დაგვაფარე(რე)ს! - კვირის პალიტრა

დაგვაფარე(რე)ს!

"დაბა კლაკსვიკში მხოლოდ 5 ათასამდე მცხოვრებია, რომელთა უმეტესობას ფეხბურთზე გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე და პროფესია აქვს. გარდა ამისა, ფარერის კუნძულებზე ყოველ 500 ცხვარზე მხოლოდ ერთი "ფეხბურთელი" მოდის... სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს საქმე, მაგრამ უბედურებაც ის არის, რომ ამ თემაზე მხოლოდ ხუმრობაღა დაგვრჩენია. აბა, სერიოზულად როგორ უნდა ვილაპარაკოთ გუნდზე, რომელიც ქვეყნის საუკეთესო კლუბობას იჩემებს და... "მეცხვარეებთან" 1:6 აგებს?!"

მწყემსები კეთილები არ აღმოჩნდნენ. არც მეთევზე, ფოსტალიონი, სტომატოლოგი ან "დროებით უმუშევარი" რომელიმე მოთამაშე. კეთილები მხოლოდ "დინამოს"... "კეთილები" მხოლოდ "დინამოს" ფეხბურთელები აღმოჩნდნენ და სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ გასართობად მობურთალი ხალხი ისტორიული გამარჯვებით გაახარეს.

საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" 1:6 შერცხვა ფარერების ჩემპიონ "კლაკსვიკთან". შერცხვა ნახევრად სამოყვარულო კლუბთან, რომელსაც დიდი ხნის ისტორია კი აქვს (1904 წელს დაარსდა - რ.შ.), მაგრამ დიდი ისტორია ვერაფრით ექნებოდა (სანამ "დინამოს" არ გადაეყარა), რადგან დაბა კლაკსვიკში მხოლოდ 5 ათასამდე მცხოვრებია, რომელთა უმეტესობას ფეხბურთზე გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე და პროფესია აქვს. გარდა ამისა, ფარერის კუნძულებზე ყოველ 500 ცხვარზე მხოლოდ ერთი "ფეხბურთელი" მოდის...

სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს საქმე, მაგრამ უბედურებაც ის არის, რომ ამ თემაზე მხოლოდ ხუმრობაღა დაგვრჩენია. აბა, სერიოზულად როგორ უნდა ვილაპარაკოთ გუნდზე, რომელიც ქვეყნის საუკეთესო კლუბობას იჩემებს და... "მეცხვარეებთან" 1:6 აგებს?!

არადა, მომავალი წერილის სათაური ქართული კლუბების მატჩების დაწყებამდე მქონდა მოფიქრებული: "თბილისელების შავ-თეთრი დღე". რატომ "შავ-თეთრი"? იმიტომ, რომ ცუდი წინათგრძნობისა და ბოლოდროინდელი შედეგების მიუხედავად, გულის სიღრმეში მაინც მჯეროდა, რომ "დინამო" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპთან მიახლოების შემდეგ მაინც გაცოცხლდებოდა; რომ "ლოკომოტივის" "გრანად-იოზული" წაგების ფონზე, მეორე თბილისური კლუბი მაინც გაგვახარებდა.

თუმცა... "კაცი (ქართველი) ბჭობდა, მეთევზე იცინოდაო" - ახალი ფარერული ანდაზაა.

თბილისის "ლოკომოტივმა" მართლაც წააგო გაცილებით მდიდარ და გამოცდილ "გრანადასთან". წააგო, შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ რაც შეეძლო, იბრძოლა, ითამაშა და მასზე აუგის სათქმელად ენა არ მოგვიბრუნდება.

"ლოკომოტივმა" იბრძოლა, პირველ ტაიმში მეტ-ნაკლები წინააღმდეგობაც გაუწია ესპანური პრიმერას კლუბს, რომელიც ახალგაზრდა ქართველებზე გაცილებით გამოცდილი და ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. სამწუხაროდ, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა გოლი მეორე ნახევრის დაწყებისთანავე გაუშვა, მალევე კაცნაკლულიც დარჩა და ცხადი გახდა ის, რაც მატჩის დაწყებამდეც ვიცოდით - "ლოკომოტივისთვის" წლევანდელი ზღაპარი დასრულდა. "გრანადის" ბიუჯეტი 30 მილიონი ევროა, თუმცა აქ მხოლოდ ფინანსური მხარე არ არის საქმე - მოსკოვის "დინამოს" ფული ორჯერ მეტი აქვს, მაგრამ თბილისში მაინც ვაჯობეთ - მონდომების, ჟინის, ხასიათის, საშინაო მოედნის ხარჯზე. ანდალუსიურ კლუბს კი, რომელიც კვირაში ერთხელ ეთამაშება "რეალის", "ბარსელონას", "სევილიას" ან თუნდაც - ბილბაოს "ატლეტიკის" დონის გუნდებს, მარტო ხასიათით ვერ აჯობებ. მეტოქის ფეხბურთელთაგან მხოლოდ რობერტო სოლდადოს დასახელებაც კმარა - ესპანეთის ნაკრების, "რეალის", "ვალენსიის", "ტოტენჰემის", "ფენერბახჩეს" თუ სხვა არაერთი კლუბის ყოფილი შემტევის, რომელიც 35 წლის ასაკშიც ძველებურად სახიფათოა.

"ლოკომოტივმა" იბრძოლა, მაგრამ მესამე სასწაული "ნამეტანი" იქნებოდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ "ლოკომოტივს" უფრო მეტად უნდა გაერისკა. "გრანადა" ძლიერი გუნდია, მაგრამ არ არის ისეთი გრანდი, რომ ერთი ბურთით ჩამორჩენის შემდეგ (თუნდაც კაცნაკლულს) შეტევაზე აღარ გვეფიქრა! ერთმატჩიან დუელში 0:1 წააგებ თუ 0:3, რა მნიშვნელობა აქვს?!

და მაინც - მადლობა "ლოკომოტივის" ყველა წევრს აქამდე მოტანილი იმედისთვის!

აი, "დინამომ" კიდევ ერთხელ შეირცხვინა თავი. წილისყრაში გაუმართლა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის მართლაც ჩინებული შანსი ჰქონდა. უბედურება კი ის არის, რომ "მგლებამდე" "ცხვრებმა" არ მიგვიშვეს! ქართულმა კლუბმა "ისტორია" ამჯერადაც სხვებს "დაუწერა".

და მხოლოდ ანგარიშიც არ არის საქმე. "ქვეყნის საუკეთესო კლუბის" თამაში იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა ითამაშო დაცვაში, როგორ უნდა ჩამოყარო ყურები, დაკარგო თავმოყვარეობა და გააბედნიერო... მეტოქე გუნდის ქომაგი!

რომელი დაცვა?! იქით დაგვიცვეს!

ფარერელმა მებადურებმა სარეკორდო ზომის "თევზი" გამოიჭირეს. უფრო სწორად, თევზი კი არა, "ღლავი", რადგან კლაკსვიკურ კლუბს ექვსი ბურთი თავისნაირ მაჩანჩალებთანაც იშვიათად გააქვს.

თბილისის "დინამო" რა "ღლავი და ხვითოც" არის, კარგა ხანია, ვხედავთ, მაგრამ ფარერელ მოყვარულებთან ასე სამარცხვინოდ განადგურება მაინც ნამეტანია, ისე ღრმად ჩაძირვაა, ფარერელ მყვინთავებს არც დაესიზმრებათ.

სამაგიეროდ, ფარერელ ბავშვებს "შევუყვარდით" და ძილის წინ, ცხვრების ნაცვლად, უკვე "დინამოს" კარში გატანილ გოლებს ითვლიან...

ფარერელებს ვუყვარვართ, მაგრამ რას ერჩით ქართველ ბავშვებს?! რას ერჩით ქართველ გულშემატკივარს, რომელიც უკვე წლებია უყურებს, როგორ ეცლება ხელიდან კლუბი, რომლის გამარჯვებაზეც გაიზარდა.

"ფარერებსა" და "ფრაერებზე" ჯერ კიდევ სამი წლის წინ, მაშინ დავწერე, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა კუნძულელებთან 1:3 რომ წააგო. მაშინდელ სიტყვებს ახლაც გავიმეორებ: ვითომ რატომაც არ უნდა წავაგოთ, ან რით განვსხვავდებით ფარერებისგან?! "ფრაერები" და ცხვრები საქართველოშიც ბლომად გვყავს, ამასობაში კი - ფეხბურთის თამაში ჩვენზე უკეთ უსწავლიათ!

ახლა არ მითხრათ, ერთხელ ყველაფერი ხდებაო, 7-8 ბურთი "ბარსელონისა" და ბრაზილიის ნაკრებსაც გაუშვიაო... მათ თავისნაირი გრანდებისგან გაუშვეს, ჩვენ - მეცხვარეების, მეთევზეების და ფოსტალიონებისგან!

და რაც მთავარია, ეს "ერთხელ" კი არ მოხდა, უკვე პერმანენტული სახე მიიღო. შორს რომ აღარ წავიდეთ, თბილისში "ალბანელ ტირანებთან" 0:2 წაგებაც ახლახან იყო და უელსში საცოდავად, 97-ე წუთზე გატანილი პენალტით მოგებაც.

1:6 წაგების შემდეგ ჯოხის ერთ ან ორ მოთამაშეზე გადატეხა უნამუსობაა. სამართლიანობა კი მოითხოვს იმის თქმას, რომ გაშვებული გოლების უმეტესობა "დინამოს" ერთ-ერთი მცველის "დამსახურებაა", მაგრამ მაშინ მის ჩამომყვანს რაღა ეკუთვნის?!

გავიგეთ, რომ ფეხბურთელებისა და მწვრთნელების "დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ" ცვლა ბოლო წლებში "დინამოს" უცვლელი "სტრატეგიაა", მაგრამ თუ ჩამოგყავს, მაღალი დონის ლეგიონერი მაინც ჩამოიყვანე.

იქნებ "დინამოს" ხელმძღვანელობა არაფერ შუაშია და ხელი მხოლოდ ფეხბურთელებისკენ გავიშვიროთ? საქმეში ამჯერადაც მსაჯი, ამინდი ან მოედანი ხომ არ გავრიოთ?!

სპეციფიკურ ხელოვნურ მოედანზე განსხვავებული ბურთით ვითამაშეთო. ფარერულ კლუბთან არათუ ხელოვნურ საფარზე, მინდორშიც არ უნდა წააგო... იალაღზე, სადაც საღამოს ბრუნდებიან ფეხბურთის თამაშით დაღლილი ფარერელი მწყემსები.

ჩისკო "დინამოს" მოთამაშეც იყო და მწვრთნელიც, ქართული ფეხბურთისა და ქვეყნის მთავარი კლუბის ტრადიციებიც სხვებზე უკეთ მოეხსენება. თუმცა ჩისკოს ან კლუბის ლეგიონერებს რა უნდა მოვთხოვოთ? აი, ქართველმა ფეხბურთელებმა (იმედია, კლუბის ამჟამინდელმა მფლობელმაც!) ხომ მაინც იციან, რას ნიშნავ(და) თბილისის "დინამო" ქართველი გულშემატკივრისთვის?

ჩვენ ნამდვილად ვიცით! ამიტომაც აღარ გვინდა დამადლებული კლუბი. აღარ გვინდა იმის მოსმენა, "წელიწადში რამდენი მილიონი ჯდება კლუბის შენახვა".

მადლობა "დინამოს აკადემიისთვის", განახლებული და შენახული ბაზისთვისაც, მაგრამ...

"შენახული" არა - ცოცხალი "დინამო" გვჭირდება! გუნდი, რომელიც ფეხბურთს ითამაშებს და დიდი კლუბის სახელს ყოველ წელს არ დაუმატებს სირცხვილისა და ტალახის მორიგ სქელ ფენას.

დიახ, "თევზი თავიდან ყარს". თბილისის "დინამო" კი, სამწუხაროდ, "თავიან-ფეხებიანად"! თანამედროვე ფეხბურთში კი თავი ფეხზე არანაკლებ ფასობს!

ფეხბურთელებს, ალბათ (იმედია!), შერცხვებათ. მწვრთნელსაც... მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ შერცხვეთ იქ, ზევით, სადაც ბოლო წლებია, "დინამოს" ბედი, ბიუჯეტი და "განვითარების სტრატეგია" წყდება...

ბატონო კლუბის მფლობელო, თუ "დინამო" სხვა მიზნებისთვის გჭირდებათ ან თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ გაბარიათ და "არ იცით, რა მოუხერხოთ", თქვით და ქართულ ფეხბურთსა და ჩვენს თავთან ერთად თქვენც შეგვეცოდებით. მაგრამ, თუ მართლაც შეგტკივათ გული ქვეყნის მთავარი კლუბის ბედზე, პასუხისმგებლობას მხოლოდ სიტყვით ნუ აიღებთ, საქმით დაგვანახეთ!

P.S. აღარ ვიცი, მიგვა, ჩაგვა თუ გადაგვაფარე(რე)ს, მაგრამ ფაქტია, რომ "ქართული ფეხბურთის ფლაგმანი" დღეს მეცხვარეების დონესაც ვეღარ სწვდება!