"შეჯიბრების შემდეგ განცხადება დავწერე - ნაკრებიდან გამათავისუფლეთ-მეთქი. ყველას გაუკვირდა. მიზეზი ის იყო, რომ გავთხოვდი და..."
"შეჯიბრების შემდეგ განცხადება დავწერე - ნაკრებიდან გამათავისუფლეთ-მეთქი. ყველას გაუკვირდა. მიზეზი ის იყო, რომ გავთხოვდი და..."
"ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება მაინც დედობა გახლავთ. ჩემი თინიკოს დაბადებით გამოწვეულ სიხარულზე უფრო დიდი განცდა მე არ მქონია. თანაც როდის - გათხოვებიდან მეცხრე წელიწადს"

საბჭოეთის დედაქალაქში იმ დღეს დილიდანვე წვიმდა, "კრილატსკოეს" სასროლეთზე ცივი ქარი ზუზუნებდა. გალუმპულ მშვილდოსნებს გათოშილი ხელი არ ემორჩილებოდათ. ბევრმა მკაცრ გამოცდას ვერ გაუძლო და სამი დღის ნაჯაფი ქარს გაატანა. ბავშვობისას გაჭირვებაგამოვლილი ქეთევან ლოსაბერიძე ბუნების ჭირვეულობასაც გაუმაგრდა და მეტოქეთა წინააღმდეგობასაც, ზუსტად ისროდა მიზანში.

1980 წლის 3 აგვისტოს გაზეთი
"ლელო" დაწერს: "ქარი კი თავისას არ იშლიდა - სახეში სცემდა მოასპარეზეებს, რომლებიც ნაშუადღევს 60 მეტრიან დისტანციაზე გამოვიდნენ. ამ დროს მშვილდოსნებს რამდენჯერმე გადაუარა თავზე შვეულმფრენმა, საიდანაც საბჭოთა ოპერატორები კრილატსკოეში მიმდინარე მშვილდოსანთა და ნიჩბოსანთა სტარტებს იღებდნენ მოსკოვის დიდი ოლიმპიადის ფილმისთვის.

თუ ეს კადრები ამ სურათში შევა, დიქტორი,
ალბათ, იტყვის: "ასე ისროდა ქეთევან ლოსაბერიძე - მოსკოვის ოლიმპიადის... მედლის მფლობელი". ნეტავ ვიცოდეთ, რა სახის მედალი იქნება ეს? ნერვები მომართული მშვილდივით დაგვეძაბა ყველას, სუნთქვა გვეკვროდა, როდესაც ქეთევანი "ათიანებს" უმიზნებდა.

წარმოგვიდგენია, რა დღეში იყო ამ დროს თვით სპორტსმენი, თუმცა გარეგნულად ვერაფერს შეატყობდით"...

ასპარეზობის სტარტიდან დაწინაურებული ფინიშთანაც პირველი იყო: 1980 წლის 2 აგვისტოს ქალბატონმა ქეთევანმა 2491 ქულა მოაგროვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ავიდა - ვერცხლის მედალოსან თანაგუნდელ ნატალია ბუტუზოვას 14 ქულით აჯობა, ხოლო ვაჟებში ჩემპიონს, 18 წლის ფინელ ტომი პოიკოლაინენს 36 ქულით გაუსწრო.

საბჭოთა მშვილდოსნობის ისტორიაში ეს არნახული წარმატება იყო. და არა მარტო საბჭოეთისა: ქართველი ჩუნიბი ევროპიდან პირველი და დღემდე ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონია მშვილდოსან ქალთა შორის.
იმ დიდი გამარჯვებიდან 2 აგვისტოს 40 წელი შესრულდა.

არადა, ყველაფერი მართლაც ინდაურის ფრთებით დაიწყო. ტყიბულში დაბადებულ-გაზრდილი ქალიშვილი, პატარაობიდანვე შრომას იყო შეჩვეული. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა, ამიტომ ცხრავე და-ძმას საკუთარი წვლილი შეჰქონდა საოჯახო საქმეში. ქალბატონი ქეთევანი თავად იკაფავდა გზას, ნებისყოფისა და შრომისმოყვარეობის უნარი გამოიმუშავა, რამაც სპორტში უმაღლესი მწვერვალები დააპყრობინა.

ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის პირველკურსელი იყო, შალვა ჯაშიაშვილმა ქალბატონ ქეთევანსა და მის რამდენიმე მეგობარს მშვილდოსნობაში ვარჯიში რომ შესთავაზა. შრომაში გამოწრთობილს არ გასჭირვება ფიზიკურ დატვირთვებთან შეგუება. ნახევარი საუკუნის წინათ სად იყო დღევანდელის მსგავსი ინვენტარი. ისრებისთვის ინდაურის ფრთებს იყენებდნენ. გოგონები ბატონ შალვასთან ერთად დადიოდნენ ბაზარში და ინდაურებს ჩუმად აჭრიდნენ ფრთებს. მერე, საიდუმლო რომ გამჟღავნდა, მწვრთნელ-შეგირდების გამოჩენისთანავე ქალები ფრინველებს კალთის ქვეშ მალავდნენ...

- პირველ წარმატებას 1967 წელს მივაღწიე - წვრთნის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ქუთაისში "დინამოს" სტადიონზე საქართველოს ჩემპიონი გავხდი, - იხსენებს გარდასულ დღეებს სახელოვანი ვეტერანი სპორტსმენი. - მას შემდეგ, რაც მშვილდოსნობა ოლიმპიურ თამაშებს დაუბრუნდა, უფრო ინტენსიურად დავიწყეთ ვარჯიში, რადგან საბჭოთა კავშირმაც შეიტანა ეს სახეობა სპარტაკიადების პროგრამაში.

1971 წელს მე-5 ადგილი დავიკავე პირადში, საქართველოს ნაკრებმა კი, რომლის შემადგენლობაშიც ჩემთან ერთად გუგული რიჟამაძე და ლუბოვ ასატუროვა გამოდიოდნენ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლუბას სულ რაღაც ერთი წლის დაწყებული ჰქონდა ვარჯიში, მაგრამ ყოფილმა ნიჩბოსანმა მალევე აუღო ალღო სპორტის ამ სახეობას და სპარტაკიადის ჩემპიონიც გახდა. ფაქტობრივად, ეს სენსაცია იყო. იმავე წლის ბოლოს საკავშრო თასიც მოიგო.

- საბჭოთა ნაკრებში როგორ აღმოჩნდით?
- საკმაოდ სტაბილური შედეგები მქონდა, რამდენიმე ტურნირში გამოვიჩინე თავი. 1972 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში მე, ემა გაპჩენკო და ვალენტინა კოფმანი გამოვდიოდით, გუნდურში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. პირად პირველობაში კი ოქროს მედალი მე დავიმსახურე. იმავე წელს ოლიმპიურ ნაკრებშიც მიმიწვიეს, რადგან მიუნხენის ოლიმპიადის პროგრამაში მშვილდოსნობა აღადგინეს. იქაც სამნი გავემგზავრეთ. თავიდანვე ლიდერებში ვიყავი, მაგრამ ბოლო სერიაში დავთმე პოზიცია - ბრინჯაოს პრიზიორ ემა გაპჩენკოს ქულით ჩამოვრჩი და მეოთხე ადგილი დავიკავე. ჩემპიონობა ამერიკელმა დორინ იულბერმა მოიპოვა.

მეორე ადგილზე პოლონელი ირენა შიდლოვსკა გავიდა. არადა, ევროპის ჩემპიონატზე ორივე პრიზიორს დიდი უპირატესობით ვაჯობე. ჩვენმა მწვრთნელმა არსენ ბალოვმა თქვა - ქეთევანმა ოქრო დაკარგა, ვერცხლი დათმო და ბრინჯაო გაასაჩუქრაო. ცხადია, გული დამწყდა, რადგან კარგად ვიყავი მომზადებული. შეჯიბრების შემდეგ კოტე მახარაძე მოვიდა და დამამშვიდა: არა უშავს, რომ ქეთო და კოტე არ გამოვიდაო. ჩვენი უბადლო ტელეკომენტატორი საბჭოთა ტელევიზიისთვის მედალოსნებზე გადაცემებს ამზადებდა.

- მიუნხენის ოლიმპიადის შემდეგ თქვენ აქტიურ სპორტს თავი დაანებეთ. რა მოხდა?
- არა. მიუნხენის შემდეგ სამი წელიწადი გამოვდიოდი სარბიელზე. 1973 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც გავხდი პირადში, 1974-1975 წლებში პრიზიორი ვიყავი, მილანისა და ლოძის ტურნირები მოვიგე. განსაკუთრებით მილანის ტურნირი იყო საინტერესო 1975 წელს. იქ ტრადიციულად "ამბროზიანოს" თასი გათამაშდა. ქალებს ვძლიე. მთავარი პრიზისთვის მამაკაცებში გამარჯვებულ მასპინძელს - სპირალელის შევხვდი. მაჯობა, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ რევანში ავიღე. მშვიდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა რუსკონიმ საბჭოთა ნაკრების წევრები ვახშამზე მიგვიწვია შინ და ასპარეზობის მთავარი ჯილდო - "ვერცხლის ყელსაბამი" იქ გადმომცა.

იმ შეჯიბრების შემდეგ განცხადება დავწერე - ნაკრებიდან გამათავისუფლეთ-მეთქი. ყველას გაუკვირდა. მიზეზი ის იყო რომ 1974 წელს გავთხოვდი და როგორც ყველა ქალი, მეც დედობაზე ვოცნებობდი. ამიტომ დიდ სპორტს ჩამოვშორდი. 1978 წელს საქართველოს სპორტკომიტეტის ხელმძღვანელობამ მთხოვა, მომავალი წლის საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადისთვის დამეწყო მზადება - სუსტი წერტილი მომიძებნეს: საპრიზო ადგილზე თუ გახვალ, ვაკეში ოროთახიან ბინას მოგცემთო. მაშინ იოლი არ იყო ბინის მიღება. მეც დავყაბულდი.

მალევე აღვიდგინე სპორტული ფორმა, მეორედ მოვიპოვე საბჭოთა კავშირის თასი, კიოლნის ტურნირზეც პირველი ვიყავი. 1979 წლის სპარტაკიადაზე მეორე ადგილი დავიკავე - ნატალია ბუტუზოვამ მაჯობა. იმ წლებში მას, მართლაც, მაღალი შედეგები ჰქონდა. მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი მათემატიკის მასწავლებლად ვმუშაობდი. კათედრის გამგეს - პოლიკარპე ზერაგიას ჩემი წარმატება რომ შეუტყვია, უხუმრია, ბინას უმიზნებდა და როგორ ააცდენდაო. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
დღის კითხვადი სტატიები