ქართული ჩაქუჩი პოლონელისთვის - კვირის პალიტრა

ქართული ჩაქუჩი პოლონელისთვის

მიმდინარე წლის 12 მარტს ქართველ პროფესიონალ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს საჩემპიონო ქამრისთვის ორთაბრძოლა თბილისში დომინიკელი ჯოვანი ლორენცოს წინააღმდეგ უნდა გაემართა.

თუმცა, უკვე გადაწყვეტილია, რომ თბილისის ნაცვლად ლორენცო საფრანგეთში გავა რინგზე და 2 აპრილს კამერუნელი ჰასან ნ,დამ ნჯიკამს შეხვდება. როგორც ცნობილია, ბოლო ბრძოლა "ტორნადოდ" წოდებულმა ხურციძემ სწორედ ნჯიკამთან გამართა და მსაჯების არცთუ ობიექტური გადაწყვეტილების გამო დამარცხდა. რადგან ქუთაისელ მოკრივეს დომინიკელი მოულოდნელად "გამოეცალა" ხელიდან, ბუნებრივია, სატიტულო მატჩის ჩატარება სხვა მოწინააღმდეგესთან მოუწევს.

როგორც გავარკვიეთ, "ჩაქუჩას" (ავთანდილ ხურციძის ერთ-ერთი მეტსახელია. - ავტ.) მეტოქე პოლონელი მარიუშ სენდეროვსკი იქნება, ორთაბრძოლა კი თბილისის სპორტის სასახლეში 12-ის ნაცვლად, 13 მარტს ჩატარდება. სენდეროვსკისა და ხურციძეს პროფესიულ რინგზე თითქმის ერთნაირი შედეგები აქვთ. 30 წლის ქართველს აქამდე გამართული 26 ბრძოლიდან 22 აქვს მოგებული, მასზე სამი წლით უფროს პოლონელს კი ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული და 25 ბრძოლიდან 21 გამარჯვებით იწონებს თავს.