აფრინდა ქორი, აფრინდა - კვირის პალიტრა

აფრინდა ქორი, აფრინდა

ზაზა ფაჩულია საქართველოში ერთწლიანი შესვენების შემდეგ ჩამოვიდა. იგი ნაკრების სხვა კალათბურთელებთან ერთად შარშანდელი ომის გამო ევროპაში მოგზაურობდა და ოთხი გასვლითი მატჩი ჩაატარა.  ერთი თვის წინ ზაზამ "ჰოქსთან" ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ასე რომ, მასთან სასაუბრო საკმარისად დაგროვდა...

წერილი

...სატრანსფერო ციებ-ცხელებისას ინტერნეტსივრცეში გავრცელდა "ატლანტას" ქომაგის წერილი. ავტორი ზაზა ფაჩულიას გუნდში დარჩენას სთხოვდა: ოღონდ, არსად წახვიდე და ატლანტას მერიაში ინიციატივით შევალ ქალაქის რომელიმე ქუჩას შენი სახელი რომ ეწოდოსო...

- ეგ წერილი რომ წავიკითხე. ძალიან იმოქმედა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დარჩენა, პირველ რიგში, ქომაგებმა გადამაწყვეტინეს. ვერასოდეს ვითამაშებდი ისეთ გუნდში, სადაც გულშემატკივრის სიყვარულს ვერ ვიგრძნობდი. ასეთ პირობებში კალათბურთით ვერ ისიამოვნებ. სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში ქომაგების პატივისცემის მოსაპოვებლად ახლიდან მომიწევდა ზრუნვა. ატლანტაში კი ამ საქმეს ოთხი წელი შევალიე და ქომაგთა სიყვარულს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ...

- მაინც, რის ხარჯზე მოიპოვე ასეთი პატივისცემა?

- ლამაზი თვალების გამო არავინ შეგიყვარებს. ხალხი ხედავს, რომ თავგანწირვით ვშრომობ და ამას აფასებს. NBANBA-ს გუნდები სუპერვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული. ჩატენვაც ყველას შეუძლია, კუნთებიც ყველას აქვს, მაგრამ თითოეულს განსხვავებული ფუნქცია ეკისრება. გულშემატკივარმა დაინახა, რომ მშრომელი ვარ, შავ სამუშაოს არ ვთაკილობ...

თუ საჭიროა, ვიჩხუბებ...

- ქომაგების პატივისცემის მოპოვება სხვადასხვა დროს გადატანილმა ჩხუბებმაც ხომ არ განაპირობა?

- არა. გულშემატკივარს მოჩხუბარი და უხეში კალათბურთელები არ უყვარს. ამით ქომაგის სიყვარულს ვერ მოიპოვებ. მეც ყოველთვის ვცდილობ, ინციდენტებს თავი ავარიდო, თუმცა თუ საჩხუბარია, უკან არ ვიხევ. ეს იშვიათად ხდება.

- თუ, საჭიროა, თანაგუნდელსაც უწყრები...

- ჯოშ სმიტს გასახდელში დავუპირისპირდი. მაშინ ორივეს სხვადასხვა აზრი გვქონდა, მაგრამ როცა დავილაპარაკეთ და გავარკვიეთ, აღმოჩნდა, რომ გუნდისთვის ორივეს კარგი გვინდოდა. ახლა ჯოში ჩემი საუკეთესო მეგობარია. მთავარია, ამა თუ იმ ჩხუბის შემდეგ გულში წყენა არ ჩაიდო.

- სხვათა შორის, შენგან წყენა კევინ გარნეტს დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვა.

- მან იდაყვი ჩამარტყა და იმ მომენტში გავცხარდი. გარნეტისკენ რომ გავიწიე, დარბაზში შეკრებილი ოცი ათასი გულშემატკივარი ჩხუბისკენ მომიწოდებდა. ერთადერთი, ვინც არას ყვიროდა, ჩემი მეუღლე იყო. საბოლოოდ ხელჩართულ ჩხუბამდე საქმე არ მისულა. მთავარი კი ისაა, რომ ის მატჩი მოვიგეთ. გარნეტთან დაპირისპირებამ დიდი გამოხმაურება იმიტომაც პოვა, რომ ინციდენტი ფლეი-ოფში, მოედნის ცენტრში მოხდა და ყველა კამერა ჩვენკენ იყო მომართული.

ჩალურჯებული

- რეგულარული ჩემპიონატი ფლეი-ოფისგან ისე განსხვავდება, როგორც დღე და ღამე. მატულობს ინტენსიურობა, ძალისმიერი თამაში, იზრდება დატვირთვა. კომპიუტერული თამაშების ენაზე რომ ვთქვათ, მანქანა "ტურბო" რეჟიმში ირთვება...

- წლეულს თვალი სწორედ მერვედფინალის მესამე მატჩში ჩაგილურჯდა...

- "მაიამისთან" დაპირისპირებისას თამაშში ისე ვიყავი ჩაფლული, რომ ნამდვილად არ მიგრძნია, ვინ მომაყენა ტრავმა. თვალზე ხელი შემთხვევით დავიდე და შესივება ვიგრძენი. მომდევნო შეხვედრა თვალჩალურჯებულმა ვითამაშე.

- შემდეგი მატჩი კარიერაში საუკეთესო იყო?

- ასეა. "მაიამი" 2:1-ს გვიგებდა და თუ მესამედაც გვაჯობებდა, თითქმის გამოვარდნილები ვიყავით. მოგების შემთხვევაში კი ანგარიშს გავათანაბრებდით და მოედნის უპირატესობასაც დავიბრუნებდით. ამიტომ მაქსიმუმი გავაკეთე, თამაში კარგად დავიწყე, საბოლოოდ 18 მოხსნა და 12 ქულა მოვაგროვე. ატლანტაში გამარჯვებულები დავბრუნდით.

რეპი

- თავისუფალი დრო ლიმიტირებული გვაქვს. დროს ოჯახზე უკეთესთან ვისთან გავატარებ?! ამერიკაში 82 მატჩიდან ნახევარი გასვლითია, ამიტომ თანაგუნდელებთან ერთადაც ხშირად ვერთობი. "ატლანტა" მეგობრული გუნდია და ყველასთან თბილი ურთიერთობა მაქვს.

- გასულ სეზონში არაერთხელ მიგიწვიეს წვეულებებზე, სადაც ატლანტას ბომონდი იყო შეკრებილი...

- მსგავს ღონისძიებებზე სიარული ჩემი ჰობია. მიყვარს ხალხთან ურთიერთობა და საინტერესო საუბარი. ამასთან, ხალხისთვისაც სასიამოვნოა მოედნის გარეთ სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილი კალათბურთელის ხილვა, გვერდში ამოდგომა, დატოლება...'

- ატლანტელი ცნობილი სახეებიდან ყველაზე უკეთ ვის იცნობ?

- რეპერთა უმეტესობა ატლანტაში ცხოვრობს. თუ "ლეიკერსის" სიმბოლოდ ჯეკ ნიკოლსონი ითვლება, "ატლანტას" თილისმა კრის ტაკერია. ჩვენს თამაშებს ხშირად ესწრებიან ჯენეტ ჯექსონი, ჯერმეინ დუფრი, მიუხედავად იმისა, რომ "კლივლენდის" თანამფლობელია, აშერიც "ჰოქსის" ყველა თამაშზე დადის.

ფრთხილად, კალათზე ქორია!

- ყველა კლუბი ცდილობს ორიგინალურობით გამოირჩეოდეს და გულშემატკივარს საინტერესო შოუ შესთავაზოს. "ატლანტას" "ფილიპს არენაზე" ყოველი მატჩის წინ სინათლე ქრებოდა და სახურავიდან ქორი ეშვებოდა. ერთხელ იგი ქვემოთ წამოვიდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ პატრონს ხელზე დასჯდომოდა, გვერდზე გადაუხვია. თითქოს ჩოგბურთის მატჩს უყურებდაო, ტრიბუნაზე შეკრებილი ქომაგი თავს ხან მარცხნივ აბრუნებდა, ხან - მარჯვნივ. ბოლოს და ბოლოს, ქორი მეტოქის ფარზე მოკალათდა. რადგან მატჩი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ფრინველის გამო არ შეგვაყოვნეს და 10-15 წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგის კალათთან მიახლოებისას ვცდილობდით, ფრთხილად გვემოქმედა. დაცვაში მეტოქეც ვერ ჩადიოდა... უნდა გენახათ ხალხის რეაქცია, როცა ქორი დაიჭირეს.

ჟურნალი "ათიანი"

(იბეჭდება შემოკლებით)