რონალდუს ეჟვანი შეაბეს - კვირის პალიტრა

რონალდუს ეჟვანი შეაბეს

პორტუგალიელ ვარსკვლავს ცოლი მოჰყავს

როგორც ჩანს, პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი და ცნობილი მექალთანე, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი კრიშტიანუ რონალდუ მართლაც ყურებამდეა შეყვარებული. თუ წინა სატრფოებთან მხოლოდ თითო თვეს "ძლებდა", ახლა პირიქით არის და უკვე წელიწადზე მეტია, პორტუგალიელი ცნობილ მოდელ ირინა შეიკთან ერთად ცხოვრობს. მეტიც, ახლახან ცნობილი გახდა, რომ 14 თებერვალს ფეხბურთელმა ოფიციალურად სთხოვა ხელი რუს ლამაზმანს.

დამთავრდა თუ არა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი "ესპანიოლთან", მატჩი, რომელიც კრიშტიანუს ამჟამინდელმა კლუბმა 1:0 მოიგო, რონალდუ მაშინვე აეროპორტისკენ გაეშურა და ნიუ-იორკში გაფრინდა, რათა "ვალენტინობას" საცოლესთან ერთად შეხვედროდა, ცოლობა კი შეიკს რონალდუმ ტელეკომპანია CBS-ის შენობაში სთხოვა, სადაც ირინა ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაცემაში - დევიდ ლეტერმანის შოუში მონაწილეობდა.

კრიშტიანუ რონალდუმ და ირინა შეიკმა (ნამდვილი სახელი ირინა შაიხლისლამოვა - ავტ.) ერთმანეთი წლინახევრის წინ, "არმანის" თეთრეულის რეკლამის გადაღებისას გაიცნეს და მას შემდეგ ერთად არიან. 25 წლის შეიკი პოდიუმზე არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა, პოპულარობა ელვის სისწრაფით მოიპოვა და დღეს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მაღალშემოსავლიანი მოდელია. რამდენიმე თვის წინ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ კრიშტიანუს შვილი ჰყავდა სუროგატი დედისგან, ფეხბურთელისა და რუსი ლამაზმანის რომანმა კინაღამ ჩაილურის წყალი დალია, მაგრამ ირინა მალე შეურიგდა "რეალის" ვარსკვლავს და როგორც ჩანს, მალე უღელშიც შეაბამს.