თვითიზოლაცია რაგბისგან - მამუკა გორგოძემ კარიერაც დაასრულა და კარანტინიც (ექსკლუზივი)
თვითიზოლაცია რაგბისგან - მამუკა გორგოძემ კარიერაც დაასრულა და კარანტინიც (ექსკლუზივი)
ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, პანდემიის დროს საკლუბო კარიერის დასასრულებლადაც "მოიცალა" და ახალი სტატუსი აქვს - "ყოფილი მორაგბე" მამუკა გორგოძე. რამდენიმე კვირის წინ, სამშობლოში დაბრუნდა და მარტომ - თვითიზოლაციაში "აღნიშნა" დაბადების დღე. რაც მთავარია, თხუთმეტწლიანი ფრანგული ზღაპრის შემდეგაც, ცხოვრებას საქართველოში აპირებს. ნელა-ნელა ვეჩვევი თბილისურ ცხოვრებასო - მითხრა რაგბის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა მოთამაშემ. "გორგოძილა" იშვიათი რესპონდენტია, "კვირის პალიტრას" კი ექსკლუზიურად ელაპარა განვლილ კარიერაზე, სამომავლო გეგმებზე, მარტოობაში გატარებულ დაბადების დღესა და ქართულ რაგბიში
არსებულ ვითარებაზე:

- პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, საფრანგეთში კარგა ხანს შემოვრჩი. ივლისის დასაწყისში, როგორც იქნა, მოვახერხე სამშობლოში დაბრუნება და ორი კვირა თვითიზოლაციაში გავატარე.

- იუბილესაც "კარანტინში" შეხვდი. ეს ყველაზე უჩვეულო დაბადების დღე იქნებოდა შენს ცხოვრებაში.
- ცხადია. ზარ-ზეიმით არც აქამდე აღვნიშნავდი ხოლმე, მით უმეტეს, რომ
ჩემი დაბადების დღეების უმეტესობა საკლუბო ან სანაკრებო შეკრებას ემთხვეოდა. მაგრამ ამჯერად, სიურპრიზი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მომიწყვეს - შუაღამისას, ჩემმა მეუღლემ და მისმა ძმამ "შემომაწოდეს" ტორტი, ბავშვობის მეგობრებმა და მეზობლებმა კი ფოიერვერკი მომიძღვნეს. უხერხულობასთან ერთად, დიდი სიხარულიც ვიგრძენი და თქვენი გაზეთის მეშვეობით, კიდევ ერთხელ ვეუბნები მადლობას!.



- შენსავით 14 ივლისს დაიბადნენ ვაჟა-ფშაველა, ქაქუჩა ჩოლოყაშვილი, ნოდარ დუმბაძე... გარდა ამისა, სწორედ ამ დღეს აღნიშნავს ეროვნულ დღესასწაულს ქვეყანა, სადაც მთელი კარიერა გაატარე... როგორც ჩანს, წინასწარ "გეწერა" პოპულარობა და საფრანგეთთან კავშირი...
- ძალიან სასიამოვნოა, როცა იცი, რომ ასეთი დიდი ადამიანებიც 14 ივლისს დაიბადნენ. რაც შეეხება საფრანგეთს, ბასტილიის აღების დღეს იქ გრანდიოზულად აღნიშნავენ და ჩემს ფრანგ გულშემატკივრებს ძალიან უხაროდათ, მათ ეროვნულ დღესასწაულზე რომ დავიბადე.

- ვაჟა-ფშაველა და ნოდარ დუმბაძე უდიდესი ჰუმანისტები იყვნენ. როგორც ჩანს, ეს თვისება ამ დღეს დაბადებულთა სახასიათო შტრიხია, ბოლო დროს ხომ ხშირად ამბობ - ამ "სიბერეში" ძალიან ჰუმანური გავხდი, ცხოველზე ვეღარასდროს ვინადირებო... ეს ყველაფერი მართლაც ასაკის მატებას უკავშირდება, თუ რომელიმე კონკრეტულ შემთხვევას?
- შესაძლოა, გარკვეულწილად ასაკსაც უკავშირდებოდეს (თუმცა - ჯერ რა დროს სიბერეა?!) და იმასაც, რომ სახლშიც გვყავს რამდენიმე შინაური ცხოველი. ნადირობა ძველებურად მიტაცებს, მაგრამ ბოლო დროს, რაღაცები გადავაფასე. ვაცნობიერებ, რომ მონადირეების უმეტესობა არა საკვების მოსაპოვებლად, არამედ გასართობად, თავდაჯერების ასამაღლებლად, საკუთარი სიძლიერის გამოსახატად კლავს ცხოველებს, რომლებსაც სიყვარულის უნარიც აქვთ და დედა-შვილობის გრძნობაც. ასეთ დროს ხვდები, რომ "ადამიანზე დიდი ცხოველი მართლაც არ არსებობს"... ამ ყველაფრის მიუხედავად, ფრინველზე ნადირობას ჯერაც ვერ შევეშვი, თუმცა, საქმეს ისე ეტყობა, ცოტა ხანში, მასაც დავანებებ თავს.

- ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ "პანდემიის შემდეგ, მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც მანამდე". რას ფიქრობ ამაზე და შენ რა გაჩვენა ბოლო თვეებმა?
- ახალმა ვირუსმა მსოფლიო უდიდესი სირთულეების და გამოწვევების წინ დააყენა. თუმცა ოპტიმისტები უნდა ვიყოთ და გვჯეროდეს, რომ ცხოვრება აუცილებლად დაუბრუნდება ჩვეულ კალაპოტს! რა გვასწავლა? კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბუნების წინაშე უძლურები ვართ. თუ ახალი კორონავირუსის ღამურისგან გავრცელებას დავიჯერებთ, გამოდის, რომ ერთმა პატარა არსებამ, ფაქტობრივად, "გააჩერა" მსოფლიო! ალბათ, ეს გარკვეული მინიშნებაც იყო, რომ პრიორიტეტები უნდა შევცვალოთ და ბევრ რაღაცაზე დავფიქრდეთ...

- პანდემიის დროს, როცა სპორტული სეზონიც შეწყვეტილი იყო, რაგბის გარეშე ყოფნა შედარებით ადვილი გადასატანი იქნებოდა. მაგრამ ტურნირები რომ განახლდება და აღარ ითამაშებ... უფრო მეტად არ გაგიჭირდება?
- შეიძლება, უფრო მომენატროს და ტელევიზიით, ან ტრიბუნიდან რაგბის ყურებისას, "ნოსტალგიამ" შემაწუხოს, მაგრამ როგორც ველოდი, ჯერ-ჯერობით, ისე ნამდვილად არ მიჭირს. არ მაქვს უკმარისობის გრძნობა, გული არაფერზე მწყდება! მეტის მიღწევა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ჩემი კარიერით კმაყოფილი ვარ. იმის მიუხედავად, რომ საფრანგეთის ჩემპიონი ვერ გავხდი.

- "ტულონი" სულ ფავორიტი იყო... ჩემპიონობამდე იღბალი გაკლდებოდათ?
- ღმერთის შემწეობას მთელი ცხოვრების განმავლობაში ვგრძნობ, ასე რომ, უიღბლობაზე ვერ ვიწუწუნებ. 31 წლამდე, სერიოზული ტრავმაც კი არ მიმიღია. რაც კი არსებობს, თითქმის ყველა ინდივიდუალური ჯილდო მოგებული მაქვს (ამპარტავნებად არ ჩამითვალოთ), ამიტომაც, საფრანგეთის ჩემპიონობაზე არ ვდარდობ. ისე, ტოპ-14-ის ჩემპიონი ვერ, მაგრამ ევროპის საუკეთესო კლუბი კი გავხდით. თუმცა, პირადად მე, თავს ჩემპიონად არ მივიჩნევ: იმ სეზონში, ჯგუფური ეტაპის მატჩებშიც ვითამაშე და მეოთხედფინალშიც, ნახევარფინალსა და ფინალში კი მწვრთნელმა არ მათამაშა. ვერც ვამტყუნებ - "ტულონში" ახალი მისული ვიყავი, ათი თავითაც ვერავის ვჯობდი და აწყობილ გუნდში რატომ შეცვლიდა რამეს?!

- საფრანგეთში გატარებული თხუთმეტი წლის განმავლობაში, კლუბი მხოლოდ ერთხელ გამოიცვალე: 9 წელი "მონპელიეში" გაატარე, 6 - "ტულონში". მიზეზი ერთგულებაა, შეჩვევა თუ ის, რომ კლუბებს არ ემეტებოდი გასაშვებად"?
- ერთგულების დამსახურებაც არის და კლუბებისაც. "მონპელიეს" ისე ძალიან უნდოდა ჩემი შენარჩუნება, ორჯერ, სასამართლოს გადაწყვეტილებით დამტოვეს კლუბში! 2014 წელს მაინც წავედი "ტულონში" მას შემდეგ, რაც რადიკალურად შეიცვალა ფაბიენ გალტიეს დამოკიდებულება ჩემს მიმართ. მანამდე, გალტიეს "მზე და მთვარე" ამოსდიოდა ჩემზე, მეუბნებოდა ხოლმე - მხოლოდ თამაშის წინა დღეს ივარჯიშეო (ცხადია, ასე არასდროს მოვქცეულვარ - ყველა ვარჯიშზე ბოლომდე ვიხარჯებოდი), მაგრამ კლუბში მარიო ლედესმას მოსვლის შემდეგ, მწვრთნელის დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. "ტულონში" გადასვლას არც ვნანობ - ვარსკვლავური გუნდის წევრი ვიყავი, თუმცა მთელი კარიერის ერთ კლუბში გატარება მაინც განსაკუთრებული გრძნობა იქნებოდა!



- ისევე, როგორც "ზირაქას" და "კლერმონის" შემთხვევაში...
- დიახ. მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც სწორად მოვიქეცი. განვითარებისთვის ყოველთვის იქ წასვლა სჯობს, სადაც მეტი კონკურენციაა. მონპელიე საფრანგეთის ყველაზე სპორტული ქალაქია, უმაღლეს დივიზიონში სპორტის ყველა სახეობაში ჰყავს გუნდები, ტულონში კი რაგბი სპორტის ნომერ პირველი სახეობაა, მთელი ქალაქი რაგბით ცხოვრობს!

- შეგიძლია გამოარჩიო ტოპ-14-ის რომელიმე მოთამაშე, რომლის მხარდამხარ ან წინააღმდეგ თამაში გამორჩეულად გახსოვს?
- გამორჩეული მოთამაშე არ მყავს. საუკეთესოდ ვაღიარებ ჯონა ლომუს, ამ კითხვის პასუხად კი "ტულუზის" ვერცხლისწყალივით მოძრავ ფულბეკს - ჩესლინ კოლბის გავიხსენებ. მის წინააღმდეგ ერთადერთხელ ვითამაშე, მაგრამ ისეთი სწრაფი იყო, დღემდე მახსოვს - ფენომენური სისწრაფის პატრონია! უამრავი მასზე მაგარი მორაგბის დასახელება შემიძლია, მაგრამ კოლბი იმით დამამახსოვრდა, რომ საოცრად სწრაფია.

- სტადიონს მიღმა მშვიდი, თავმდაბალი, გაწონასწორებული კაცი ხარ. მოედანზე - ფიცხი, ბოლომდე მებრძოლი, "ჩხუბისთავის" რეპუტაციის მქონე. რაგბის მოედანი ცვლის ადამიანს, თუ გამარჯვების წყურვილი?
- ორივე. მოედანის გარეთ არავინ ცდილობს ჩემს დაჩაგვრას და "მშვიდი" ვიქნები, აბა რა?! რაგბი კი ისეთი თამაშია, მოწინააღმდეგე ფიზიკურად გეხება, შენი დაშინება, დამარცხება უნდა. თუმცა, სანამ შემიძლია, დაჩაგვრის უფლებას არც მოედანზე მივცემ ვინმეს და არც - მის მიღმა!

- ემოციური ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხარ? რამ შეიძლება თვალი აუცრემლიანოს, გული აუჩუყოს მამუკა გორგოძეს?
- არ მწამს ისეთი "ვაჟკაცების", შეცოდება და ცრემლი, სიყვარული, მეუღლის დახმარება ან შვილების მოვლა სირცხვილად რომ მიაჩნიათ. ვაჟკაცობის ეტალონად სულაც არ მიმაჩნია თავი, არც ვაჟკაცობას ვასწავლი ვინმეს, მაგრამ მაღიზიანებს შეხედულება, თითქოს, "ნამდვილ ვაჟკაცს" გული არასდროს უნდა აუჩუყდეს, სახლში ბატონივით უნდა იჯდეს, ტელევიზორს უყურებდეს და ცოლ-შვილი ემსახურებოდეს. ვაჟკაცობა იქ უნდა გამოიჩინო, სადაც მართლა საჭიროა!

- არის შანსი, რაღაც ფორმით მაინც დაბრუნდე რაგბიში?
- ჯერ-ჯერობით, ამაზე არც ვფიქრობ და არც ამბიციები მაწუხებს. რაკი მაღალ დონეზე გითამაშია რაგბი, აუცილებელი ხომ არ არის, კარიერის დასრულებისთანავე მწვრთნელი გახდე, ან რაიმე თანამდებობაზე დაინიშნო? მით უმეტეს, როცა ამდენი წელიწადია წასული ხარ და არ იცი, აქ რა ხდება. თუ დაუფიქრებლად შეეჭიდე საქმეს, რომელსაც ბოლომდე არ იცნობ, წლების განმავლობაში დაგროვილ სიყვარულსა და პატივისცემას მოკლე ხანში გაატან ქარს. ჯერ შევხედავ, ავწონ-დავწონი და წლების შემდეგ, თუ შემოთავაზებები იქნება, რატომაც არა?! არასოდეს თქვა არასოდეს!

- თუმცა, კატეგორიულად ამბობ - მწვრთნელი არ გავხდებიო! რატომ?
- არ მიზიდავს ეს საქმე. ისე კი, ძალიან დისციპლინებული მწვრთნელი ვიქნებოდი... არ ვაღიარებ სპეციალისტებს, რომლებიც მოთამაშეებს გართობის, ალკოჰოლის მიღების, ვარჯიშზე სიცილ-ხარხარის უფლებას აძლევენ. ყველაფერს თავისი დრო აქვს! თავისუფალ დროს ზომიერად გაერთე, მაგრამ ის 1-2 საათი, რაც ვარჯიშისთვის არის გამოყოფილი, მხოლოდ რაგბის დაუთმე!

- შენი თავმდაბალი ხასიათიდან გამომდინარე, პანდემიის პერიოდი, შესაძლოა, ზედგამოჭრილი ყოფილიყო რაგბიდან პომპეზური გაცილების გარეშე წასასვლელად, მაგრამ ცოტათი მაინც არ გწყდება გული, საყვარელი თამაშიდან წასულს, ეროვნული ნაკრების, ან "ტულონის" ქომაგების ტაში რომ არ გაგყვა?
- არა, რადგან უკვე ვნახე ისეთი სიყვარული და სითბო, ყოველ ნაბიჯზე იმხელა დაფასებს ვგრძნობ, მეტი რაღა ვინატრო? საწაყნეად ნურავინ მიიღებს, მაგრამ გუნდში ახალმისულ მოთამაშეებს ახასიათებთ ხოლმე გულშემატკივრის ქება - დიპლომატიურად ცდილობენ თავის წარმოჩენას და ქომაგის კეთილგანწყობის მოპოვებას. მე რაგბიში აღარ ვარ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვეუბნები დიდ მადლობას ქართველ გულშემატკივარს, რომლის სიყვარულს და პატივისცემას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. "ტულონშიც" ძალიან ვუყვარდი მაყურებელს, რადგან ქომაგისთვის მთავარია ხედავდეს, რომ ბოლომდე იხარჯები და გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებ. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ბოლო ოთხი თვე ტრავმირებული ვიყავი, მერე კი, პანდემიის გამო ჩემპიონატიც შეწყდა და კარიერა დავასრულე, თორემ ბოლო მატჩის შემდეგ, ჰაერში რატომ არ ამისროლეს, ან ტაშით არ გამაცილეს-მეთქი, ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ.

- ქართველი ქომაგი კი ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გაიმართოს ზირაქას, გორგოძის და სხვა ვეტერანების გაცილების მატჩები.
- მადლობა მათ ასეთი სურვილისთვის. გაცილების გარეშე არაერთი მორაგბე წავიდა და არა უშავს, ჩვენც თუ არ გაგვაცილებენ. თუმცა, კარგი იქნებოდა, ვეტერანებთან დამშვიდობება ტრადიციად ჩამოყალიბდეს.

- შენი უახლოესი გეგმები საქართველოს უკავშირდება?
- დიახ, საქართველოში ვიცხოვრებ. როგორც გითხარით, ამ ეტაპზე, რაგბიში მუშაობას არ ვგეგმავ, მაგრამ გარკვეული გეგმები, ცხადია, მაქვს.

- რამდენიმე წლის წინ მითხარი - მეღვინეობა მიზიდავს და სომელიეს კურსის გავლასაც ვაპირებო. კიდევ ფიქრობ ამ მიმართულებაზე?
- ღვინოც მიყვარს, მეღვინეობც, სომელიეს საქმიანობაც ძალიან საინტერესოა. მაქვს სურვილი, ვცნობდე კიდეც და ხარისხიანი ღვინის დაყენებაც შემეძლოს, მაგრამ პროფესიად ან ბიზნეს-საქმიანობად არ განვიხილავ.

- რა რეაქცია გაქვს, როცა რომელიმე ახალგაზრდა მორაგბეს "ახალ გორგოძედ" მოიხსენიებენ? გასაგებია, რომ ეს ავანსად გაცემული შეფასებაა, მაგრამ მოთამაშისთვის პასუხისმგებლობის ტვირთის აკიდებაც ხომ გამოდის?
- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოთამაშეების უმეტესობას, ვისზეც ასეთი შეფასება მომისმენია, განსხვავებული სტილი აქვს. შესაძლოა, ბევრი რამით მაჯობონ, გამიხარდება კიდეც, თუ ჩემზე უკეთესი მოთამაშეები დადგებიან, მაგრამ... მე სხვანაირი სტილი მქონდა და ხშირ შემთხვევაში, ვერც ვხვდები - რა კრიტერიუმით მამსგავსებენ ამა თუ იმ მორაგბეს.

- კმაყოფილი ხარ ქართული რაგბის ახალი თაობით?
- ეროვნულ გუნდშიც და ასაკობრივ ნაკრებებშიც ბევრია პერსპექტიული ახალგაზრდა. სამწუხაროდ, 19-წლამდელთა ნაკრებიდან წამოსვლის შემდეგ, წყვეტა გვაქვს და ეს ბიჭები ვეღარ ვითარდებიან... პირველ რიგში, ეს იმის ბრალია, რომ უკანა ხაზის ძლიერი მოთამაშე საფრანგეთშიც ბევრია და მათზე არ არის ისეთივე მოთხოვნა, როგორიც ქართველ პირველხაზელებზე.

- რა არის გამოსავალი? სხვა ძლიერი ჩემპიონატებიც ვეძებოთ, თუ ეროვნული პირველობა გავაძლიეროთ?
- ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერება პანაცეად არ მიმაჩნია. რუმინეთს სწორედ მას შემდეგ დაეწყო რეგრესი, როცა ეროვნულ ჩემპიონატში ფული გაჩნდა და ტურნირი შესამჩნევად გაძლიერდა, ფრანგულ კლუბებში გადასვლის ნაცვლად, რუმინელი მოთამაშეები სამშობლოში რჩებოდნენ და... ვეღარ ვითარდებოდნენ!

- ჩვენი მოლოდინის საპირისპიროდ, "ექვსი ერის" გათამაშებას იაპონია და ფიჯი დაემატებიან (ერთჯერადად), საქართველოსთვის კი ვერც ამჯერად მოიძებნა ადგილი.
- ქართველებს გული კი გვწყდება, მაგრამ... ვაღიაროთ - ფიჯისგან და იაპონიისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ! 2016 წელს, ფიჯის მეორე გუნდის დამარცხების შედეგია ის, რომ გაჩნდა ილუზია, თითქოს კუნძულელებისთვის 2019 წლის მსოფლიო თასზეც უნდა მოგვეგო! რაც შეეხება იაპონიას, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მათ ნაკრებს თანაბრად ვეთამაშებოდით, დღეს კი, ეს გუნდი უკვე სხვა განზომილებაშია! დროის ასეთ მოკლე პერიოდში მსგავსი პროგრესი სხვა არც მახსენდება, მაგრამ ეს არც არის გასაკვირი უდიდესი დაფინანსების, არაერთი ნატურალიზებული მოთამაშის, ხანგრძლივი შეკრებებისა და ფრანშიზის გათვალისწინებით... ამ ყველაფრის ფონზე, წელს ერთჯერადად გასამართ "რვა ერში" ფიჯის და იაპონიის ჩართვა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. რომელიმეს ნაცვლად საქართველო რომ ჩაესვათ? ქომაგის დიდ ნაწილს იმედგაცრუებულს დატოვებდა თამაშების დიდი სხვაობით წაგება! აუცილებელია რაღაც შუალედურის მოძებნა, თორემ სპორტული თვალსაზრისით, უკვე ძალიან გავასწარით "ერთა თასის" გუნდებს. თუ ლიდერები გავხდებით ისეთ გუნდებთან, როგორებიც არიან კანადა, აშშ-ი, დღევანდელზე უფრო ძლიერი რუმინეთი, ტონგა, სამოა, ფიჯი, თუ გვექნაბა იტალიასთან უფრო ხშირად თამაშის შესაძლებლობა - ჩვენი პრეტენზიები ბევრად საფუძვლიანი იქნება.

- საუბრის ბოლოს, ქართულ რაგბიში შექმნილ ვითარებაზეც ვილაპარაკოთ: რა ჩანდა შორიდან და რის თქმა შეიძლება ახლა?
- შორიდანაც და "ახლო ხედითაც" ერთი რამ ჩანს - ქართულ რაგბიში დიდი არეულობაა. ვერ გეტყვით, ეს პანდემიის ბრალია თუ მენეჯმენტის, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული რაგბი დღეს არამხოლოდ გაყინულია, რეგრესსაც განიცდის. რამდენიმე დღის წინ, თანამდებობიდან გადადგა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე. მადლობა მას ყველაფრისთვის, რაც გააკეთა, იმისთვისაც - რის გაკეთებაც სცადა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩევნები დეკემბერში გაიმართება, მანამდე კი (ინტერვიუ ჩაიწერა გასულ კვირას, როცა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი 3 აგვისტოს დაგეგმილი გამგეობის სხდომის შედეგი. - რ.შ.) რაგბის კავშირს დროებითი საბჭო უხელმძღვანელებს. საბჭოს წევრებს პატივს ვცემ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პროცესის კიდევ უფრო გაჭიანურება შეცდომა იქნება. ყველამ ერთად - რაგბის კავშირმა, მთელმა სარაგბო ოჯახმა, გულშემატკივარმა, მთავრობამ და ა.შ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ უმძიმესი ვითარების გამოსასწორებლად.

- რას გულისხმობ?
- ვითარება ძალიან რთულია. ოჯახი რომ არჩინოს, ბევრმა მორაგბემ "გლოვოს" კურიერადაც კი დაიწყო მუშაობა! ამ ფონზე, არჩევნების დეკემბრამდე გადადება არასწორად მიმაჩნია. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი - ბაჩო ხურციძე და ირაკლი აბუსერიძე ჩემი მეგობრები არიან და ვიცი, რა შეუძლიათ. კარგი იქნება, თუ მათი ენერგია და გამოცდილება გაერთიანდება, თუ არადა, უკვე ვთქვი, ვისაც ვუჭერ მხარს... არჩევნები სასწრაფოდ არის დასანიშნი და ვისაც აირჩევენ, მან აქედანვე იცოდეს, რომ უდიდესი პასუხისმგებლობაც ექნება და ბევრი წინააღმდეგობაც.

- აქამდე რა გვიშლიდა ხელს პროგრესში?!
- ვერ დავიჯერებ, რომ რაგბის კავშირის რომელიმე პრეზიდენტს ან მისი გუნდის წევრს შეგნებულად უნდოდა საქმის გაფუჭება. მიზეზი და პრობლემა ბევრი იყო, არც ქვეჯგუფში გაგვიმართლა და საბოლოო ჯამში, უკანასკნელმა ოთხმა წელიწადმა მოლოდინი არ გაამართლა. მადლობა იმისთვის, რაც გაკეთდა, მაგრამ რაკი გოჩა სვანიძე გადადგა, ახლა, რაც შეიძლება მალე უნდა ავირჩიოთ რაგბის ახალი თავკაცი! ყველა ერთად უნდა დავუდგეთ გვერდით ქართულ რაგბის, რომელიც არც გოჩასია, არც ბაჩოსი ან აბუსი, არც ჩემი და თქვენი. ყველა ერთად დავუდგეთ გვერდით ქართულ რაგბის!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
21-09-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-09-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?