რობერტო კარლოსი მახაჩყალურ "ქერის ორმოში" - კვირის პალიტრა

რობერტო კარლოსი მახაჩყალურ "ქერის ორმოში"

რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატი ნელ-ნელა კატარის პირველობას ემსგავსება, სადაც ვეტერანი ვარსკვლავები, ძირითადად, ასტრონომიული გასამრჯელოსა და "უზრუნველი სიბერისთვის" მიდიან.

ასეთ ტრანსფერად იქცა სახელგანთქმული ბრაზილიელის, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონის რობერტო კარლოსის მახაჩყალის "ანჟიში" გადასვლაც. 37 წლის ბრაზილიელი კი ირწმუნება, ფული მთავარი არ არის და მახაჩყალამ საფეხბურთო თვალსაზრისით მიმიზიდაო (არა რა, ყველამ ისწავლა აფერისტობა. - ავტ.), მაგრამ ერთი გულიტი წავიდა გროზნოს "ტერეკში" "კვალიფიკაციის ასამაღლებლად" და მეორე რობერტო კარლოსი ჩადის დაღესტანში "გამოცდილების მისაღებად".

ბრაზილიის ნაკრებსა და მადრიდის "რეალში" წლობით ნათამაშები ფეხბურთელი მახაჩყალაში თამაშზე რომ დათანხმდება, კი უნდა მივხვდეთ, რომ გვარიან თანხაზეა ლაპარაკი. უფრო ზუსტად კი სამხრეთამერიკელის წლიური ჯამაგირი 6 მილიონ დოლარზე მეტი იქნება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ უკანასკნელ კლუბში, სან-პაულუს "კორინთიანსში", კარლოსი ხელფასის სახით წელიწადში 2,9 მილიონ დოლარს იღებდა, აპრილის დასაწყისში კი 38 წლის ხდება, თქმა არ უნდა, უახლოეს ორ წელიწადს ბრაზილიელი "ქერის ორმოში" გაატარებს. ეტყობა, ამის გამოა, ჩია მცველი რუსებს“კოჭს რომ უგორებს - მახაჩყალაში ჯერ ჩასულიც არ იყო და უკვე ირწმუნებოდა,  რუსეთის ჩემპიონატი ბრაზილიისას ჰგავსო.