"ქართველი მგელი" UFC-ს ბილიკზე
"ქართველი მგელი" UFC-ს ბილიკზე
ლიანა ჯოჯუას პირველი გამარჯვება

"ქართველმა მგელმა" ლიანა ჯოჯუამ პირველი გამარჯვება მოიპოვა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაცია UFC-ში. 25 წლის ჯოჯუამ პირველივე რაუნდში მტკივნეული ილეთით დაამარცხა რუმინელი დიანა ბელბიტა (მეტსახელად "მეომარი პრინცესა". - რ.შ.) და ახალ დივიზიონში მოგება-წაგებათა ბალანსი გაათანაბრა. შეგახსენებთ, რომ UFC-ში მისთვის სადებიუტო შეხვედრაში ლიანა ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა კანადელ სარა მორასთან ("ჩიზქეიქი").

ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებული ყურადღება ლიანა ჯოჯუამ 2018 წელს დაიმსახურა, როცა მოსკოვის ცენტრალურ საკონცერტო ცენტრ "როსიას"" დარბაზში მოწყობილ
რინგზე რუსების ჯილა მარინა მოხნატკინა დაამარცხა და Fიგჰტ Nიგჰტს Gლობალ-ის ვერსიით პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი გახდა! მოხნატკინა მსოფლიოს ხუთგზის, ევროპის ორგზის და რუსეთის შვიდგზის ჩემპიონია სამბოში, MMA-ს (შერეული ორთაბრძოლების ასოციაცია) ეგიდით გამართული ოთხივე ბრძოლაც პირველივე რაუნდში ჰქონდა მოგებული, თუმცა "ღამის კოშმარის"" მეტსახელით ცნობილ რუსს "კოშმარად"
ჩვენებური ექცა...

მოხნატკინას დამარცხების შემდეგ ქართველმა "მგელმა" UFC-ს ყურადღებაც მიიქცია და გასულ წელს გახდა კიდეც პირველი ქართველი ქალი, ვინც შერეული ორთაბრძოლების უმაღლეს დონეზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სამწუხაროდ, სიცხემ და სადებიუტო ორთაბრძოლისთვის დამახასიათებელმა მღელვარებამ ლიანაზე ცუდად იმოქმედა და კანადელ "ჩიზქეიქთან" მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

რაც შეეხება გასული კვირის მიწურულს გამართულ მეორე ბრძოლას, აბუ-დაბიში მდებარე "მებრძოლთა კუნძულზე" გამართულ შეხვედრაში ლიანა გაცილებით კომფორტულად გრძნობდა თავს (ამაზე ნამატჩევს ილაპარაკა. - რ.შ.) და საწყის წუთებში ბელბიტას უპირატესობის მიუხედავად, ორთაბრძოლის პარტერში გადატანისთანავე ინიციატივას თვითონ დაეუფლა. შედეგად, "მეომარი პრინცესისთვის" მკლავის მოსატეხად (პირდაპირი მნიშვნელობით!), ლიანამ 2,5 წუთი იკმარა და ნამატჩევს UFC-ის პრეზიდენტის დანა უაითის მილოცვაც დაიმსახურა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ორ შეხვედრაში ჯოჯუას მოგება-წაგებათა ბალანსი თანაბარია. საერთო ჯამში კი "ქართველ "მგელს" (მომწონს ეს საბრძოლო მეტსახელი, ლამაზიც არის და რაც მთავარია, ქართულია! მანამდე მედოედს"("თაფლიჭამია მაჩვი" - აგრესიული, უშიშარი ცხოველი) მეძახდნენ, მაგრამ, ცოტა არ იყოს, არასერიოზულად ჟღერს. "მგელი" უფრო მომწონს, - 2018 წლის ინტერვიუში უთხრა "კვირის პალიტრას" ლიანა ჯოჯუამ. - რ.შ.) კარიერაში 11 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 8 მოიგო. ბელბიტას დამარცხების შემდეგ UFC-ის პირველმა ქართველმა მებრძოლმა ქალმა მცირე კომენტარი გააკეთა რუმინელთან ბრძოლასა და გეგმებზე:

"...დღევანდელი მოგება ძალიან ამაღელვებელი იყო, რადგან ორი წელია ეს გრძნობა აღარ განმიცდია. უზომოდ მომენატრა გამარჯვებით გამოწვეული სიხარულის განცდა და ოქტაგონზე გასვლისას მოსაგებად ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. თუმცა სიმართლე გითხრათ, ყველაფერი იმაზე სწრაფად დასრულდა, ვიდრე ველოდი... დიახ, ე.წ. არმბარი ჩემი საყვარელი ილეთია, მაგრამ მეტოქისთვის კიდევ ბევრი ხერხი მქონდა მომზადებული. ვადაზე ადრე მოსაგებად მზად ვიყავი, ბელბიტასთვის თავი, ხელი, ფეხი "მომეგლიჯა! როცა "არმბარი" წამოვიწყე, ვგრძნობდი, რომ იდეალური არ იყო - მხრით ვერ ავიღე და სრულად ვერც ფეხი დავაფიქსირე. დიანა ყველანაირად ცდილობდა თავი გაეთავისუფლებინა, მაგრამ როცა მეორედ გავაკეთე ილეთი, მკვეთრად გადავიზნიქე და აშკარად გავიგონე მეტოქის მკლავის სახსრის გატეხის ხმა... იმ მომენტში ყველაფერი გავაკეთე, რათა ორთაბრძოლა ვადაზე ადრე დამესრულებინა. იმედი მქონდა, დანებების ნიშნად ტატამს მალევე დაარტყამდა ხელს, მაგრამ დიდხანს არ დანებდა და იძულებული გავხდი მკლავი ძლიერად მომეტრიალებინა...

...რაც შეეხება UFC-ში გამართულ პირველ ორთაბრძოლას, ცხადია, დებიუტისას ძალიან ვინერვიულე –- უზარმაზარ დარბაზში ძალიან ცხელოდა და სუნთქვა მიჭირდა, მეტოქე კი ჩემზე გაცილებით მეტს იწონიდა. ამ ყველაფერმა ერთად მნიშვნელოვნად იმოქმედა ბრძოლაზე. ამჯერად გაცილებით უკეთესი იყო კონდიცირებაც, ოქტაგონის საფარიც და ა.შ. სიამოვნებას ვიღებდი ოქტაგონზე ყოფნით. ახლა ბევრად მოსახერხებელი იყო ბრძოლა, ვიდრე წინა ჯერზე.

... ძალიან მინდა მომდევნო ბრძოლისთვის მაინც მოვემზადო ნორმალურად, რადგან ბელბიტასთან შეხვედრამდე ძალიან ცოტა დრო მქონდა. ამჟამად ვცხოვრობ თურქეთში, სადაც მკაცრ კარანტინში ვიყავი. დარბაზი ერთი დღის გახსნილი იყო, როცა ორთაბრძოლის დანიშვნის შესახებ შემატყობინეს... ყველაზე რთული წონის ჩაბარება იყო - აწონისას კინაღამ გონება დავკარგე. ასე რომ, ახლა მაინც უნდა მოვემზადო ნორმალურად. ვიზა უკვე ავიღე და დიდი სურვილი მაქვს მოსამზადებელი კემპი ამერიკაში გავიარო.

... ბუნებრივია, ძალიან მინდოდა ბრძოლის შემდეგ დიანა მენახა და მეკითხა, როგორ მდგომარეობაში აქვს მოტეხილი მკლავი. სამწუხაროდ, არ გამიშვეს, საკუთარი ნივთების ასაღებად შესვლაც კი ვერ მოვასწარი... ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ მოვიდა და პირადად მომილოცა დანა უაითმა (UF ჩ-ს შეფი. - რ.შ.), რაც ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო იყო, მერე კი უამრავ კორესპონდენტს მივეცი ინტერვიუ და დრო აღარ დამრჩა... ბელბიტას აუცილებლად მოვინახულებ, რადგან მართალია, გამარჯვებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ნამდვილად არ მინდოდა ვინმესთვის ტკივილი მიმეყენებინა და მით უმეტეს, რამე მომეტეხა... რაც შეეხება დანა უაითთან შეხვედრას, მოულოდნელი იყო ჩემთვის პირველი გამარჯვება და ორგანიზაციის პრეზიდენტის მოლოცვა ძალიან სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ამბავია!

... ახალ წონით კატეგორიაში პირველი ორთაბრძოლის გამართვის შემდეგ, მივხვდი, რომ აქამდე, მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში, უზარმაზარ მებრძოლებთან მიწევდა შეხვედრა, ნამდვილ "მონსტრებთან", რომლებიც ძალიან დიდები და ძლიერები იყვნენ! გაბარიტებში უზარმაზარი სხვაობა ახალ წონაში გადასვლისთანავე ვიგრძენი. ახლა თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში".

ლიანა ჯოჯუას შემდეგ აბუ-დაბის "მებრძოლთა კუნძულზე" კიდევ ერთმა ქართველმა იჩხუბა – გასულ შაბათს, UFC-ში სადებიუტო შეხვედრა გამართა რომან დოლიძემ, რომელიც რუს ხადის იბრაგიმოვს დაუპირისპირდა. "კვირის პალიტრის" ფორმატიდან გამომდინარე, დოლიძის ორთაბრძოლის შედეგი გაზეთის ამ ნომერში ვერაფრით მოხვდებოდა, თუმცა იმედია, ქართველი მებრძოლის დებიუტი წარმატებული გამოდგა.
კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში მოასპარეზე ქართველების შესახებ: მერაბ დვალიშვილი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ გუსტავო ლოპესი დაამარცხა და UFC-ში ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა, როგორც იქნა, შეიყვანეს სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ტოპ-15-ში და მორიგი ორთაბრძოლაც დაუნიშნეს. 16 აგვისტოს ლას-ვეგასის Aპეხ-არენაზე მერაბი რეიტინგის მე-12 ნომერს, ჯონ დოდსონს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
21-09-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-09-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?