სატრანსფერო "ცხელება" ოქტომბრამდე გაგრძელდება - კვირის პალიტრა

სატრანსფერო "ცხელება" ოქტომბრამდე გაგრძელდება

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში ჩაერთო და გასული კვირის ბოლოს პირველი მატჩიც ითამაშა. "კვირის პალიტრის" ფორმატიდან გამომდინარე, ესტონეთში გამართული მატჩის შედეგზე გაზეთის ამ ნომერში ვერაფერს გეტყვით. მოგვიანებით შევაფასებთ ჩრდილოეთ მაკედონიასთან (8 სექტემბერს) შეხვედრასაც, ამჯერად კი მხოლოდ ტრანსფერებზე ვილაპარაკებთ - ევროპული ფეხბურთის უახლეს და ყველაზე საინტერესო ცვლილებებზე.

სატრანსფერო "ფანჯარა" ევროპაში 31 აგვისტოს მთავრდება ხოლმე, თუმცა ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ეს ვადაც გააგრძელა და მოთამაშეებს კლუბების შეცვლის შესაძლებლობა 5 ოქტომბრამდე ექნებათ. ზაფხულის, წლის და შესაძლოა ათწლეულის მთავარი ტრანსფერი, ცხადია, მესის და "ბარსელონის" შესაძლო განშორებაა. "შესაძლო" იმიტომ, რომ არგენტინელის კატალონიიდან აბარგება უკვე გადაწყვეტილი ამბავი გვეგონა (ლეომ უარი განაცხადა წინასასეზონო შემოწმებასა და ვარჯიშზე), თუმცა ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, საქმეს ისე ეტყობა, დიდი ალბათობით, მესის ამ სეზონშიც კატალონიურ კლუბში მოუწევს დარჩენა!

სავარაუდოდ, არგენტინელ სუპერვარსკვლავს "ბარსადან" ლუის სუარესიც გაასწრებს: ესპანური და იტალიური პრესა ირწმუნება, რომ ურუგვაელის "იუვენტუსში" ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილი ამბავია! ისევე, როგორც "ლივერპულელი" ჟორჟინიო ვეინალდუმის "ბარსელონაში" გადაბარგება. სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად მუშაობს "მანჩესტერ იუნაიტედიც" - ინგლისური კლუბი 120 მილიონ ევროს იხდის "დორტმუნდიდან" 20 წლის ჯეიდონ სანჩოს წამოსაყვანად და, დიდი ალბათობით, მიაღწევს კიდეც მიზანს.

თუმცა ზემოთ აღნიშნული ცვლილებების უმეტესობა ჯერ ბოლომდეა მისაყვანი. დღევანდელ ფოტოგალერეაში კი გაგაცნობთ ბოლო დღეების ყველაზე საინტერესო ტრანსფერებს, რომლებიც უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული:

ლეროი სანე ("მანჩესტერ სიტიდან" - "ბაიერნში") - 60 მილიონი ევრო

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ სანე გერმანიაში დაბრუნდა და ბავარიულ გიგანტთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "ბაიერნის" თავკაც ჰანს-დიტერ ფლიკს ლეროი ჯერ კიდევ გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებში ყოფნის პერიოდიდან იცნობს. ბონუსების გათვალისწინებით, ტრანსფერის თანხამ 60 მილიონი ევრო შეადგინა, 24 წლის სანემ კი უკვე აირჩია 10-ნომრიანი მაისური და ახალ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებას მომავალ სეზონშივე აპირებს.

ტიმო ვერნერი (ლაიფციგიდან" - "ჩელსიში") - 53 მილიონი ევრო

ლონდონურ კლუბში ვერნერის გადაბარგება კარგა ხანს გაგრძელდა. ვერნერის გადაბირება "ლივერპულსაც" უნდოდა, თუმცა პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა და ლონდონური კლუბის თავკაც ფრენკ ლამპარდის მიმართ სიმპათიამ ტიმო ინგლისის მთავარ ქალაქში ჩაიყვანა. მოკრძალებული ლევერკუზენიდან ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში გადაბარგებული 24 წლის ფეხბურთელი "ჩელსის" უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ეკუთვნის.

არტური ("ბარსელონიდან" - "იუვენტუსში") - 82 მილიონი ევრო

კატალონიური გრანდიდან ბრაზილიელი სკანდალის ფონზე წავიდა: "იუვეში" არტურის ტრანსფერი "ბარსამ" ჯერ კიდევ ივნისში დაადასტურა, თუმცა შეთანხმების მიხედვით, 24 წლის ნახევარმცველს "ბარსელონაში" სეზონის ბოლომდე (მათ შორის - ჩემპიონთა ლიგაზეც) უნდა ეთამაშა და ტურინში მხოლოდ ამის შემდეგ გადაბარგებულიყო. ფეხბურთელმა პირობა არ შეასრულა და კატალონიელებს შეუთვალა, რომ... ბრაზილიაში დარჩებოდა! მოგვიანებით, ნასვამი არტური და მისი "ფერარი" ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეები გახდნენ. სკანდალების მიუხედავად, "იუვენტუსის" ახალი თავკაცი ანდრეა პირლო დარწმუნებულია, რომ მრავალმხრივი ბრაზილიელი გუნდს აუცილებლად გააძლიერებს.

დონი ვან დე ბეეკი ("აიაქსიდან" - "მანჩესტერ იუნაიტედში"). - 40 მილიონი ევრო

შესავალშიც ვთქვი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია სატრანსფერო ბაზარზე. მანჩესტერულმა კლუბმა უკვე დაადასტურა ხმაურიანი ტრანსფერი - ამსტერდამის "აიაქსიდან" 40 მილიონად შეიძინა შემტევი ნახევარმცველი დენი ვან დე ბეეკი! კონტრაქტი ხუთწლიანია, ჰოლანდიელი ფეხბურთელის ანაზღაურება კი კვირაში 100 000 გირვანქაზე მეტი იქნება. აღსანიშნავია, რომ დე ბეეკმა არჩევანი შეაჩერა 34-ნომრიან მაისურზე, რომელიც "აიაქსში" ყოფილი თანაგუნდელის - აბდელჰაკ ნურის პატივსაცემად აიღო. შეგახსენებთ, რომ გულის შეტევის შემდეგ ნურიმ კომაში ორი წელიწადი გაატარა.

აშრაფ ჰაკიმი ("რეალიდან"-"ინტერში") - 40 მილიონი ევრო

მადრიდის "რეალის" აღზრდილმა ფეხი ვერაფრით მოიკიდა მშობლიური კლუბის შემადგენლობაში, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი სულაც დორტმუნდის "ბორუსიაში" იყო განათხოვრებული. 21 წლის მაროკოელმა მცველმა სწორედ გერმანიაში მიიპყრო "ინტერის" ყურადღება და მალევე დათანხმდა მილანური კლუბის წინადადებას - ხუთწლიანი კონტრაქტი და წლიური ანაზღაურება 5 მილიონი ევრო! მოგვიანებით, ჰაკიმის აგენტმა მისი კლიენტის გადაწყვეტილების მიზეზად ისიც დაასახელა, რომ "რეალის" თავკაც ზინედინ ზიდანს აშრაფი არასდროს აინტერესებდა და გეგმებზე ფეხბურთელთან ტელეფონითაც არ ულაპარაკია.

მირალემ პიანიჩი ("იუვენტუსიდან" - "ბარსელონაში") - 65 მილიონი ევრო

ტურინული და კატალონიური კლუბების "გაჩარხული" კიდევ ერთი ტრანსფერი: ბოსნიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა "ბარსელონასთან" ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და თუ ამ ვადის ამოწურვამდე ვინმე მის გადაბირებას დააპირებს, არც მეტს, არც ნაკლებს - 400 მილიონ ევროს უნდა შეელიოს! არტურისგან განსხვავებით, 30 წლის ფეხბურთელმა "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში სეზონის ბოლომდე ითამაშა და ემოციურადაც დაემშვიდობა ტურინელ ქომაგებს. პიანიჩის თქმით, "იუვეს" მხოლოდ ისეთი კლუბის ხათრით თუ შეელეოდა, როგორიც "ბარსელონაა".

ალვარო მორატა ("ჩელსიდან" - "ატლეტიკოში") - 56 მილიონი ევრო

მორატა "ოფიციალურად" გახდა მადრიდის არენა "ვანდა მეტროპოლიტანოს" ბინადარი: ესპანელი შემტევი ლონდონის "ჩელსის" საკუთრება გახლდათ, მადრიდის "ატლეტიკოში" მისი წელიწადნახევრიანი იჯარა კი 2020 წლის ზაფხულში დასრულდა. 2019 წლის დასაწყისში მადრიდელებმა 7 მილიონი გადაიხადეს ალვაროს იჯარით წასაყვანად, ცოტა ხნის წინ კი 27 წლის ესპანელი ფორვარდი საბოლოოდ გამოისყიდეს და ამისთვის 55 მილიონზე მეტის გადახდასაც არ მოერიდნენ.

ვიქტორ ოსიმჰენი ("ლილიდან" - "ნაპოლიში") - 80 მილიონი ევრო

21 წლის ნიგერიელ თავდამსხმელს "ლილში" ისეთი ნაყოფიერი სეზონი ჰქონდა (18 გოლი 38 მატჩში), ევროპის წამყვანი კლუბების ინტერესი გამოიწვია. თუმცა მხოლოდ "ნაპოლი" დათანხმდა 80 მილიონის გადახდაზე და დიდი ალბათობით, გახადა კიდეც ოსიმჰენი ყველაზე ძვირად ღირებულ აფრიკელ ფეხბურთელად. ახალგაზრდა ფორვარდმა ნეაპოლელებთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასად წელიწადში 4,5 მილიონს მიიღებს. "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელ ახალწვეულს არკადიუშ მილიკის შემცვლელად მოიაზრებს.