პფლ? არა - ვიცე-ფირცხალავა... - კვირის პალიტრა

პფლ? არა - ვიცე-ფირცხალავა...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კი ირწმუნებიან - პროფესიული ფეხბურთის ლიგა (პფლ) არავის გაუუქმებია და მისი ფუნქციები მხოლოდ დროებით, მაისამდე გადავიბარეთო, მაგრამ სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს თუნდაც პარასკევს გამართული სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილების გამოა ძნელი დასაჯერებელი.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ აღმასკომის წევრებს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე პფლ-ის პრეზიდენტის (ყოფილია თუ მოქმედი ჩვენ კი არა, მგონი, ზუსტად თავად არ იცის - ავტ.) - გია ფირცხალავას დაბრუნება შესთავაზა და ბუნებრივია, თანხმობაც მაშინვე მიიღო. ფირცხალავა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად 2009 წელს, ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს თავკაცად ზვიად სიჭინავას მოსვლის შემდეგ დანიშნეს.

როცა პფლ-ის ხელმძღვანელად აირჩიეს, ფირცხალავამ ვიცეპრეზიდენტობაზე უარი თქვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი ორგანიზაციის ფუნქციები სფფ-მ გადაიბარა, ისევ ვიცეპრეზიდენტობა გადაწყვიტა... კი მაგრამ, თუ როგორც გვარწმუნებენ, პფლ მხოლოდ მაისამდეა "გაყინული" და მერე ისევ დაიბრუნებს ფუნქციებს, ფირცხალავასაც გაეძლო სამიოდე თვე "უმუშევრად", ვიცე-პრეზიდენტად რაღას ნიშნავდნენ? როგორც ჩანს, ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება მომავალ სეზონშიც სფფ-ს მოუწევს ან ფირცხალავას ნაცვლად, პფლ-ში ახალ თავკაცს ამზადებენ...