ჩვენი სიხარული(ძე) მოსკოვის ცრემლებია! - კვირის პალიტრა

ჩვენი სიხარული(ძე) მოსკოვის ცრემლებია!

რამდენიც უნდა ილაპარაკონ, მადლობა "ლოკომოტივს" ამ სიხარულისთვის!

სიხარული(ძი)თ დაიწყო და ბედნიერებით დამთავრდა - თბილისის "ლოკომოტივმა" მორიგი სენსაციით გაგვახარა - წყვილში ფავორიტად მიჩნეული მოსკოვის "დინამოც" გაუყენა "კუდიგორის გზას". ვერ გეტყვით, რუსებს ცრემლები მთლად მოსკოვამდე გაჰყვათ თუ არა, მაგრამ ქართველი ქომაგის თვალებზე ასე მონატრებული სიხარულის ცრემლებისთვის გიორგი ჭიაბრიშვილსა და "ლოკომოტივის" ყველა წევრს დიდი მადლობა ეკუთვნის! წინა წერილშიც ვთქვით, რომ ევროთასებს მიუჩვეველი და შედარებით გამოუცდელი გუნდისგან წლევანდელ ევროტურნირებზე ბევრს არაფერს ველოდით, თუმცა "ლოკომოტივმა" ჯერ რუმინული "უნივერსიტატეა" დაამარცხა, გასულ ხუთშაბათს კი მოსკოველებსაც იმავე ანგარიშითა და სცენარით აჯობა. "დინამო" ჩვენს გუნდზე გაცილებით მდიდარი და გამოცდილი გუნდია და თბილისშიც მოსაგებად ჩამოვიდა, თუმცა ქართულმა ჟინმა, თავდადებამ და მეკარე მამარდაშვილის საიმედო თამაშმა რუსები ისეთ დღეში ჩააგდო, მწვრთნელი ლამის "ონლაინ" - მოსკოვში დაბრუნებამდე მოხსნეს, "დინამო" და მისი ფეხბურთელები კი დაცინვისა და ბულინგის ობიექტებად აქცია - ამას სირცხვილიც აღარ ჰქვია, ვისთან წააგეთო! ვისთან და, თქვენზე პატარა (ბიუჯეტით, გამოცდილებით თუ ისტორიით), მაგრამ დიდი გულის მქონე გუნდთან. იმ ქვეყანაში, სადაც, სულ რომ ყველასთან დამარცხდნენ, რუსთან არ წააგებენ, მარცხს არასდროს შეეგუებიან! სპორტი და პოლიტიკა თქვენ გამიჯნეთ, ჩვენ კი, სანამ "ძალა აღმართს ხნავს", სადაც შეგვიძლია, ჩვენს სათქმელს იქ გეტყვით! რაც უნდა იწუწუნონ რუსებმა მოედნის საფარსა თუ თავიანთ შეცდომებზე, ფაქტი და შედეგი სახეზეა - სიხარულიძისა და გავაშელიშვილის გოლების წყალობით ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ თბილისის "ლოკომოტივი" ითამაშებს! 24 სექტემბერს თბილისური კლუბი ესპანური ლა-ლიგის ბინადარ "გრანადას" ესტუმრება.

P.S. გაჭირვებით, მაგრამ თავისი მატჩი თბილისის "დინამომაც" მოიგო: 97-ე წუთზე გაბედავას გატანილი პენალტით 1:0 მოუგო უელსის "კონაჰს" და "ლოკომოტივის" მსგავსად, ისინიც 24 სექტემბერს ითამაშებენ ფარერის კუნძულებზე, ადგილობრივი "კლაკსვიკარის" წინააღმდეგ.