რას აცხადებს ბიზნესმენი, რომელმაც პროკურატურას დავით გარეჯის რუკების დედნები გადასცა - კვირის პალიტრა

რას აცხადებს ბიზნესმენი, რომელმაც პროკურატურას დავით გარეჯის რუკების დედნები გადასცა

მე ჩამოვედი საქართველოში, მინდოდა სამართლიანად გაჟღერებულიყო ჩემს მიერ გაკეთებული ეროვნული საქმე , - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა განუცხადა, რომელმაც პროკურატურას დავით გარეჯის რუკების დედნები გადასცა.

მისივე თქმით, მას პრესკონფერენციის გამართვა სურდა, თუმცა, სავარაუდოდ, პანდემიის გამო ამის შესაძლებლობა არ ექნება.

“ალბათ, პრესკონფერენციის ნებას არ მომცემენ კოვიდის იზოლაციის გამო. მე ყველა წამოჭრილ კითხვაზე პასუხს გავცემ”, - აღნიშნა დავით ხიდაშელმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

"ინტერპრესნიუსი"