ჯანომ ევროპაზეც გაიტანა - კვირის პალიტრა

ჯანომ ევროპაზეც გაიტანა

ესეც ასე - ჯანო ანანიძემ თავის "კოლექციას" ევროთასებზე გატანილი გოლიც მიუმატა. 18 წლის ქართველმა გასულ კვირას შვეიცარიის "ბაზელს" გოლი გაუტანა ევროპის ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში და მოსკოვის "სპარტაკს სტუმრად 3:2 მოაგებინა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე მატჩის მეორე ნახევარში შევიდა, იმ დროს კი, როცა შეხვედრის დამატებითი დროის მეორე წუთი იწურებოდა, გამარჯვების მომტანი ბურთი "ბაზელის" მეკარეს საჯარიმო დარტყმის გათამაშების შემდეგ, საკმაოდ შორიდან გაუტანა. ახალგაზრდა ქართველი მინდორზე 46-ე წუთზე გამოჩნდა. იმ დროისთვის, "სპარტაკი" 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ თამაშში ანანიძის ჩართვასთან ერთად, ბურთს უფრო ხშირად სწორედ მოსკოველები ფლობდნენ და გაცილებით აქტიურადაც უტევდნენ, რაშიც ჩვენებურსაც მიუძღვის წვლილი.

ნამატჩევს ხოტბა არც "სახალხო გუნდის" თავკაცმა ვალერი კარპინმა დაიშურა. თუმცა, მხოლოდ კარპინი კი არა, ამ დღეებში მთელი რუსეთი ანანიძეზე ლაპარაკობს. მეტიც, "სპარტაკის" ფანები მის ძირითად შემადგენლობაში ჩასმას მოითხოვენ და კლუბს აფრთხილებენ - ჯანოს გაყიდვა არც იფიქროთო! რუსებს ჯერ ისიც ვერ მოუნელებიათ, უნიჭიერესი ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშზე რომ ვერ დაითანხმეს და, ბუნებრივია, მისი მოსკოვში დატოვებაც სურთ. თუმცა, თუ მისი გადაბირების მსურველთა რაოდენობასა და "გაბარიტებს" გავითვალისწინებთ, ძნელი წარმოსადგენია, 18 წლის ტალანტი რუსულ კლუბში დიდხანს გააჩერონ.