"კონიშუა", დავიდო - კვირის პალიტრა

"კონიშუა", დავიდო

პირველი ქართველი იაპონურ ფეხბურთში

ბოლო წლებია, იაპონიას ქართველი სუმოისტები "აწიოკებენ", ამიერიდან კი ამომავალი მზის ქვეყანაში წარმომადგენელი ქართულ ფეხბურთსაც ეყოლება - იაპონიის უმაღლესი დივიზიონის (ჯეი-ლიგა) კლუბ "სანფრეჩე ჰიროსიმაში" 32 წლის დავით მუჯირი ჩაირიცხა და "ნაბომბარ" ქალაქში წლის ბოლომდე დარჩება. "სანფრეჩეს" მთავარი მწვრთნელი მიხაილო პეტროვიჩია, რომლის ხელმძღვანელობითაც "მუმუ" წლების წინ ავსტრიის "შტურმში" აგორებდა ბურთს.

სწორედ პეტროვიჩმა მიიწვია იაპონურ კლუბში მუჯირი, რომელიც ბოლო თვეებში თბილისის "დინამოში" ვარჯიშობდა და თითქოს აპირებდა კიდეც მშობლიურ კლუბში დარჩენას, მაგრამ... დავით მუჯირი პირველი ქართველია იაპონიის საფეხბურთო ჩემპიონატში, თანაც გოლის გატანა ბოლო ორ საკონტროლო მატჩში მოახერხა და...

- დავით, უკვე რამდენიმე კვირაა "სანფრეჩე ჰიროსიმასთან" ერთად ვარჯიშობთ, შემოწმებაც გაიარეთ და გოლებიც გაგაქვთ, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებას არა და არ დაადგა საშველი. რა ხდება?

- ყველაფერი კარგად არის, ხელშეკრულებაც გავაფორმე უკვე, უბრალოდ, კლუბს ჯერ ოფიციალურად არ წარვუდგენივარ გულშემატკივრებისთვის. იაპონიაში რომ ჩამოვედი, გუნდი შეკრებაზე იყო ოკინავაზე და იქ შევუერთდი. რამდენიმე დღის შემდეგ ჰიროსიმაშიც ჩავედით ცოტა ხნით, სამედიცინო შემოწმება გავიარე, კონტრაქტიც გავაფორმე და განაცხადიც შევიტანე სამუშაო ვიზის მისაღებად. ახლაც შეკრებაზე ვართ იაზაკიში, 26 თებერვლამდე კიდევ რამდენიმე საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ და სწორედ 26-ში, როცა ჰიროსიმაში დავბრუნდებით, ოფიციალურად წარმადგენენ გულშემატკივრების წინაშე.

- კონტრაქტის პირობებიც გაგვიმხილეთ...

- "სანფრეჩესთან" 2011 წლის ბოლომდე გავაფორმე ხელშეკრულება, რაც იდეალური ვარიანტი იყო ჩემთვის. წინასწარ ხომ არ ვიცი, როგორ შევეგუები იაპონიის ჩემპიონატს. თუ სეზონის ბოლოს ორივე მხარე კმაყოფილი იქნება, კონტრაქტის გაგრძელებაზე მერე ვიფიქრებთ.

- ახლა გოლებზეც ვთქვათ - ზედიზედ მეორე მატჩია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებთ...

- ჰო, რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ და ბოლო ორ მატჩში მოვახერხე გატანა. "იოშიდასთან" დიდი ანგარიშით მოვიგეთ და პირველი გოლი მე შევაგდე მესამე წუთზე, "კატალერე ტოიამასთან" კი 2:1 დავმარცხდით და მაშინაც მე გავიტანე. იმედია, ასე გავაგრძელებ.

- იაპონიის ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა და მის სიძლიერეზე რაიმეს თქმა ჯერ გაგიჭირდებათ, მაგრამ ახალ კლუბზე რას გვეტყვით?

- რასაც ველოდი, "ჰიროსიმაში" იმაზე გაცილებით ძლიერი ფეხბურთელები დამხვდნენ. აქაურები შრომისმოყვარეები და დისციპლინირებულები რომ არიან, ჩამოსვლამდეც ვიცოდი, მაგრამ ბურთის ფლობითა და თამაშის ცოდნითაც გამაკვირვეს. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, სხვა იაპონური კლუბები რა მდგომარეობაში არიან, მგონია, რომ ამ გუნდით წარმატების მიღწევა შეიძლება. შარშან ქვეყნის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე გავიდნენ, იმის წინ - მეოთხეზე. როგორც გავიგე, იაპონიაში ორი სხვადასხვა სახის თასიც თამაშდება და ორივეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ასე რომ, საპრიზო ადგილების გარდა, თასებისთვისაც ვიბრძოლებთ.

- იაპონიასა და საქართველოს შორის საათობრივი სხვაობა საკმაოდ დიდია... უკვე "გადაერთეთ" ახალ დროზე?

- პირველად რომ გავედი გუნდთან ერთად მოედანზე, თბილისში ამ დროს დილის ხუთის ნახევარი იყო. ბუნებრივია, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ აქაურებმაც შემიწყვეს ხელი, ძალიან არ  დამტვირთეს და სამედიცინო შემოწმებაც მას შემდეგ ჩამიტარეს, რაც, ასე თუ ისე, მივეჩვიე იაპონიას. არაერთ კლუბში მითამაშია, სამედიცინო შემოწმებაც უამრავჯერ გამივლია, მაგრამ ისე საგულდაგულოდ და დეტალურად, როგორც იაპონელებმა "გამომიკვლიეს", არავის შევუმოწმებივარ.

- როგორც ვიცი, იაპონურ კლუბებს არ აქვთ უფლება, სამზე მეტი ლეგიონერი ათამაშონ.

- მართალია. უკვე მესამე წელია, "ჰიროსიმაში" ხორვატი მიტიჩი თამაშობს. გარდა ამისა, ჩემთან ერთად, გუნდს კიდევ ერთი მისი თანამემამულე - ანტე ტომიჩიც შეუერთდა.

- მიუხედავად იმისა, რომ "საფეხბურთო ენა" არ გესწავლებათ, ადგილობრივი ენის უცოდინარობა პრობლემას არ გიქმნით ამდენ იაპონელში ჩავარდნილს?

- ბუნებრივია, ენობრივი ბარიერი სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი მიხაილო პეტროვიჩი ვარჯიშზე გერმანულად გველაპარაკება, მის ნათქვამს კი ადგილობრივებს თარჯიმანი უთარგმნის ხოლმე. პეტროვიჩთან სამი წლის განმავლობაში ვთამაშობდი გრაცის "შტურმში" და მისი ისედაც ყველაფერი მესმის. რაც შეეხება მოთამაშეებს, ძალიან თბილად მიმიღეს და ცოტა ხანში საყველპურო იაპონურსაც ავითვისებ.

- პეტროვიჩი კი გიცნობთ კარგად, მაგრამ იაპონელებს როგორ გააცანით თავი? საერთოდაც, ქართულ ფეხბურთზე თუ იციან რამე?

- მიხაილოს სტრატეგიას კარგად ვიცნობ - მოსამზადებელ პერიოდში ძირითად აქცენტს ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე აკეთებს და "ჰიროსიმაშიც" ასეა - დღეში ორჯერ, ხანდახან სამჯერაც ვვარჯიშობთ. ჯერ ჩვეულ ფორმაში არა ვარ, მაგრამ იაპონიის ჩემპიონატი 5 მარტს იწყება და იმედია, იქამდე კარგად "გამიცნობენ" (იცინის). ქართულ ფეხბურთზე, ფაქტობრივად, არაფერი სმენიათ. იციან, რომ კარგი ძიუდოისტები გვყავს და ისიც მითხრეს, ელიტურ დივიზიონში ჭიდაობს რამდენიმე ქართველიო. თუ საშუალება მექნება, აუცილებლად წავალ მათ საქომაგოდ.

- ისეთი მეტსახელი გაქვთ, სადაურიც უნდა იყოს, მისი გამოთქმა არავის უჭირს. იაპონელებიც "მუმუს" გეძახიან?

- შევნიშნე, რომ ხშირად სახელებს ბოლოს "ო"-ს უმატებენ და შესაბამისად, მეც "დავიდოს" მეძახიან. ჩემი მეტსახელი კი ჯერ არავისთვის მითქვამს, ვუმალავ (იცინის). მხოლოდ ის მკითხეს, შენს მაისურზე სახელი დავაწეროთ თუ გვარიო და, ბუნებრივია, "მუჯირი" ავირჩიე.

- ბოლო წლებში იაპონიის ჩემპიონატში დიდი ფული ჩაიდო და ჯეი-ლიგაში არაერთ ცნობილ ფეხბურთელსაც უთამაშია.

- როგორც მითხრეს, იაპონიის ჩემპიონატში ორმოცდაათზე მეტი ლეგიონერი თამაშობს. უმრავლესობა ბრაზილიელია. ყველა გუნდი ცდილობს, ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტი ბოლომდე აითვისოს. სხვათა შორის, 2005 წელსაც მქონდა იაპონიაში თამაშის შანსი - "ჯეფ-იუნაიტედი" მიწვევდა, თუმცა მაშინ უარი ვთქვი. სიმართლე გითხრათ, მოუთმენლად ველი, როდის დაიწყება ქვეყნის ჩემპიონატი, ძალიან მაინტერესებს, რა დონისაა. კლუბის ბაზა, პირობები, საქმისადმი მიდგომა - აქ ყველაფერი საუცხოოა და ახლა უშუალოდ საფეხბურთო მხარის ნახვა მინდა.

- ისე, პირადად მე ჰიროსიმას ხსენებაზე ყოველთვის ატომური ბომბი მახსენდება... ხუმრობა იქით იყოს და, ქალაქის დათვალიერება თუ მოასწარით?

- როგორც გითხარით, ინტენსიური ვარჯიშები გვაქვს, თანაც, ძირითადად, სხვადასხვა ადგილას ვიკრიბებით, მაგრამ რაც ვნახე, ჰიროსიმას დაბომბილის არაფერი ეტყობა, ლამაზი ქალაქია (იცინის).