რვა (ჰ)ერიო, ბიჭებო! - კვირის პალიტრა

რვა (ჰ)ერიო, ბიჭებო!

"ბორჯღალოსნებისთვის" "ექვსი ერის" კარი გაიღო დროებით, მხოლოდ ზამთრისპირამდე, თუმცა მთავარია, გაიღო და თუნდაც "ხის კოვზი" ("ჯილდო", რომელიც სეზონის განმავლობაში "ექვს ერში" ყველა მატჩის წამგებ ნაკრებს გადაეცემა. - რ.შ.) დავიმსახუროთ, ამ კოვზის დახმარებით გაცილებით უკეთ "ამოვურევთ" ბოლო დროს ქართული რაგბის "ფსკერზე" დალექილ პრობლემებს, საშემოდგომო "წამოდუღებისა" და ბრიტანულ ქვაბში "ჩახარშვის" შემდეგ განვითარებას ახალი ენერგიითა და მოტივაციით შევეცდებით.

ფეხბურთზე წინ

არადა, გასული კვირის მთავარი სპორტული თემა ფეხბურთი გვეგონა: ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში ჩაერთო და პირველ ტურში ესტონეთში გამარჯვების შემდეგ ცარიელ "დინამო არენაზე" ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდა - 1:1. ეს მატჩი 8 ოქტომბერს ბელარუსთან გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის გენერალური რეპეტიცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ... "რეპეტიციის" ნაცვლად, ვლადიმირ ვაისმა ექსპერიმენტები ჩაატარა! თვითონ რა დაინახა, ან მომავალ მეტოქეებს რას უმალავს, სლოვაკმა მწვრთნელმა უწყის, ჩვენ კი დავინახეთ, რომ ბალკანელებთან მატჩში ვაისის "ცდების" უმეტესობამ არ გაამართლა და ამა თუ იმ მოთამაშის უჩვეულო პოზიციებზე მოსინჯვისთვის სხვა თამაშები უფრო უპრიანი იქნებოდა; რომ რამდენიმე ფეხბურთელისთვის ჯერ კიდევ ადრეა ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაში; რომ "ათას უთამაშებელსა" ასჯერ სჯობს ერთი "ფორმაში მყოფი ფეხბურთელი"; რომ საოცარი ჟინითა და თავდადებით მებრძოლი ჯაბა კანკავას წინ აუცილებლად უნდა თამაშობდეს ფეხბურთელი, რომელიც ნაკრების კაპიტნის ჩაშლილ შეტევას მიმართულებას შეუცვლის და მოწინააღმდეგის კარისკენ გაუკვალავს გზას და ა.შ. სხვათა შორის, მაკედონიელებთან მატჩი კანკავასთვის სარეკორდოც იყო: კაპიტნის სამკლავურით ჯაბამ ორმოცდამეთერთმეტედ გაიყვანა ნაკრები მოედანზე, რაც საუკეთესო მაჩვენებელია საქართველოს ნაკრების ისტორიაში.

ჯაბა კანკავა საუკეთესო იყო მოედანზე და დამსახურებულადაც მოხვდა ერთა ლიგის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში სერხიო რამოსის, კევინ დე ბრუინის, ანტუან გრიზმანისა და ერლინ ჰოლანის მხარდამხარ!

8 ოქტომბრამდე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე კიდევ ბევრს ვიტყვით, მანამდე კი ვილაპარაკოთ არანაკლებ მნიშვნელოვან "რვიანზე" - "რვა ერზე"!

მაინცდამაინც ახლა?!

დიდი ხანია, ევროპული რაგბის მთავარი ტურნირის კარზე ვაკაკუნებთ. "ვაბრახუნებდით" კიდეც, როცა გაცილებით უკეთესი შედეგებიც გვქონდა და სათამაშო კონდიციებიც. თუმცა ამ პრესტიჟული ჩემპიონატის კარი ჩვენთვის მაინცდამაინც მაშინ გაიხსნა, როცა გამოცდილი მოთამაშეების უმეტესობამ სანაკრებო კარიერა დაასრულა, როცა სხვა სფეროების მსგავსად, პრობლემები ჩვენს საკლუბო და სანაკრებო რაგბისაც მოეძალა - რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევას არა და არ დაადგა საშველი და ნაკრების მწვრთნელის შესახებაც სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება...

ისე არავინ გაიგოს, თითქოს უკმაყოფილო ვიყო. ვიმეორებ - გულდასაწყვეტი მხოლოდ ის არის, რომ ეს დიდებული შანსი მაინცდამაინც მაშინ მოგვეცა, როცა ქართულ რაგბის პრობლემები მოუმრავლდა, თორემ რაც უნდა დაგვიანებულად ან "დამადლებულად" გვეჩვენებოდეს ("ექვსი ერის" საშემოდგომო ტურნირში "ბორჯღალოსნების" დამატება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდა, რაც იაპონიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებმა შეთავაზებაზე უარი თქვეს. - რ.შ.), ქართული რაგბისთვის ეს განვითარების საუცხოო შანსია!

ვიცით, რომ დიდი ალბათობით, სამივე მატჩს (ინგლისთან, ირლანდიასა და უელსთან უნდა ვითამაშოთ) წავაგებთ, შესაძლოა მეტისმეტად არასასიამოვნო ანგარიშითაც დავმარცხდეთ, მაგრამ საქართველოსთვის ეს თამაშები ნებისმიერ შემთხვევაში მოგებად უნდა იქცეს - უდიდეს გამოცდილებასთან ერთად, ფინანსურ და მაყურებლის გულის მოგებადაც!

უძლიერესი მეტოქეები გვყავს (მეორე ჯგუფი, სადაც საფრანგეთი, შოტლანდია, ფიჯი და იტალია ითამაშებენ, შედარებით სუსტია), მაგრამ კარგი ის არის, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ აუტსაიდერები ერთმანეთს შეხვდებიან და... თუ სამივე შეხვედრაში დავმარცხდით, იქნებ იტალიასთან ასე სასურველ შეხვედრასაც გამოვკრათ ხელი...

ერთი სიტყვით, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ "ექვსი ერის" ხელმძღვანელობამ, როგორც იქნა, შანსი მოგვცა - მხოლოდ ერთჯერადი, საშემოდგომო ტურნირში თამაშის შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენთვის ეს შანსიც დიდად ფასობს და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ!

დიახ, ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ პრობლემებია სხვაგანაც, პანდემიამ რაგბი სხვა ქვეყნებშიც "დააპაუზა" და... ვინ იცის, იქნებ სწორედაც ზედგამოჭრილი დროა?!

მეტოქეები

ახალი ფორმატისა და შემადგენლობის ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ინგლისი, ირლანდია და უელსი იქნებიან. თუ არაფერი შეიცვალა, სადებიუტო მატჩი 14 ნოემბერს ინგლისის ნაკრებს უნდა ვეთამაშოთ. აქამდე ბრიტანელებს ორჯერ შევხვდით, ორივეჯერ - მსოფლიო თასზე. ამჯერად კი ლონდონის ლეგენდარულ "თვიქნემზე" ვესტუმრებით და ვეცდებით წინა ორ შეხვედრაზე უკეთ ვითამაშოთ!

21 ნოემბერს უელსი-საქართველო იქნება, კიდევ ერთი კვირის შემდეგ, 28 ნოემბერს, ირლანდია-საქართველო. აღსანიშნავია, რომ "რვა ერში" ჩართვამდე "ბორჯღალოსნებს" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა ელით - 23 ოქტომბერს ედინბურგის "მარიფილდზე" შოტლანდიის ნაკრებს ვესტუმრებით და "ნარშავების" (შოტლანდიის ნაკრების მეტსახელია. - რ.შ.) "გაშავებას" მეხუთე ცდაზე შევეცდებით. შოტლანდიურ-ინგლისურ გამოცდებს შორის კი არანაკლებ პრინციპული, მაგრამ გაცილებით იოლი მატჩი გველის: თუ პანდემიამ კიდევ არაფერი შეცვალა, 1-ლ ნოემბერს თბილისში რაგბის ევროპის ჩემპიონატის გადადებული მატჩი უნდა ვითამაშოთ - რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ.

"ექვსი ერის" ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ მოხარული არიან გათამაშებაში ფიჯისა და საქართველოს დამატებით, და ელიან, რომ ტურნირისთვის ორივე გუნდი "გასაოცარი შენაძენი იქნება". რას ამბობენ საქართველოში? "ბორჯღალოსანთა" თავკაცი ლევან მაისაშვილიც ბედნიერია ასეთი შანსით და ამბობს, რომ ახლა რიხიანი განცხადებების დრო არ არის - ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა ახალ ტურნირში ღირსეულად ვითამაშოთ. ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი კი "ბორჯღალოსანთა" თავკაცის ეს წინადადებაა: "ჩაკეტილი და გაძლება-მოგერიებაზე აწყობილი თამაში არ გვჭირდება, დაცვა და შეტევა მაქსიმალურად უნდა დავაბალანსოთ".

დიახ, სწორედაც კარგ დაცვასთან შეხამებული ლაღი თამაში გვჭირდება, სანახაობრივი რაგბი, რომელიც ოვალური ბურთის "გურმან" ბრიტანელებს დაარწმუნებს, რომ საქართველოსკენ გადმოდგმული პირველი ნაბიჯი სწორი არჩევანი იყო!

იმის გათვალისწინებით, რომ სადებიუტო ტურნირში, ალბათ, ყველა თამაშს წავაგებთ, ყურადღება ანგარიშით კი არა, სწორედ სანახაობრივი და სწორი რაგბით უნდა მივიქციოთ, "ხის კოვზი" კი... "ხის კოვზი" იტალიას იმდენი აქვს, პაპა კარლოს სახელოსნოს არც დასიზმრებია!

ახალ ტურნირს "შემოდგომის ერთა თასი" ჰქვია. ჰოდა, ძალიან კი გაგვიჭირდება, მაგრამ იმედია, "შემოდგომის თასი" მაცოცხლებელ "გაზაფხულად" მოევლინება პრობლემებმოძალებულ ქართულ რაგბის და "ჩვენს თამაშად" მოკლე პერიოდში ქცეულ სპორტის ამ ვაჟკაცურ სახეობას კიდევ მეტ პოპულარობასა და სიყვარულს შესძენს. დიდ გამოცდილებას მივიღებთ არა მარტო თამაშითა და მენტალურად, არამედ მენეჯმენტისა და კომერციული თვალსაზრისითაც, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა "ექვსი ერის" წევრობისკენ მიმავალ ეკლიან გზაზე.

ასე რომ, ჩვეული (და უფრო მეტი!) თავდადებით იბრძოლეთ, ბიჭებო, საომარ ლელოდ აქციეთ ბრიტანეთისა და ირლანდიის მშვენიერი სტადიონები და რაც მთავარია - თამაშით სიამოვნება მიანიჭეთ თავსაც და მაყურებელსაც.

ჰერიო, ბიჭებო, რვა (ჰ)ერიო!

რატი შელეგია