"ბებერი ქალბატონი" პროფესორს ჩააბარეს - კვირის პალიტრა

"ბებერი ქალბატონი" პროფესორს ჩააბარეს

"მოედანზე ის უცხოპლანეტელი იყო, მწვრთნელობის დაწყების შემდეგ კი მიწაზე დაბრუნება მოუწევს"

ჩემპიონი "მოცარტის" დაკრულზე იცეკვებს

ცოტა ხნის წინ ტურინის "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა "მოახერხა", მანამდე კი უფრო ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზა - მაურიციო სარის ნაცვლად "ბებერი ქალბატონი" ("იუვეს" მეტსახელია. - რ.შ.) 41 წლის ანდრეა პირლოს ჩააბარეს! "არქიტექტორი", "პროფესორი", "მაესტრო", "მოცარტი" - პირლოს ყველა მეტსახელი მის უდიდეს ინტელექტზე მეტყველებს, თუმცა ყველა მათგანი მოედანზე დაიმსახურა, მწვრთნელად კი არასდროს უმუშავია! დიახ, სენსაციად სწორედ ის ვიგულისხმე, რომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველს მწვრთნელობის ისეთივე გამოცდილება აქვს, როგორიც მის წინამორბედ სარის - კალმით მყნობაში ან მებოცვრეობაში... ისე, "იუვენტუსიდან" გაშვების შემდეგ 61 წლის მაურიციო სარი იმხელა კომპენსაციას მიიღებს (იტალიური პრესის ცნობით, ლაპარაკია 20,3 მილიონ ევროზე! - რ.შ.), რომ მშვიდად შეუძლია "პენსიაზე გავიდეს", მშობლიურ ნეაპოლში იცხოვროს და პიცის ცხობა ან სწორედაც რომ მყნობა ისწავლოს.

თუმცა, ამ წერილში ვლაპარაკობთ არა წა(რ)სულზე, არამედ "იუვეს" მომავალზე - ანდრეა პირლოზე, რომელსაც, როგორც მოგახსენეთ, მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება არა აქვს. სამაგიეროდ, აქვს დიდი ინტელექტი, დიდ მწვრთნელებთან მუშაობის გამოცდილება და დიდი იმედი, გნებავთ - ამბიციაც! "პროფესორი" დარწმუნებულია, რომ ახალი საქმეც ფეხბურთის თამაშივით დიდებულად გამოუვა. "ოდესმე აუცილებლად ვიქნები საუკეთესო მწვრთნელების სამეულში!" - დარწმუნებულია ფეხბურთის "მაესტრო", "პროფესორი", "არქიტექტორი" და "მოცარტი", რომელიც მწვრთნელობას პირდაპირ დიდ კლუბში იწყებს, იქ, სადაც მოთამაშის რანგშიც გაუტარებია ოთხი საუცხოო სეზონი.

"მწვრთნელობა არ მიზიდავს"

2013 წლის გაზაფხულზე დაიბეჭდა ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფიული წიგნი "ვაზროვნებ, მაშასადამე - ვთამაშობ", რომელშიც იტალიელმა ნახევარმცველმა იმედი გაუცრუა იმ გულშემატკივრებს, ვისაც მისი მწვრთნელად ხილვა სურდა.

"ცენტსაც კი არ ჩამოვიდოდი მწვრთნელად ჩემი მუშაობის შანსებზე. არ მიზიდავს ეს საქმე. ძალიან ბევრი უნდა იფიქრო, ცხოვრების სტილი კი მეტისმეტად წააგავს იმას, რასაც ვეწევი, როგორც ფეხბურთელი. დავიღალე", - წერდა იგი რვა წლის წინ, მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ (2017 წელს) პირლო მიხვდა, რომ ფეხბურთის გარეშე ვერ გაძლებს.

"ერთხელ გავაცნობიერე, რომ დაძინება არ შემეძლო - მოედანზე ფეხბურთელებს ვანაწილებდი", - ამბობდა ანდრეა და 2018 წლის შემოდგომაზე მივიდა კიდეც კოვერჩანოს სამწვრთნელო კურსებზე (მასთან ერთად სწავლობდნენ ჯილარდინო, ბატისტუტა, ბონერა, უმცროსი კანავარო, ტიაგო მოტა და სხვები), ერთი წლის შემდეგ კი სწავლა Pro-ლიცენზიის მისაღებად განაგრძო, თუმცა მანამდეც დადიოდა ხმები, რომ ანიელების ოჯახს პირლოსთვის "იუვენტუსის" 23 წლამდელთა გუნდის ან "პრიმავერას" ჩაბარება სურდა. მეტიც - მას მაურიციო სარის თანაშემწედაც კი განიხილავდნენ. 2020 წლის 31 ივლისს, ბოლოს და ბოლოს, პირლო "იუვეს" 23 წლამდელთა გუნდში მუშაობას დასთანხმდა, ერთი კვირის მერე, სარის გაშვების შემდეგ კი - მთავარი გუნდის მთავარი კაცი გახდა!

"ბებერი" კონტე ყველაზე მაგარია!

ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით "იუვენტუსში" გატარებულმა წლებმა პირლოს ჩემპიონის სამ ტიტულზე მეტი მისცა. ანდრეა აღფრთოვანებული იყო მწვრთნელის ენთუზიაზმით.

"ვიცოდი, რომ კონტე უმაღლესი დონის მწვრთნელია, ქარიზმატული და მტკიცე ხასიათის, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი მაგარია. მისგან უამრავი რამის სწავლა შეუძლიათ ფეხბურთელებსაც და ბევრ მის კოლეგასაც, - წერდა პირლო ავტობიოგრაფიაში, - ანტონიო არ არის ჯადოქარი, მაგრამ მისი მონოლოგები საოცარია. ან აკეთებ, რასაც გეუბნება, ან - არ თამაშობ. მისი დავალებები რომ შეასრულო, ყურადღებით უნდა უსმინო. ის ყველა დეტალს აქცევს ყურადღებას და ცდილობს, სათავისოდ გამოიყენოს. ერთად საათობით ვუყურებდით და განვიხილავდით მეტოქეთა თამაშების ვიდეოჩანაწერებს. ვარჯიშის დროს, 45 წუთის განმავლობაში ვიმეორებდით ერთსა და იმავეს, სანამ მწვრთნელი არ იტყოდა, რომ კმაყოფილია. კონტეს ალერგია აქვს შეცდომებზე და იმედია, ამის საწინააღმდეგო წამალს ვერასდროს იპოვიან. თუ არიგო საკი გენიოსი იყო, მაშინ, კონტე ვინღაა?!" - სვამს რიტორიკულ კითხვას ფეხბურთელი, რომელიც პირობას დებს, რომ თვითონაც დიდი მწვრთნელი გახდება.

"პირველად სწორედ კონტეს შემხედვარე დავფიქრდი მწვრთნელობაზე, - გამოუტყდა პირლო "La Gazzetta dello Sport"-ის ჟურნალისტს, - ის საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც მიმუშავია. დიდებული მწვრთნელები მყავდა, დაწყებული მაცონეთი, რომელმაც მოედანზე პოზიცია შემიცვალა, დამთავრებული ანჩელოტით, რომელსაც ძმასავით ვუყურებ, მაგრამ ანტონიო კონტე პირველ ადგილზეა!"

აღსანიშნავია, რომ პირლო კონტესაც ძალიან უყვარს. მან ყოფილ შეგირდს წარმატება უსურვა ახალ ასპარეზზე და არც ხუმრობა დავიწყებია: "ის, რომ ჩემი ყოფილი ფეხბურთელები მწვრთნელები ხდებიან, მხოლოდ ერთს ნიშნავს - ვბერდები!"

გვარდიოლა

ავტობიოგრაფიულ ნაშრომში პირლო პეპ გვარდიოლასაც აქებს: "მასთან მუშაობა დიდი გამართლება იქნებოდა. გვარდიოლა საკუთარ "ანაბეჭდს" ტოვებს გუნდებში. აშენებს, ფორმას აძლევს მათ, წინ მიუძღვება, მკაცრიც არის და მზრუნველიც. პეპს უმაღლეს დონეზე აჰყავს ყველა გუნდი, სადაც მუშაობს.

იბრაჰიმოვიჩი დაცინვით "ფილოსოფოსს" ეძახდა. მე კი მიმაჩნია, რომ ეს დიდი კომპლიმენტია. იყო ფილოსოფოსი, ნიშნავს ფიქრობდე, ცოდნას იღებდე, გქონდეს იდეები, რომლებსაც ხორცს შეასხამ. გვარდიოლამ ეს ყველაფერი გამოიყენა ფეხბურთში, რომელიც არ არის ზუსტი მეცნიერება. მან წარმატებას მიაღწია მუშაობისა და აზროვნების ძალით".

2016 წელს "მარკას" ჟურნალისტის კითხვაზე - ვინ არის საუკეთესო მწვრთნელი, ერთმნიშვნელოვნად უპასუხა: "პეპი საუკეთესოა. ნახეთ, რას მიაღწია "ბარსელონასა" და "ბაიერნში" მუშაობისას! აღფრთოვანებული ვარ მისით. ძალიან გამიმართლა, რომ ვიცნობ. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს და ხშირადაც ვხვდებით ერთმანეთს".

როგორი მწვრთნელი იქნება?

"არის რაღაცები, რასაც ვერ ვიტანდი თამაშის დროს და არც მწვრთნელობისას გავაკეთებ. რას ვგულისხმობ? ამაზე მოთამაშეებს მოვუყვები", - თქვა "იუვენტუსის" ახალმა თავკაცმა პრეზენტაციისას. ალბათ, გულისხმობდა წინასამატჩო მოთელვას, რომელიც ისე სძულს, რომ თავის წიგნშიც არაერთხელ ახსენა: "ვერასდროს გავიგებ მის საჭიროებას და მით უმეტეს - ვერ შევიყვარებ, რადგან ძალიან მძულს. წინასამატჩო მოთელვა არის საშუალება ფიზმომზადების მწვრთნელებისთვის, აჩვენონ, რომ საჭირო არიან... ჩემთვის ეს ყოველთვის იყო კვირის ყველაზე საშინელი მომენტი, ტყუილად დაკარგული 15 წუთი. ამაზე ჩემს ყველა მწვრთნელთან მილაპარაკია, მაგრამ არავინ მისმენდა, უცხოპლანეტელივით მიყურებდნენ. მოთელვისას მე უბრალოდ დავდიოდი მოედანზე, მერე კი ვთამაშობდი და ვიგებდი. მიმაჩნია, რომ წინასამატჩო მოთელვა უსამართლობაა სილამაზესთან დაკავშირებითაც. შენ წინ შიშველი ბარ რაფაელი (ებრაელი მოდელი და მსახიობი. - რ.შ.) რომ იდგეს, ხომ არ ეტყვი, დამიცადე, 15 წუთში მოვალო?! იგივე სიტუაციაა "რეალთან" ან "ბარსელონასთან" თამაშის წინ. თამაში მაშინვე გსურს და არა - რამდენიმე წუთის შემდეგ!"

"საუკეთესო ვიქნები!"

შარშან "La Gazzetta dello Sport"-თან ერთად პირლო "ფრანს ფუტბოლის" შედგენილ მწვრთნელების რეიტინგს განიხილავდა: "ანჩელოტი მერვეა? მას ჯერ კიდევ აქვს დრო დაწინაურებისთვის, ისევე როგორც გვარდიოლას, რომელიც მეხუთე ადგილზე გაიყვანეს. რეიტინგები იცვლება. ოდესმე პირველ სამეულში მეც ვიქნები!"

ანდრეა ამბობს, რომ მისი სათამაშო მოდელია "პირლოს მოდელი", შთაგონებას კი ყველა იმ მწვრთნელისგან იღებს, ვისთანაც უმუშავია... კარანტინის დროს ფაბიო კანავაროსთან ერთად გამართული ინსტაგრამლაივის დროს ანდრეა ამბობდა, რომ უპირატესობას ანიჭებს სქემას 4-3-3, მოგვიანებით კი თქვა, რომ სქემა გადამწყვეტი არ არის: "ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. მწვრთნელმა მათგან მაქსიმუმის მიღება უნდა შეძლოს. მთავარია, სწორად გამოიყენო სივრცე და გეგმას მიჰყვე - გუნდი მაღალ დონეზე უნდა თამაშობდეს, დომინირებდეს და მუდამ გამარჯვებისთვის იბრძოდეს".

"იუვეს" ახალი მწვრთნელის თავდაჯერებაზე ლაპარაკობს "კოვერჩანოს" სკოლის ხელმძღვანელი რენცო ულივიერიც: "თუ ფეხბურთის აღქმასა და ცოდნას გავითვალისწინებთ, პირლო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის დარწმუნებულია თავის თავში... ვფიქრობ, მისი გუნდი ერთ სქემას არ დასჯერდება და მრავალმხრივი იქნება, ისეთივე მრავალფეროვანი, როგორიც თავად პირლოა!"

"თვალები კეფაზე" და შეგირდებზე დაბალი ხელფასი!

წიგნში "მე, ჯორჯო" ჯორჯო კიელინიმ რჩევა მისცა ახლად გამომცხვარ მწვრთნელს: "მოედანზე ის უცხოპლანეტელი იყო, მწვრთნელობის დაწყების შემდეგ კი ანდრეას მიწაზე დაბრუნება მოუწევს. არ შეიძლება ფეხბურთელებს მოსთხოვო, რომ პირლოს მსგავსად, მათაც ჰქონდეთ "თვალები კეფაზე". აი, ალესანდრო დელ პიეროს კი პირლოს წარმატებაში ეჭვიც არ ეპარება: "მას უმაღლესი ინტელექტი აქვს. ყველაფერი გამოუვა!"

"ბებერი ქალბატონის" ახალი თავკაცის ხელფასზეც ვთქვათ - წელიწადში მხოლოდ 1,8 მილიონი ევრო (ბონუსებით)! დიახ, "მხოლოდ", რადგან თანამედროვე ტენდენციისა და გრანდების მწვრთნელ-ფეხბურთელების ასტრონომიული ანაზღაურების ფონზე ეს თანხა მართლაც სასაცილოა. "იუვენტუსში" მხოლოდ სამი ფეხბურთელია, ვისაც ანდრეა პირლოზე დაბალი ხელფასი აქვს: მერიჰ დემირალი (ასევე 1,8 მილიონი), "იუვეს" ლეგენდა ჯიჯი ბუფონი (1,5 მლნ) და კლუბის მესამე მეკარე კარლო პინსოლიო (300 000 ევრო), თუმცა, ცხადია, თუ ტურინული კლუბი "მოცარტის" დაკრულზე წარმატებით "იცეკვებს", პირლოს ანაზღაურებაც გაიზრდება.

რატი შელეგია