მგლებთან ლიდერებით ჩავალთ - კვირის პალიტრა

მგლებთან ლიდერებით ჩავალთ

26 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს "ერთა თასის" ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი ელის პორტუგალიაში. ჩვენს მსგავსად იქაური "ლობუში" ("მგლები") წელს დაუმარცხებელია - შინ რუმინეთს მოუგეს, სტუმრად რუსეთს და, ბუნებრივია, საქართველოსთანაც მოსაგებად ილესავენ კბილებს.

არც ჩვენი გუნდი აპირებს ლისაბონიდან დამარცხებულის რანგში წამოსვლას - მით უმეტეს, ესპანეთთან შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ. თანაც, შაბათის მატჩისთვის ლიდერებიც დაგვიბრუნდებიან, მათ შორის - მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი, დავით ხინჩაგიშვილი და გოდერძი შველიძე. გორგოძეს ხან ტრავმა უშლიდა ხელს, ხანაც დისკვალიფიკაცია და თითქმის ერთი წელია, ნაკრებში აღარ გამოჩენილა. რაც შეეხება "ზირაქას", ის ესპანეთთან საკლუბო ამბების გამო დაგვაკლდა. მოკლედ, ლისაბონში ლიდერებით მივდივართ და იმედია, ისევ ლიდერებად დავბრუნდებით.