ქართული ფეხბურთის ნაადრევი შემოდგომა - კვირის პალიტრა

ქართული ფეხბურთის ნაადრევი შემოდგომა

წლებია, "გაზაფხულს" ველით. საქმეს ისე ეტყობა, ეს ტრადიცია კიდევ დიდხანს არ დაირღვევა, მაგრამ... "უგზო-უკვლოდ ოპტიმისტ" ქართველ ქომაგს მაინც არ სჯეროდა, რომ საკლუბო ფეხბურთის შემოდგომა აგვისტოშივე დაგვიდგებოდა.

"საკლუბო" შემთხვევით არ მიხსენებია. სამარცხვინო შედეგი და თამაში (რაც უნდა ჩვეულებრივი ამბავი იყოს ჩვენი კლუბებისთვის!) ყოველთვის საწყენია, მაგრამ კარს მომდგარი სანაკრებო მატჩების წინ - ორმაგად მტკივნეული. სხვა საკითხია, იყო თუ არა ასეთი შედეგი მოულოდნელი?! არანაირად! მეტიც, ჩვენს კლუბებს წარმატებით რომ ეთამაშათ, ის უფრო გაგვაკვირვებდა... ეროვნული ჩემპიონატის დონეზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ გუნდებს, რომლებიც მწვრთნელ-ფეხბურთელებს "დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ" ცვლიან, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ (თუ გადაყრილ?!) ფულს "პენსიასავით" უყურებენ და იღებენ, პერსპექტიულ მოთამაშეებს პირველივე წელს ყიდიან, სპონსორის მოსაძიებლად და გასაძლიერებლად კი ევროტურნირების წინაც არაფერს აკეთებენ, მარცხის გარდა, სხვა რა "პერსპექტივა" აქვთ?!

ამიტომაც სწორედაც ლოგიკურია, რომ ევროთასებზე მოთამაშე ოთხი ქართული კლუბიდან სამი პირველივე რაუნდში "გავიდა გაღმა". დიახ, წელსაც მალევე დადასტურდა, რომ "გაღმით" ევროპული ფეხბურთია, "გამოღმით" - ჩვენ! ყოველ წელს კი იმედს ვებღაუჭებით, იქნებ ამჯერად მაინც გაგვიმართლოსო, მაგრამ... გამართლებას და გამარჯვებას ხელის განძრევა (ფეხბურთში - ფეხის უფრო მეტად!) სჭირდება, სეზონიდან სეზონამდე მხოლოდ სახელმწიფო დახმარების იმედად ყოფნას და შემადგენლობის მალიმალ ცვლას კი რაც მოაქვს, ყოველ წელს ვხედავთ ევროტურნირების პირველ, ჰა და ჰა - მეორე ეტაპზე.

ალბანელ "ტირანებთან" (შეცდომა არ გეგონოთ, "ტირანა" ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდია. ყოველ შემთხვევაში - ჩვენთვის!) თბილისის "დინამოს" შერცხვენაზე იმდენი დაიწერა, ამ თემაზე აღარაფერს ვიტყვი. "დინამო" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთო და იმედია, იქ მაინც ითამაშებს უკეთ. ასე რომ, ამჯერად მხოლოდ გასულ კვირას გამართულ მატჩებს შევეხებით:

დაბო-მბილი "საბურთალო"

"აპოლონი" (კვიპროსი) 5:1 "საბურთალო" (თბილისი)

81-ე წუთზე ქართული კლუბი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა - შვეიცარიელმა მსაჯმა ჭიჭინაძე გააძევა... თუმცა ამ დროისთვის თამაში უკვე დამთავრებული იყო - კვიპროსული გუნდი 4:1 იგებდა და მშვიდად აგორებდა ბურთს. დარჩენილ წუთებში მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და უფრო ნათლად შეგვახსენეს, რომ კვიპროსული ფეხბურთიც "ოთხი ნაბიჯით" გვისწრებს...

"აპოლონმა" საქმე პირველივე ტაიმში მოითავა: მასპინძელთა ფრანგმა ახალწვეულმა ბაგაილი დაბომ ყოფილი მეზობლები (დაბო კვიპროსში ბაქოს "ნეფთჩიდან" გადაბარგდა. - რ.შ.) არ დაინდო და თავი პირველივე ნახევარში დუბლით, ჯამში კი სამი გოლით გამოიჩინა. "აპოლონი" გამოცდილი და სტაბილური გუნდია, ევროთასებზეც ხშირად თამაშობს და ფავორიტის სტატუსი თბილისურ კლუბთანაც გაამართლა, თუმცა გოლის გატანის რამდენიმე შანსი ქართველ ფეხბურთელებსაც ჰქონდათ. სამწუხაროდ, იმ მატჩში ჩვენმა ფეხბურთელებმა მხოლოდ შეცდომებით და გულიაშვილის ერთადერთი გოლით დაგვამახსოვრეს თავი. შეცდომებში კი უპირველესად დაცვის ხაზის "თამაშს" ვგულისხმობ: "საბურთალოს" ფეხბურთელებმა მეტოქეს იმდენი შანსი მისცეს, გასაკვირიც კია, ხუთზე მეტი გოლი რომ არ გავუშვით!

მოკლედ, სტუმრების "დაბო-მბვა" დაბომ გააგრძელა, ბოლო წუთებზე კი იანიოტასმა მეხუთე ბურთიც გაგვიტანა და... ამ თამაშზე სალაპარაკოც არაფერია - ყველაფერი ანგარიშში ჩანს!

ბეერ შევა - ბათუმი ვერა

"ჰაპოელი" (ბეერ-შევა) 3:0 "დინამო" (ბათუმი)

თუ "აპოლონი"-"საბურთალოს" ანგარიში ლოგიკურად ასახავს მატჩის მსვლელობას, ბათუმის "დინამო" ასეთი ანგარიშით მარცხს არ იმსახურებდა. ყოველ შემთხვევაში, სტატისტიკური მონაცემებით მასპინძლებს ნამდვილად სჯობდა ბურთის ფლობის, სახიფათო მომენტების, კუთხურების მაჩვენებლებით და ა.შ. გია გეგუჩაძის გუნდი უტევდა კიდეც და სახიფათო მომენტებიც საკმარისად შექმნა, თუმცა "ჰაპოელმა" გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე იმარჯვა, რაც განსაკუთრებით ნათლად საგოლე ეპიზოდების დროს გამოჩნდა.

ბეერ-შევის კლუბი შეხვედრის სტარტზევე პორტუგალიელი ჟოსუეს ზუსტი დარტყმის შემდეგ დაწინაურდა. ათიოდ წუთში კი მეორე, ჩვენთვის უფრო დასანანი გოლი გავიდა: მასპინძელთა ნახევარმცველის დარტყმული ბურთი კობახიძეს მოხვდა და მიმართულება ისე შეიცვალა, ბათუმელთა კარის დარაჯი ვეღარაფერს გააწყობდა.

ერთმატჩიანი დუელის 21-ე წუთზე ორბურთიანი სხვაობით ჩამორჩენა ბევრ გუნდს გატეხდა, მაგრამ ბათუმელებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ... 61-ე წუთამდე, სანამ ჟოსუე დუბლს შეასრულებდა. გეგუჩაძის გუნდმა შეტევები განაგრძო, მაგრამ ცხადი იყო, რომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ვეღარაფერს მოუხერხებდა სამბურთიან სხვაობას. კიდევ ერთხელ ვამბობ - "ბათუმმა" იბრძოლა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ რა გასაკვირია, რომ იმ ჩემპიონატის წარმომადგენელმა, სადაც ყველაზე სწრაფად გვერდითი მსაჯი დარბის, მასპინძელთა სწრაფ შეტევებს ვერაფერი დაუპირისპირა. ბეერ-შევა მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე "შევა", ბათუმი - ვერა.

ლოკოს მოტივი - რაც შეიძლება შორს

"ლოკომოტივი" (თბილისი) 2:1 "უნივერსიტატეა" (კრაიოვა)

ნუ გვიწყენენ "ლოკომოტივის" ქომაგები, მაგრამ წლევანდელ ევროთასებზე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი სხვებზე ნაკლებად გვეიმედებოდა. ჯერ ერთი, დიდი ხანია "ლოკომოტივს" ევროტურნირში აღარ უთამაშია. გარდა ამისა, ბოლო პერიოდის ცვლილებების შემდგომ გუნდი ჯერ კიდევ არ არის "დალაგებული". ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე ჩანდა და იმედია, რუმინულ კლუბთან ნაჩვენები თამაში "ერთჯერადი" არ ყოფილა.

კრაიოვას "უნივერსიტატეა" წყვილის აშკარა ფავორიტი იყო და თბილისში მოსაგებად ჩამოვიდა, თუმცა ზოგჯერ ქართულ კლუბებსაც შეუძლიათ სასიამოვნო სიურპრიზების შემოთავაზება. სასტარტო მღელვარების დაძლევის შემდგომ მასპინძელი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა შეტევისთვისაც "მოიცალეს" და ზედიზედ შექმნეს რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი. გულხელდაკრეფილი არც რუმინელები მსხდარან, თუმცა პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. სამაგიეროდ, მეორეში გავიდა სამი და რაც მთავარია, უფრო მეტი ქართველებმა გავიტანეთ: 57-ე წუთზე ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ გახსნა. თბილისელებმა მეტოქის დაბნევით ისარგებლეს და ოთხ წუთში მეორედაც გაიტანეს - ამჯერად, "ლოკომოტივის" მაროკოელმა ლეგიონერმა ულად ომარმა!

2:0 ჩინებული ფორა იყო, სტუმრები მიხვდნენ, რომ ფავორიტის სტატუსი თვალსა და ხელს შუა ელეოდათ, და მამარდაშვილის კარს უფრო სახიფათოდ შეუტიეს. საბედნიეროდ, თბილისელთა მეკარე საიმედოდ თამაშობდა და თავისი კარი მხოლოდ ერთ ეპიზოდში - 86-ე წუთზე ვერ დაიცვა. დარჩენილ დროში "უნივერსიტატეა" ხშირად უტევდა, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს და მცირედით მაინც გაგვიქარწყლეს "დინამოსა" და "საბურთალოს" მწარე წაგებებით მორიგი იმედგაცრუება.

"ლოკომოტივმა" მოიგო და 17 სექტემბერს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს (თბილისელთა მეტოქე 31 აგვისტოს გაირკვევა. - რ.შ.). "ლოკომოტივმა" მოიგო, მაგრამ...

ქართული ფეხბურთი ისეთ დღეშია, მის "გასაწევად" ერთი ლოკომოტივი არ კმარა!