კოლოსი თიხის ფეხებზე - კვირის პალიტრა

კოლოსი თიხის ფეხებზე

ქართულ ფეხბურთში ნოდარ ახალკაცი-უმცროსის ეპოქა დასრულდა. ეროვნული ნაკრების გაუთავებელი მარცხით სამართლიანად აღშფოთებული გულშემატკივრების მოთხოვნა დიდი ხანია ფედერაციის ხელმძღვანელთა გადადგომა იყო და როგორც იქნა, ანგარიში გაუწიეს.

როდესაც ახალკაცის გარემოცვა მუშაობას იწყებდა, თვალს და ყურს ჭრიდა უგემოვნო მუსიკალურ (ამას მუსიკასთან ისეთივე კავშირი ჰქონდა, როგორიც ლენინს თბილისის "დინამოს" სტადიონთან) კაკოფონიაზე აწყობილი კლიპი: "ჩვენ ერთი გუნდი ვართ". ერთგუნდობა მხოლოდ კლიპადვე დარჩა, რაღაც არ ეტყობა, რომ ფედერაციის "სასტავი" მის გადამდგარ თავკაცს კვალში ჩაუდგეს და მასთან ერთად დატოვოს დასამარებული ქართული ფეხბურთის სახლი. ეს საქართველოა, სადაც ყოველთვის ერთ გმირზე ათი მედროვე მოდიოდა და ეს ახალკაცსაც კარგად უნდა სცოდნოდა. 13 მაისის სამარცხვინო არჩევნები მშვენიერი სარკე იყო ყველა იმ მოსალოდნელი უბედურების დასანახავად, რაც ელოდა ქართულ ფეხბურთს და მის ახალდანიშნულ პრეზიდენტს. "კვირის პალიტრა" მაშინ მოუწოდებდა კიდეც ნოდარ ახალკაცს, თავიდან მოეშორებინა ის ხალხი, რომელმაც ერთ საათში ქამელეონივით შეიცვალა განწყობა და გიორგი ნემსაძისთვის მიცემული ხმები ახალკაცის კალოზე დაახვავა. სამწუხაროდ, მაშინ სარკეში ჩახედვა არ ისურვა ფედერაციის პრეზიდენტმა და თავისი ფეხით მივიდა იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რაც გასულ კვირას მისი გადადგომით დასრულდა.

თავიდათავი ჩვენი ფეხბურთის ფიასკოსი რომ უსამართლობა იყო, ეს არაერთხელ გვითქვამს. საკვირველი ის არის, რომ მთავრობა მხოლოდ ახლა აღშფოთდა ნაკრების ბოლოდროინდელი შედეგებით. სიმართლე გითხრათ, მისი აღშფოთებისა ნაკლებად მჯერა, რადგან მისთვის ფეხბურთიც იგივეა, რაც რიყეზე ყურძნის დაწურვის თუ მთელი თბილისის სამყოფი საცივის მომზადების პროცედურა. რატომღაც მაშინ არავინ აღშფოთებულა მთავრობაში, როდესაც გულშემატკივარი აბუჩად აიგდეს და ახალარჩეული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ცინიკურად გადააყენეს. ხელახალი არჩევნები ახალკაცმა "ალალად მოიგო" და ქართული ფეხბურთის ჭაობიდან ამოყვანის პირობაც დადო. ჭკვიანი კაცია დიდი ფარსადანოვიჩის ვაჟი. შეუძლებელია, ვერ მიმხვდარიყო, რომ ასეთი "სიალალით" მოგებული არჩევნების შემდეგ მას დამოუკიდებელ საქმიანობას არავინ დაანებებდა, მაგრამ მაინც მოაწერა (თუ მოაწერინეს) ხელი ამ პოსტის მართვას. ფეხბურთი როგორ უნდა მართო, როცა აღმასკომში ლეგენდარული ვეტერანების ნაცვლად დასუფთავების სამსახურის ხალხი გიწყვეტს საფეხბურთო მეურნეობის ბედს? როცა სახელმწიფო წლების მანძილზე ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე გაჰკივის და ეს პროგრამა თვალითაც არავის უნახავს? რისი იმედი ჰქონდა ახალკაცს, როცა წაგებული არჩევნების შემდეგ მაინც მეორედ შევიდა იმავე მდინარეში? მთავრობამ გარანტია მისცა, რომ დაეხმარებოდა? მაგრამ როგორ დაეხმარებოდა, როცა ფეხბურთი მათ აბსოლუტურ უმრავლესობას მხოლოდ ტელეკამერების წინ გახსნილი მინიმოედანი ჰგონია და ფედერაცია კი ტრანსფერების ზარაფხანა, სადაც მილიონები იჭრება ნიჭიერი ფეხბურთელებით ვაჭრობით.

მოკლედ, 13 მაისს მთავრობამ მაინც თავისი გაიტანა და უსამართლობას მწვანე შუქი აუნთო. რით გამოიხატა მათი როლი ამ ფარსის შემდეგ? რით და თავის თავზე აიღეს ნაკრების უცხოელი მწვრთნელების ექვსნიშნა ხელფასების გასტუმრება. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ აკი მოგახსენეთ, ფეხბურთის ინჩიბინჩი არ იციან-მეთქი. რომ სცოდნოდათ, პირამიდის მშენებლობას საძირკვლიდან დაიწყებდნენ და არა წვერიდან. ამიტომაც ჩამოეშალათ თავზე ქართული ფეხბურთი. ახლა განტევების ვაცია მოსაძებნი და ერკემლობა ისევ ახალკაცს ერგო. ესეც უნდა სცოდნოდა ბატონ ნოდარს, როცა მავანის ნება-სურვილს ხელს აწერდა. ალბათ, იცოდა კიდეც, მაგრამ მაინც იმედი ჰქონდა, რომ სახელოვანი მწვრთნელები ნაკრების სათავეში ჯადოსნურ ჯოხს აიქნევდნენ და შედეგი გადაფარავდა იმ ნაკლოვანებებს, რაც დღეს ქართულ ფეხბურთშია.

მახსენდება ფედერაციის თავკაცთა განცხადება, რომლის არსი ასეთი იყო: - სწორ გზაზე ვდგავართ, რაც გავაკეთეთ, დიდ მონაპოვრად მიგვაჩნია და ვისაც პროგრესის დანახვა არ სურს, მისი პრობლემააო(?!). ვისთვის როგორ, მაგრამ ჩვენ მალტასა და მისდარ გუნდებთან დამარცხებებს პროგრესად ვერაფრით მივიჩნევთ. გზაც იქით ჰქონიათ, ვისაც გულშემატკივრის წუხილი არ ადარდებს, მაგრამ ქართული ფეხბურთის თავის მოკვეთას არავინ აპატიებს იმ დილეტანტებს, ვინც ქართულ ფეხბურთში ანგარების გამო აფათურებს ხელებს. იცოცხლე, მაცდურია მილიონების მიღების იმედი, მაგრამ ფეხბურთში ფული დილეტანტობით არ იშოვება და ეს რომ არ ესმით, ამიტომაც დასამარდა ყველაფერი.  იმიტომაც შეგვრჩა კოლოსი თიხის ფეხებზე, რომლის მოცელვა და გამასხარავება დღეს მალტასაც კი არ ეზარება...

ახლა როგორ მოვიქცეთ, ის არის საქმე. სახელმწიფო ჩაურევლად რომ არ გაჩერდება და ეცდება, თავისი ინტერესების გამტარებელი კაცი ჰყავდეს, არ უნდა ამას დიდი ნოსტრადამუსობა. თუ მართლა ეჭირისუფლებათ ქართული ფეხბურთის ბედი, ახლა მაინც მისცენ საშუალება ამ საქმის მცოდნეთ, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი და თუ დახმარებაც გულწრფელად სურთ, დაუდგნენ გვერდში. ღვთის მადლით, ქართულ ფეხბურთში არიან კაცები, რომლებსაც თავისი ოფლით აქვთ მოტანილი საქართველოსთვის აღიარება და როგორმე თავად მიხედავენ და გამოასწორებენ ყველაფერს. აი, აქ კი დასჭირდებათ სახელმწიფოს გვერდში დგომა და სწორედ მაშინ გამოჩნდება, ვის უყვარს გულწრფელად ქართული ფეხბურთი. ნიჭიერი მოზარდები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ჩვენში, მაგრამ რამდენიც გინდათ, იმდენს ჩამოგითვლით უსახსრობისა და უგულისყურობის გამო განზე დარჩენილს. ბავშვთა მწვრთნელებს მიეცით მაღალი ხელფასები, რათა იმაზე კი არ ჰქონდეთ საფიქრალი, რომ უნიჭო, მაგრამ გადახდისუნარიანი ფეხბურთელები იყოლიონ, არამედ ტალანტები არ დაეღუპოს ქართულ ფეხბურთს. ამ დაქცეულ კლუბებს, მინდვრების მაგიერ ყანებში რომ "იმაღლებენ" ოსტატობას, ხომ უნდა მიხედვა? ამ ყველაფერს დიდი ფული უნდა, ძალიან დიდი. მარტო უეფას მიზნობრივი დახმარებები და უცხოელი თავკაცებისთვის გამოყოფილი "ზღვის წვეთები" ვეღარ უშველის. ფული ავტორიტეტმა უნდა იშოვოს, ვისი სახელიცა და ნატერფალიც მსოფლიოს საფეხბურთო არენებს ჯერ კიდევ ახსოვთ. ინვესტორი მათში ჩადებს თანხებს და არა რომელიმე ჩინოვნიკის ლამაზ თვალებში. სხვანაირად აზრი არა აქვს არც არჩევნებზე მობილურებით მოგვარებულ ხმებს და არც ფუჭ იმედს, ფეხბურთში უვიცი მედროვეები რომ ამყარებენ. ქართული ფეხბურთი ამ საქმის პროფესიონალებმა უნდა მართონ და სახელმწიფოს როლი იმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ ამ ხალხს მუშაობის საშუალება მისცენ. თანადგომაც ეგ იქნება და ფეხბურთზე ზრუნვაც...

p.s.აწ უკვე პრეზიდენტყოფილმა ახალკაცმა წასვლისას მაინც დაგვაიმედა, - მინდა დაგამშვიდოთ, რომ გვეზრდება თაობები, რომლებსაც დიდი სიხარულის მონიჭება შეუძლიათო(?!)...

საქართველო რომ ტალანტების სამჭედლოა, ეგ რა ახალი ამბავია. ვერც იმით დავიმშვიდებთ თავს, რომ თავს გვაწონებენ, - პალანგის 17-წლამდეთა საერთაშორისო ტურნირი მოვიგეთო (ფინალში აზერბაიჯანი დავამარცხეთ). დაქცეულ ქართულ ფეხბურთს ეს ცალკეული გამონათება ვერ გადაარჩენს და სანამ მართლა მოვა ნამდვილი წარმატება, ამას წლები და მუხლჩაუხრელი შრომა დასჭირდება. არავინ უკარგავს დამსახურებას 17-წლამდელთა ნაკრებს, მაგრამ ერთი ჩემი ნაცნობის გამონათქვამით დავამთავრებ ამ წერილს და ვფიქრობ, არაერთი გულშემატკივრის სათქმელსაც გამოვხატავ, - ის საერთაშორისო ტურნირი არ გაიშვა, ფინალში საქართველო და აზერბაიჯანი რომ გავლენო(!)...

ასეთია ჩვენი დღევანდელობა და ნურავის ემცხეთება ჩვენი ტკივილიანი სიტყვები.