"ოქროს ბურთი" არც ერთ ფეხბურთელს არ გადაეცემა
"ოქროს ბურთი" არც ერთ ფეხბურთელს არ გადაეცემა
ფოტო:პაოლო მალდინი
ივლისის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ ბოლო 64 წლის განმავლობაში პირველად, "ოქროს ბურთი" არც ერთ ფეხბურთელს არ გადაეცემა! "ფრანს ფუტბოლი" 1956 წლიდან აჯილდოებდა წლის საუკეთესო ფეხბურთელს (2010-2015 წლებში ფიფასთან ერთად), თუმცა წელს ფრანგულ გამოცემაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება­ მიიღეს. მიზეზი - ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია, რომელმაც­ "ფეხბურთელები არათანაბარ პირობებში ჩააყენა". "არ გვინდა ჩვენი ჯილდოს აღწერას დაემატოს პუნქტი - "კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისას განსაკუთრებულ გარემოებებში მოგებული პრიზი". არ შეიძლება ფეხბურთელები შევაფასოთ ერთნაირად, როცა ზოგიერთი მათგანისთვის
სეზონი ჩავარდა", - ნათქვამია "ფრანს ფუტბოლის" განცხადებაში.

არც ისე მყარი არგუმენტია, რადგან ევროპის ტოპლიგების უმეტესობაში სეზონი უკვე დასრულდა, ან საცაა დასრულდება.

ისე კი, ბევრის აზრით, "ფრანს ფუტბოლს" ეს გადაწყვეტილება აქამდეც უნდა მიეღო, რადგან "ოქროს ბურთის" დაჯილდოებამ აზრი დაკარგა - არა მარტო იმიტომ, რომ ბოლო წლებში
დაჯილდოების ცერემონიალი ორი ფეხბურთელის დუელად იქცა (ტიტულის მოქმედ მფლობელ ლეო მესის ექვსი "ოქროს ბურთი" აქვს, კრიშტიანუ რონალდუს - ხუთი), ბევრი სხვა მიზეზის გამოც. თუმცა ამ მიზეზებზე ლაპარაკს ახლა აზრი არა აქვს. მხოლოდ ის ვთქვათ, ყველაზე მეტად ვინ დაზარალდა გამოკითხვის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით:

უპირველესად, ალბათ, რობერტ ლევანდოვსკი! მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელმა ფორვარდმა სეზონი საუცხოოდ ჩაატარა (მხოლოდ ბუნდესლიგაში 34 გოლი გაიტანა, პლუს - 11 ჩემპიონთა ლიგაზე და 6 - გერმანიის თასზე!) და წლის ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტი გახლდათ. პორტალ ჭჰოშცორედ-ის სტატისტიკური მონაცემების დაჯამების შედეგად მიღებულ ცხრილში ლევანდოვსკი მცირედით ჩამორჩება ლიონელ მესის, რომელსაც მიმდინარე სეზონის თითოეულ მატჩში საშუალოდ 8,68 შეფასება აქვს. პოლონელი თავდამსხმელის მაჩვენებელია 8,30, მესამე პოზიციაზე მყოფი კილიან მბაპესი - 8,0. კრიშტიანუ რონალდუ მხოლოდ მეხუთე პოზიციაზეა (7,76 ქულით)...

ტიერი ანრი

გაიმარჯვებდა თუ არა ლევანდოვსკი "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში? გადაჭრით ვერავინ იტყვის. თუმცა პოლონელმა კარგი შანსი რომ დაკარგა, ცხადია. ამიტომაც დღეს გავიხსენებთ XXI საუკუნის რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებიც ამა თუ იმ სეზონში სხვებზე მეტად თუ არა, ნაკლებად ნამდვილად არ იმსახურებდნენ გამარჯვებას, თუმცა "ოქროს ბურთის" გარეშე დარჩა. ნუ გაგიკვირდებათ, ჩამონათვალი პელეს, მარადონას, ზიკოს ან კემპესის გვარების გარეშე - 1990-იანი წლების შუახანებამდე "ფრანს ფუტბოლის" ჯილდო მხოლოდ ევროპელებს გადაეცემოდათ:

პაოლო მალდინი ("მილანი"; რომელიმე წელს, ერთხელ მაინც!) - ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა კარიერა ისე დაასრულა, "ოქროს ბურთი" ერთხელაც ვერ მოიგო. გასაგებია, რომ მცველებისა და მეკარეებისთვის ეს ჯილდო თითქმის არასდროს ემეტებათ, მაგრამ... ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებული და "სკუდეტოს" შვიდგზის მფლობელი ორჯერ (1994 და 2003 წლებში) გავიდა მესამე ადგილზე წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში და თანაკლუბელებს - ჯორჯ ვეას და პაველ ნედვედს ჩამორჩა.

დევიდ ბექჰემი ("მანჩესტერ იუნაიტედი", 1999) - XXI საუკუნის დადგომამდე ერთი წლით ადრე "მანჩესტერმა" სასწაული მოახდინა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. გარდა ამისა, გახდა ინგლისის ჩემპიონი და მოიგო ქვეყნის თასიც. ბექჰემი იმ გუნდის ლიდერი გახლდათ და "ოქროს ბურთის" ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტიც, თუმცა 1999 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღო რივალდომ, რომელიც "ბარსელონის" შემადგენლობაში ესპანეთის, ბრაზილიის ნაკრების რიგებში კი "კოპა ამერიკის" ჩემპიონი გახდა.

დევიდ ბექჰემი

ფრანჩესკო ტოტი ("რომა", 2001) - რომაული კლუბის ლეგენდამ 2001 წელს სკუდეტო მოიგო, "სერია ა"-ში 13 გოლი გაიტანა და კარიერაში ყველაზე ახლოს იყო "ოქროს ბურთის" მოგებასთან. "იმპერატორის" (ტოტის მეტსახელია. - რ.შ.) და მისი გულშემატკივრების სამწუხაროდ, ჯილდო ერგო ახალგაზრდა ინგლისელ მაიკლ ოუენს, რომელმაც "ლივერპულთან" ერთად მოიგო უეფას თასი, ასევე ლიგის თასი და ინგლისის თასი.

რობერტო კარლოსი ("რეალი", 2020) - იაპონია-სამხრეთ კორეაში გამართული მუნდიალის მოგების შემდეგ ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი რონალდო "ოქროს ბურთის" მოგების მთავარი კანდიდატი გახდა. მართალია, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ოლივერ კანი დასახელდა, რონალდოს თანაგუნდელმა რობერტო კარლოსმა კი მუნდიალთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, წლის ფეხბურთელად მაინც "კიჭა" დასახელდა. მოგვიანებით, რონალდომ თავადაც აღიარა, რომ ჯილდოს კარლოსი უფრო იმსახურებდა, მაგრამ...

ტიერი ანრი ("არსენალი", 2004) - იმ სეზონში წლის მთავარი ინდივიდუალური ჯილდო "მილანის" ფორვარდ ანდრეი შევჩენკოს გადაეცა, ფიფას ვერსიით საუკეთესო მოთამაშე კი "ბარსელონელი" რონალდინიო გახდა. არადა, სწორედ ტიერი ანრის დამსახურებაა ლონდონის "არსენალის" უნიკალური მიღწევა - ინგლისის ჩემპიონის ტიტული წაგების გარეშე! დიახ, ანრი გუნდის ლიდერი იყო, მაგრამ მისი ფანტასტიკური თამაში დაუფასებელი დარჩა.

ჯან-ლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი", 2006 და 2017წწ.) - ლეგენდარული იტალიელი გოლკიპერი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება, თუმცა განსაკუთრებულად გამორჩეული სეზონებიც ჰქონდა. "ოქროს ბურთთან" ყველაზე ახლოს ჯიჯი იყო 2006 წელს, როცა მუნდიალზე იტალიის ნაკრების გამარჯვების შემდეგ "წლის ფეხბურთელის" ტიტული ბუფონის თანაგუნდელ ფაბიო კანავაროს დარჩა. ასევე, 2017 წელს, როცა იტალიაში შესრულებული დუბლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა. იტალიელთა სამწუხაროდ, ფინალურ მატჩში "იუვენტუსმა" "რეალთან" წააგო (1:4), "ოქროს ბურთი" კი მადრიდელთა ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს დარჩა.

ვესლი სნეიდერი ("ინტერი", 2010) - ის სეზონი საუკეთესო იყო ჰოლანდიელის კარიერაში. მილანის "ინტერთან" ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ჩემპიონატი და თასი, გარდა ამისა, ჰოლანდიის ნაკრებს მუნდიალის ფინალში გასვლაში დაეხმარა. ამ ყველაფრის მიუხედავად, "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში სნეიდერი მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა და ჩამორჩა "ბარსელონის" ტრიოს მესის თავკაცობით; იმ მესის, რომლის "ბარსელონასაც" "ინტერმა" ლიგის ნახევარფინალში აჯობა.

ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა", 2010 ან 2012 წწ.) - 2010 წლის მუნდიალის ფინალში გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალში იტალიის განადგურების (4:0) ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ინიესტა ორჯერ დასახელდა "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სამეულში, თუმცა ორივეჯერ ჩამორჩა ფეხბურთელს, რომელსაც ყველაზე ხშირად ეხმარებოდა გოლების გატანაში - ლეო მესის!

ფრანკ რიბერი ("ბაიერნი", 2013) - 2013 წელი ტრიუმფული იყო რიბერის და მიუნხენური კლუბისთვის: ჩემპიონობა ჩემპიონთა ლიგაში, გერმანიის ჩემპიონატში და თასზე! თუმცა "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში რიბერი მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა მესის და რონალდუს შემდეგ. არადა, დაჯილდოებამდე ყველა აღიარებდა, რომ იმ სეზონში სწორედ ფრანგი იყო ამ სამეულის ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე. ფაქტია, არგენტინელისა და პორტუგალიელის ბომბარდირული თვისებები რიბერის ტიტულებზე მაღლა დააყენეს.

ანდრეა პირლო ("იუვენტუსი", 2014) - ბევრის აზრით, 2014 წელს რონალდუზე მეტად სწორედ იტალიელი ნახევარმცველი იმსახურებდა წლის ფეხბურთელის წოდებას. იმ სეზონში ანდრეამ "იუვეს" მესამე "სკუდეტო" მოაგებინა და როგორც შეეძლო იტალიის ნაკრებსაც "მიათრევდა", თუმცა "სკუადრა აძურას" ვერც პირლოს ძალისხმევამ უშველა და იტალია ქვეჯგუფში ჩარჩა.

მესი-რონალდუ-მოდრიჩი (2015-2019 წწ.) - მომდევნო წლებში მესისა და რონალდუს უპირატესობა იმდენად თვალსაჩინო იყო, ცალკეული ფეხბურთელების ჩინებული თამაშის ფონზე არგენტინულ-პორტუგალიური ჰეგემონიის დამხობა შეუძლებელი ჩანდა. თუმცა 2018 წელს დუელში მაინც ჩაერია ლუკა მოდრიჩი და მოიგო კიდეც "ოქროს ბურთი".

წლევანდელი ჯილდო პანდემიამ "მოიგო", გაისად კი... ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?