ახალი "დინამო" - კვირის პალიტრა

ახალი "დინამო"

თბილისის "დინამოში" ცვლილებები გრძელდება. ჯერ მხოლოდ ორიოდე თვეა, რაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ახალი მეპატრონე ჰყავს რომან ფიფიას სახით და გუნდში უკვე ბევრი სიახლეა.

გარდა იმისა, რომ "დინამოს" ბაზის რეკონსტრუქცია დაიწყო, მთავარ მწვრთნელად კახა კაჭარავა დააბრუნა და მას კარტ-ბლანშიც მისცა სასურველი ფეხბურთელების გადასაბირებლად. ფიფიამ სტრუქტურული ცვლილებებიც განახორციელა. გადაწყვეტილია, რომ ბუბა ტყავაძე, რომელიც ბოლო წლებში "დინამოს" მმართველ დირექტორად მუშაობდა, თანამდებობას დატოვებს და მის ნაცვლად იმუშავებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, რომელიც რომან ფიფიამ გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.

მინისტრად დანიშვნამდე, პოლოლიკაშვილი სამი წლის განმავლობაში ესპანეთში საქართველოს ელჩი გახლდათ და სწორედ მაშინ დაუმეგობრდა კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას. სწორედ ესპანურ საფეხბურთო წრეებთან ახლობლობა და მისი მენეჯერული თვისებები გახდა ზურაბ პოლოლიკაშვილის "დინამოს" მთავარ მენეჯერად დანიშვნის მიზეზი. იმედია, სწორედ კლუბის სათავეში ბოლო დროს მომხდარი ცვლილებები დააბრუნებს ქართული ფეხბურთის ფლაგმანს საკადრის სიმაღლეზე.