სანიკიძე "ვარსკვლავებშიც" ჩატენის - კვირის პალიტრა

სანიკიძე "ვარსკვლავებშიც" ჩატენის

ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებული ვიქტორ სანიკიძე შესანიშნავ ფორმაშია და იტალიის ჩემპიონატის თითქმის ყველა ტურში ახერხებს ორმაგი დუბლის შესრულებას.

თუმცა, საქმე მხოლოდ სტატისტიკაც არ არის - საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ისე კარგად თამაშობს, რომ იტალიელი ჟურნალისტები მისთვის ეპითეტების მოგონებას ვეღარ ასწრებენ. ვიკას მთავარი "კოზირი" კალათში ბურთის ეფექტიანი ჩატენაა და მისი რომელიმე ილეთი მუდმივად ხვდება ტურის ყველაზე გამორჩეული ჩატენების ვიდეონაკრებში. 13 მარტს კი ქართველი მოთამაშე იტალიის ჩემპიონატის "ყველა ვარსკვლავშიც" გაერევა.

ტრავმების გამო, მას და ჩვენი ნაკრების კიდევ ერთ ლიდერს - მანუჩარ მარკოიშვილს არაერთი შეხვედრის გამოტოვება მოუხდათ და "ოლ სტარის" მონაწილეთა შორის ამიტომ ვერ მოხვდნენ, მაგრამ ეს ღონისძიება ქართველის გარეშე მაინც არ ჩაივლის - ვიქტორ სანიკიძე ერთადერთია იმ ოთხი კალათბურთელისგან, ვინც ჩატენების კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ვიქტორს წარმატებას ვუსურვებთ და შევახსენებთ, რომ გრძელხელება ქართველს ორჯერ უკვე აქვს მოგებული ანალოგიური შეჯიბრება: 2008 წელს საქართველოში, ერთი წლის შემდეგ კი - ესტონური "ოლ სტარის" დროს.