"დეზინფექცია" რაგბისაც სჭირდება?! - კვირის პალიტრა

"დეზინფექცია" რაგბისაც სჭირდება?!

ის იყო, გავიფიქრეთ, ნანატრმა სხივმა ბოლო დროს შავღრუბლებმოძალებულ ქართულ რაგბიშიც გამოანათაო, რომ ისეთი ხმა გავიგონეთ, ინგლისი და ირლანდია კი არა, ლამის რაგბი დაგვავიწყდეს!

სროლის ხმა - რაგბის კავშირში!

ქართული რაგბის გამო აქამდე უმეტესად ტაშის ხმა გვესმოდა. ამიტომაც ხმაურიან "გასროლას" (ბოლოდროინდელი უსიამოვნო ამბების მიუხედავად) განსაკუთრებულად ძლიერი რეზონანსი მოჰყვა.

ინციდენტი 16 სექტემბერს რაგბის კავშირის შენობაში მოხდა: საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა "იუნკრებისა" და საქართველოს შვიდკაცა ნაკრების კაპიტანი, რაგბის კავშირის საინიციატივო ჯგუფის წევრი რამაზ ხარაზიშვილი. დაჭრილ მორაგბეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ბესელიას, ის დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

როგორც რამაზ ხარაზიშვილი ამბობს, რაგბის კავშირში სამუშაო შეხვედრაზე მისულს ნასვამმა ბესელიამ ორჯერ ესროლა. ციტატა სოციალურ ქსელში ხარაზიშვილის გამოქვეყნებული პოსტიდან:

"მოგეხსენებათ, ვარ კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრი, ასევე სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი კავშირის საკონსულტაციო საბჭოს წევრი. გუშინ (16 სექტემბერს. - რ.შ.) რაგბის კავშირში მივედი კოვიდვითარებასა და ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე. კართან დამხვდა ნასვამი მერაბ ბესელია (რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი), რომელიც ბოლო დროს საერთოდ ჩამოშორებულია საქმიანობას და შრომისმოყვარეობით არც მანამდე გამოირჩეოდა. მას და გამგეობის თავმჯდომარეს დაძაბული საუბარი ჰქონდათ. ბესელიამ დამიძახა და დამისვა სხვადასხვა პროვოკაციული კითხვა, იყო აგრესიული... როდესაც ჩემგან ადეკვატური პასუხები მიიღო და კონტრკითხვაზე პასუხი ვეღარ გამცა, ამოიღო იარაღი და ორჯერ მესროლა.

ამ დროს ხელში მქონდა წყლის ბოთლი, ყავა და ვიყავი ზურგჩანთით. ამით იმის თქმა მინდა, რომ სანამ იარაღს ამოიღებდა და მესროდა, ჩვენ შორის არანაირი დაპირისპირება ან შეხლა-შემოხლა არ ყოფილა. არც მანამდე მქონია მასთან დაპირისპირება და რაგბის კავშირის არც ერთ მოქმედ თუ ყოფილ ჩინოვნიკს არ დავპირისპირებივარ! ერთადერთი, რასაც ბოლო თვეებში ვაკეთებდი, იყო სიმართლის თქმა, ფაქტებით! რაგბის სამყაროში დაპირისპირებაა და ეს გუშინდელმა ფაქტმაც დაადასტურა. მე და იმ ბიჭებს (საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და თითქმის ყველა ქართული კლუბის წარმომადგენელს), ვინც სიმართლეს ვამბობთ, ვერც იარაღით შეგვაშინებენ და ვერც სხვა რადიკალური ქმედებებით, მაგრამ საზოგადოების თვალში რეპუტაცია ნამდვილად გველახება და სწორედ ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი გულისტკივილი".

"რაგბის სამყაროში დაპირისპირებაა" - რაც უნდა მწარე მოსასმენი იყოს, ეს ინციდენტი და ბოლო თვეებში მომხდარი ამბები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართულ რაგბიში მართლაც მწვავე კრიზისია და სპორტის ამ სახეობას სასწრაფო დახმარება სჭირდება.

ამ ფონზე ჩნდება მთავარი კითხვა: ვინ უნდა დაეხმაროს ქართულ რაგბის?! პასუხი წინასწარ ვიცით: სარაგბო ოჯახი (ისევე, როგორც ჭიდაობის, კალათბურთის, ბალახის ჰოკეის თუ გრძელი ნარდის) თავად, "გარეთ გამოტანის გარეშე" მოაგვარებს თავის პრობლემებს!

ასეც უნდა იყოს, მაგრამ...

სარაგბო ოჯახის ერთიანობას (წლების განმავლობაში ქართულ შერკინებასავით მტკიცე რომ გვეგონა), ბოლო წლებში დიდი "ბზარები" გასჩენია და დიდი იმედი მაქვს, გასული კვირის გასროლის შემდეგ უფრო არ გაიზრდება.

წლებია, მორაგბის სახელი საქართველოში თავდადების, სიძლიერის, ერთიანობის სიმბოლოდ იქცა, რაგბი კი ზრდილი და თავმდაბალი ვაჟკაცების თამაშად. ცხადია, კარგი და ცუდი ყველგან არის, მაგრამ ქართველი მორაგბეების უმეტესობას კარგი კაცის სახელით ვიცნობთ.

ამიტომაც ორმაგად გვტკივა გული, როცა გვესმის: "ოჯახი რომ არჩინოს, ბევრმა მორაგბემ "გლოვოს" კურიერადაც კი დაიწყო მუშაობა", "რაგბის კავშირში პროკურატურაა შესული და ფინანსურ საკითხებს იკვლევს", "კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ისევ გადაიდო", "ვიცე-პრეზიდენტმა ნაკრების კაპიტანს ესროლა", "მეგონა, რაგბის კავშირში მეგობრები მყავდა და არაკაცები ყოფილან!" და ა.შ.

დღეს შოტლანდიასთან ტესტმატჩამდე ერთი თვით, "რვა ერში" სადებიუტო შეხვედრამდე კი თვე-ნახევრით ადრე, ასეთი ამბის გაგება უფრო ცუდ გუნებაზე გვაყენებს.

მაგრამ, მეორე მხრივ, დიახ, სადაც საჭიროა, პროკურატურაც უნდა შევიდეს, სიმართლეც უნდა გაირკვეს და თუ ვინმე დამნაშავეა, პასუხიც აგოს, რადგან რაგბი რომელიმე მოხელის, მწვრთნელის, მორაგბის ან კლანის კი არა, ჩვენი თამაშია!

"კლანი" შემთხვევით არ მიხსენებია: ხარაზიშვილის დაჭრის შემდეგ ეს სიტყვა განსაკუთრებით ხშირად გვესმის. საქართველოს რაგბის კავშირის საინიციატივო ჯგუფის წევრები რაგბის კავშირის გამგეობის გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ კლანი სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს ქართულ რაგბის:

"ეს ყველაფერი უკავშირდება რაგბის თემიდან კლანის მოშორების მტკივნეულ პროცესს - კლანის, რომელიც 12 წელიწადია, დამკვიდრებულია რაგბის კავშირში და ყოველწლიურად სულ უფრო მეტად უჭერს მარწუხებს რაგბის თემს. უკვე ხუთი წელიწადია, მიმდინარეობს მასთან ბრძოლა, მაგრამ რადგან თითოეული მორაგბე უფრთხილდება რაგბის იმიჯს, ეს საქვეყნოდ არ გაგვიხმაურებია. თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვაიძულა, რომ რაგბის პრობლემები სახალხოდ გამოგვეტანა.

ივნისში, მას შემდეგ, რაც რაგბის კავშირი აბსოლუტურად პარალიზებული იყო და კავშირში სარაგბო კლუბები აღარ ფუნქციონირებდნენ, კლუბებმა შექმნეს საბჭო, რომლის აქტიური წევრი იყო და არის რამაზ ხარაზიშვილი. კლანი ამ საბჭოს დაკანონების წინააღმდეგი იყო და აყენებდა პირობას, რომ საბჭოს არ ენახა რაგბის კავშირის ფინანსური ინფორმაცია. ამის მიუხედავად, ხელისუფლების ჩარევის შემდგომ, შესაძლებელი გახდა მათთან მოლაპარაკება, რის შემდეგაც სახელმწიფომ ქართულ რაგბის უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინა - გაზარდა კლუბების დაფინანსება, დაგვეხმარა ჩემპიონატის ორგანიზებაში; დღეს, როცა დროებითი მმართველია დანიშნული, ხორცი შეასხა რაგბისთვის სასარგებლო არაერთ ინიციატივას, რომელთა დაგვირგვინებად იქცა "რვა ერში" ჩვენი ეროვნული ნაკრების მონაწილეობა. ამის პასუხად კლანმა დაარღვია პირობა და გამგეობაზე ბოიკოტი გამოუცხადა საბჭოს შექმნას. ის ეწინააღმდეგება როგორც მორაგბეთა თემს, ასევე სახელმწიფოს. ამიტომ მოვითხოვთ რაგბის კავშირის გამგეობის გადადგომას", - ნათქვამია რაგბის კავშირის საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე თანამდებობიდან მიმდინარე წლის ივლისში გადადგა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, დეკემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი - ირაკლი აბუსერიძე ამბობს, რომ "ის, რაც გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, ოთხი წლის განმავლობაში გოჩა სვანიძისა და მისი არაჯანსაღი გარემოცვის ნამუშევარია".

საინიციატივო ჯგუფისა და აბუსერიძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს გოჩა სვანიძე. მისი თქმით, ირაკლი აბუსერიძეს ცრუბრალდებებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს. რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ბრალდებები კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება:

"აქ არიან ჯგუფები, რომლებსაც, როგორც ბიუჯეტს ხრავენ, რაგბის კავშირის გამოხვრაც უნდათ. ჩემი მმართველობის დროს თანხები მიზანმიმართულად იხარჯებოდა. ყველაფერი ელექტრონულად არის ასახული. ყველა საბუთი ხელმისაწვდომია და ამდენ უპასუხისმგებლო ლაპარაკს სჯობს, დოკუმენტაციაზე იმუშაონ. მეგონა, რაგბის კავშირში ბევრი მეგობარი მყავდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბევრი არაკაცი ყოფილა და იქაურობას სერიოზული დეზინფექცია სჭირდება", - თქვა გოჩა სვანიძემ სატელევიზიო ინტერვიუში.

დეზინფექცია... არ მეგონა, ბოლო თვეებში განსაკუთრებით აქტუალური ეს სიტყვა სარაგბო ლექსიკონშიც თუ გაჩნდებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო დროს ბევრ ისეთ რაღაცას ვიგებთ, ძნელად რომ წარმოვიდგენდით.

არადა, ნათლად ვხედავთ, რომ ტალახთან ერთად, ქართულ რაგბიში უკვე იარაღსაც ისვრიან და... მაინცდამაინც ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთ გარდამტეხ პერიოდში... თუმცა ჩვენ (ან რომელიმე თემმა) რაც უნდა ვმალოთ, ჭირი თავს არ დამალავს და "სახადს" რაც უფრო დროულად მოვიხდით, მდგომარეობის გამოსასწორებლად მეტი დრო გვექნება.

სწორედ ამიტომ არის აუცილებელი დროული არჩევნები, რაგბის სათავეში რაგბისა და ქვეყნის მოყვარული ხალხის ყოფნა და კავშირის სასწრაფოდ გაწმენდა მათგან, ვისაც თავისი თავი უყვარს რაგბიში და არა რაგბი - თავის თავში!