ბელა-რუსთანაც ორმაგად მოვინდომოთ! - კვირის პალიტრა

ბელა-რუსთანაც ორმაგად მოვინდომოთ!

"წარმატების დროა. და იმის ჩვენების, რომ ბოლო დღეების, თვეებისა თუ წლების არაერთი სირცხვილის და იმედგაცრუების მიუხედავად, ქართული ფეხბურთი ცოცხალია!"

ოქტომბერი გადამწყვეტი თვეა როგორც მთლიანად საქართველოსთვის, ისე ქართული ფეხბურთისთვის. 31 ოქტომბერს ყველაფერი ქართველ ამომრჩეველზე იქნება დამოკიდებული, მანამდე - ქართველ ფეხბურთელებზე!

8 ოქტომბერს წლის მთავარი მატჩი გაიმართება - საქართველო-ბელარუსი - ორიდან "პირველი"სადგური" ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გრძელ გზაზე. "გრძელია" იმიტომ, რომ ათწლეულების წინ დაძრულმა ქართულმა "მატარებელმა" ჯერაც ვერ მიაღწია დანიშნულების პუნქტამდე, ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ კი 26 მარტს დაგეგმილი თამაში შემოდგომის შუაწელამდე გადმოსწია.

თუ ბელარუსს გავცდით, რამდენიმე დღეში პლეი-ოფის ფინალში ისევ "დინამო არენაზე" დავუხვდებით ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილში გამარჯვებულ გუნდს და...

ერთა ლიგის" შექმნით უეფამ ისტორიული შანსი მისცა ჩვენი დონის ნაკრებებს. პლეი-ოფის წილისყრაშიც გაგვიმართლა (ნახევარფინალსაც და ფინალსაც საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ!), დანარჩენი კი... მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

8 ოქტომბერს წლის მთავარი მატჩია, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს ოქტომბერში მინიმუმ სამი (დიდი იმედი გვაქვს, რომ მეოთხესაც ვითამაშებთ!) მატჩის გამართვა მოუწევს: უეფას ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ეგიდით 11 ოქტომბერს სომხეთს, 14 ოქტომბერს კი ჩრდილოეთ მაკედონიას უნდა ვესტუმროთ. მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, დიდი ალბათობით, სომხეთი ნეიტრალურ მოედანზე გვიმასპინძლებს, ჩრდილოეთი მაკედონია კი... შესაძლოა ბალკანელებს ორი დღით ადრე თბილისში ვუმასპინძლოთ: ამ სცენარისთვის საჭიროა ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში მაკედონიელებმა კოსოვო დაამარცხონ, ჩვენ კი ბელარუსს ვაჯობოთ...

ოქტომბერში დაგეგმილი სამი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები 5 ოქტომბრიდან თბილისში შეიკრიბა. ვლადიმირ ვაისმა 29 ფეხბურთელს უხმო:

მეკარეები: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე ("ალმერია", ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე ("საბურთალო", თბილისი, საქართველო);

მცველები: გურამ კაშია ("სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ), ოთარ კაკაბაძე ("ტენერიფე", ესპანეთი), დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა ("არსენალი", ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია ("როტორი", ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი ("საბურთალო", თბილისი, საქართველო), მამუკა კობახიძე ("დინამო", ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე ("უფა", რუსეთი), ლაშა დვალი ("ფერენცვაროში", ბუდაპეშტი, უნგრეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("ტობოლი", კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე ("გენტი", ბელგია), გიორგი აბურჯანია ("ოვიედო", ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი ("ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია ("ქონიასპორი", თურქეთი), საბა ლობჟანიძე ("ანკარაგუჯუ", თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია ("რუბინი", ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი ("როტორი", ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია ("ლეგია", ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", გრაცი, ავსტრია);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია ("ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი ("ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი ("სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე ("კაისარი", ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი); თბილისში წამოსვლამდე თავისი გუნდის საბოლოო შემადგენლობა ბელარუსთა მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმაც დაასახელა. ჩვენგან განსხვავებით, მეტოქის შემადგენლობაში ლეგიონერი არც ისე ბევრია და ყველა - პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჩემპიონატებიდან:

მეკარეები: ალექსანდრ გუტორი ("შახტიორი"), დენის შერბიცკი ("ბატე"), იგორ ხატკევიჩი ("ისლოჩი");

მცველები: ალექსანდრ მარტინოვიჩი ("კრასნოდარი", რუსეთი), მაქსიმ ბორდაჩევი ("ტორპედო-ბელაზი"), დენის პოლიაკოვი ("ქაირათი", ყაზახეთი), ნიკიტა ნაუმოვი ("ჟეტისუ", ყაზახეთი), ალექსანდრ პავლოვეცი, რომან იუზეპჩუკი (ორივე "დინამო", ბრესტი), ალექსანდრ საჩივკო ("შახტიორი"), ნიკოლაი ზოლოტოვი ("ურალი", რუსეთი);

ნახევარმცველები: იგორ სტასევიჩი, პაველ ნეხაიჩიკი, ევგენი იაბლონსკი (ყველა "ბატე"), ივან მაევსკი, მაქს ებონგი (ორივე "ასტანა", ყაზახეთი), პაველ სავიცკი, კირილ პეჩენინი (ორივე "დინამო", ბრესტი), იური კოვალევი, ვალერი გრომიკო (ორივე "არსენალი", რუსეთი), დმიტრი პოდსტრელოვი ("შახტიორი"), ივან ბახარი, ვლადისლავ კლიმოვიჩი (ორივე "დინამო", მინსკი), ანდრეი ხაჩატურიანი ("ტორპედო-ბელაზი");

თავდამსხმელები: მაქსიმ სკავიში, ნიკოლაი სიგნევიჩი (ორივე "ბატე"), დენის ლაპტევი ("დინამო", ბრესტი), ვიტალი ლისაკოვიჩი ("ლოკომოტივი", რუსეთი);

როგორც ხედავთ, მათი თამაშის სტილის მსგავსად, "მრავალფეროვნებით"არც ბელარუსთა შემადგენლობა გამოირჩევა. გუნდმა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშის ამბიცია აქვს, "თეთრი რუსები" აუცილებლად უნდა დაამარცხოს - მაყურებლით თუ მაყურებლის გარეშე!

და რადგან მაყურებელი ვახსენეთ, გასულ კვირას დადასტურებულ სასიხარულო სიახლეზეც ვთქვათ: 24 სექტემბერს, ბუდაპეშტში უეფას სუპერთასის წარმატებულად ჩატარების შემდეგ, უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, კლუბებისა და ნაკრების მატჩებზე სტადიონის ტევადობის 30%-ის რაოდენობის მაყურებელს დართოს დასწრების უფლება, ოღონდ ეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს!

უეფამ უფლება მოგვცა, დანარჩენი კი ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტია. ახლა, როცა ამ სტრიქონებს კითხულობთ, "გადაწყვეტილება", დიდი ალბათობით, მიღებულია და ძნელი წარმოსადგენია, უზარმაზარ ღია არენაზე დისტანციის დაცვით მყოფმა 19 ათასამდე ქომაგმა რა საფრთხე უნდა შეუქმნას თავის ან სხვის ჯანმრთელობას?!

უეფამ უფლება მოგვცა და თუ განსაკუთრებული არაფერი მოხდა, არც ხელისუფლება გაჯიუტდება. ამის ერთ-ერთი ნიშანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებაც არის - ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გასული კვირის ბოლოს სპეციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს აცნობა, რომ ბილეთები, რომლებიც მათ 26 მარტს დაგეგმილ მატჩზე დასასწრებად შეიძინეს, ანულირებულია. გაგაცნობთ სფფ-ის განცხადებას:

"უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობების შესაბამისი ჯანდაცვის უწყებების თანხმობის შემთხვევაში, უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებს შესაძლოა გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწროს".

უეფას გადაწყვეტილების თანახმად, შესაბამისი სტრუქტურების თანხმობის შემთხვევაში, 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართ "ევრო 2020"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩს შესაძლოა სტადიონის ტევადობის შესაბამისად გულშემატკივართა მაქსიმუმ 30% დაესწროს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 26 მარტის საქართველო-ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია და გულშემატკივრებმა კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად TKT.ge-ს უნდა მიმართონ.

ბილეთების თანხის დაბრუნება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში, 3 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით.

რაც შეეხება 8 ოქტომბრის მატჩზე მაყურებლის დასწრების საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, ღია სივრცეში სპორტულ ღონისძიებაზე დაიშვება არა უმეტეს 200 კაცისა. უეფას გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს შესაბამის სტრუქტურებთან თამაშზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დაშვების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ".

ანულირებული ბილეთების თანხის დაბრუნება უკვე დაწყებულია. გულშემატკივრებს, რომლებმაც მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ შეიძინეს, თანხა ავტომატურ რეჟიმში, თKთ.გე-ს ანგარიშზე დაუბრუნდებათ. ფიზიკურად შეძენილი ბილეთების თანხის დასაბრუნებლად კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სპეციალური სალაროები 5 ოქტომბრიდან გაიხსნება. სალაროები იმუშავებენ 5-12 ოქტომბერს, 10:00-20:00 საათებში. თანხის დაბრუნების მსურველმა გულშემატკივარმა სალაროში მატჩზე დასასწრები ბილეთები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარადგინოს.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორი სისწრაფით გაიყიდა 26 მარტს დაგეგმილი მატჩის ყველა(!) ბილეთი, ადვილი წარმოსადგენია, როგორი აჟიოტაჟი გველის სტადიონის ტევადობის მხოლოდ 30%-ის გასაყიდად გამოტანის შემთხვევაში...

ერთი რამ კი ცხადია - მაყურებლით თუ მის გარეშე, ბელარუსის ნაკრები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ! ამისთვის კი, ბევრ სხვა რამესთან ერთად, აუცილებელია, რომ მწვრთნელი და ფეხბურთელები ზედმეტი წნეხისგან გავათავისუფლოთ. რაც უნდა სამწუხარო იყოს, "აუცილებლად მოსაგები მატჩები ჩვენთვის უცხო ხილია და წნეხი ხელისშემშლელ ფაქტორად არ უნდა გვექცეს.

ვლადიმერ ვაისი ბევრჯერ გამიკრიტიკებია, მაგრამ ახლა ა(ღა)რც კრიტიკის დროა და არც ექსპერიმენტების. საქართველოს ნაკრებმა და მისმა თავკაცმა რაციონალურად უნდა იმოქმედონ, სწორი, ჩვენთვის სასურველი ტაქტიკა მოახვიონ ბელარუსის საკმაოდ ერთფეროვნად მოთამაშე ნაკრებს და...

რაც მთავარია, მენტალურ წნეხს სძლიონ! უდიდესი კონცენტრაციით, მაგრამ, იმავდროულად, თავისუფლად ითამაშონ, რადგან...

"ერთადერთი, რისიც მეშინია, ნერვიულობაა, რადგან ისეთ რამესთან ვართ ახლოს, რასთანაც არასდროს ვყოფილვართ. არა გვაქვს ასეთი თამაშების გამოცდილება. ერთი თამაშიც მოგვიგია, სამიც, გრანდიც დაგვიმარცხებია, მაგრამ იმ შეხვედრების სასწორზე არ ყოფილა შედეგი, რომელსაც რამდენი წელია, ველით. ამიტომ მეშინია, რომ მომავალი მატჩების გამო ატეხილმა აჟიოტაჟმა, ძალიან დიდი შანსის დაკარგვის შიშმა თამაშის დღეს, გადამწყვეტი ორი საათის განმავლობაში, ცუდად არ იმოქმედოს. ამ ნერვიულობას თუ მოვერიეთ, ბელარუსს აუცილებლად დავამარცხებთ!" - შოთა არველაძემ ეს სიტყვები შარშან 26 მარტს დაგეგმილი თამაშის წინ მითხრა.

მართალია, და სწორედ ამიტომ ახლა ნერვიულობის დრო არ არის. შესაბამისად, არც ბევრი ლაპარაკის, მოსალოდნელი სცენარების განხილვისა და მით უმეტეს, ფეხბურთელების გამხნევება-დამუნათების.

ფეხბურთელებმა ისედაც კარგად იციან, რომ ეს მართლაც ისტორიული (მათი ნაწილისთვის შესაძლოა სულაც ბოლო) შანსია და ამ შანსს გამოყენება უნდა, რომ ბელა-რუსთანაც ისევე უნდა მოვინდომოთ, როგორც "ნამდვილ რუსებთან".

ამიტომაც, დღეს, ბევრი ლაპარაკის დრო ა(ღა)რ არის. მით უმეტეს - გულზე მჯიღის ცემის. მეტოქის "ცემის" დროა. მოწინააღმდეგის დამარცხების, გზის გაგრძელების, ფინალში გასვლის. იმ მიზნის მიღწევის, რომლის ასრულების მოლოდინშიც, ქართველი ფეხბურთელების აგერ უკვე მერამდენე თაობამ გაცვითა ბუცები...

წარმატების დროა. და იმის ჩვენების, რომ ბოლო დღეების, თვეებისა თუ წლების არაერთი სირცხვილის და იმედგაცრუების მიუხედავად, ქართული ფეხბურთი ცოცხალია!

რატი შელეგია