასა და ჩაჭრას თითო მოხსნა-პასი-დაფარებაც მიუმატა.