წუწურაქი ეტოო - კვირის პალიტრა

წუწურაქი ეტოო

გასულ კვირას მილანელები სახალისო ამბის მომსწრენი გახდნენ. გამვლელები პირდაღებულნი უყურებდნენ, როგორ ემუდარებოდა პლანეტის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი სამუელ ეტოო პოლიციელ ქალს, ჯარიმა არ გამოეწერა.

შემთხვევა მილანის ცენტრში, ვია მონტე ნაპოლეონეზე მდებარე კაფეს წინ მოხდა. ვარჯიშზე მიმავალმა კამერუნელმა ფეხბურთელმა 230 ათას ევროდ ღირებული Mersedes-benz G55 AMG ტროტუართან გააჩერა, თავად კი კაფეში შევიდა ფინჯანი ყავის დასალევად. შავტუხა ფორვარდმა ორიოდე ყლუპის გადაყლურწვა ძლივს მოასწრო, სანამ შეიტყობდა, რომ არასწორი პარკირებისთვის აჯარიმებდნენ.

რა სისწრაფითაც საკუთარ მანქანასთან გაჩნდა, ეტოო მოედანზეც რომ ასევე დარბოდეს, მისი დამწევი კაცი არ იქნებოდა. სამუელი ინსპექტორ ქალთან მიიჭრა და რამდენიმე წუთის განმავლობაში უმტკიცებდა, არ ვიცოდი, აქ გაჩერება აკრძალული თუ იყოო. საბოლოოდ, კამერუნელი მაინც დააჯარიმეს.

ამ ამბავში ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ჯარიმის თანხა... 38 ევრო იყო! ფეხბურთელმა, რომლის ანაზღაურებაც კვირაში 200 ათას ევროს(!) შეადგენს, 38 ევროს გამო ლამის დაუჩოქა მოძრაობის მომწესრიგებელ ინსპექტორს! არადა, ერთი წლის წინ ეტოომ, რომლის ავტოფარეხშიც ოცდაათზე მეტი ძვირად ღირებული ავტომანქანაა, მილანის ვია ტურატიზე მდებარე პენტჰაუსში არც მეტი, არც ნაკლები, 17 მილიონი ევრო გადაიხადა. ახლა კი 38 ევროს გამო ასეთი ალიაქოთი ატეხა.