თასი რთულ ბრძოლაში დავიბრუნეთ - კვირის პალიტრა

თასი რთულ ბრძოლაში დავიბრუნეთ

საქართველო 16:11 რუმინეთი

მართალია, ურთულეს ბრძოლაში, მაგრამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მაინც მოახერხა რუმინელი "სტეჟარის" ("მუხის ფოთლები") დამარცხება და შარშან ბუქარესტში წაგებისას დაკარგული "ანთიმოზ ივერიელის" თასი დაიბრუნა. როგორც ცნობილია, ეს თასი 2002 წლიდან მხოლოდ ამ ორი ქვეყნის ნაკრებების შეხვედრებისას თამაშდება. რუმინელებს ხუთჯერ ჰქონდათ მოგებული ქართველი წმინდანის სახელობის თასი, ჩვენ - ოთხჯერ, ამ გამარჯვების შემდეგ კი "მუხის ფოთლებს" გავუტოლდით.

უნდა აღინიშნოს, რომ "ევროპის ერთა თასზე" მოთამაშე გუნდებს შორის რუმინეთი ერთადერთია, ვისთანაც საქართველოს ნაკრებს უარყოფითი ბალანსი აქვს (8 წაგება, 6 გამარჯვება) და სტატისტიკის გასაუმჯობესებლად მინიმუმ სამი გამარჯვება გვჭირდება. მერე კიდევ, "სტეჟარი" 2011 წლის მსოფლიო თასზეც ჩვენი მეტოქეა და "გენერალური რეპეტიციისას" მათი დამარცხება ამიტომაც გვჭირდებოდა. რუმინელებისთვის ოთხი ლელოს გატანის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ერთი ტურით ადრე მოიპოვებდა წლევანდელ "ერთა თასს", თუმცა, ამჯერად მხოლოდ ორი ლელო ვიკმარეთ და რადგან საწყის წუთებზე ინიციატივა 15:0 დაწინაურების შემდეგ მეტოქეს გადავულოცეთ, არც ასეთი ანგარიშით გამარჯვებით უნდა ვიყოთ უკმაყოფილო.

ჩვენმა გუნდმა საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა და ფლორიან ვლაიკუ საჯარიმოების შესრულებისას უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო, ვინ იცის... სამწუხაროდ, 71-ე წუთზე ლელოც გავუშვით, რაც ტრაგედია ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს რომ არა, კარგი შანსი გვქონდა, ერთადერთი გუნდი გავმხდარიყავით, ვინც "ერთა თასის" მოგებას ლელოს გაუშვებლად მოახერხებდა.

თუმცა, მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და სტადიონზე მრავლად მისული ქომაგი ბორჯღალოსნებმა არ გააწბილეს. მით უმეტეს, რომ წლეულს ჩვენი გუნდისთვის ეს საკუთარ მოედანზე გასამართი ბოლო ოფიციალური მატჩი გახლდათ.

რუმინელი "მუხის ფოთლების" ძლევამ შესაძლებლობა მოგვცა, მსოფლიო რეიტინგში კანადის ნაკრებისთვის გაგვესწრო და მე-14 ადგილზე მათ ნაცვლად დავმკვიდრებულიყავით. როგორც იცით, კანადის ნაკრებს "ნეკერჩხლებად" მოიხსენიებენ - ასე რომ, "მუხის ფოთლების" დამარცხებამ "ნეკერჩხლებიც" ჩამოგვატოვებინა და რეიტინგშიც სულ "შრიალ-შრიალით" დავწინაურდით.

შემდეგი "გაჩერება" კი 19 მარტს, სოჭში გველის რუსი "დათვების" წინააღმდეგ.

P.S. მართალია, რუმინეთთან პრემიალური ქულის გარეშე გავიმარჯვეთ, მაგრამ რადგან პორტუგალიამ ესპანეთში 25:10 წააგო, საქართველოს ნაკრები ვადაზე ადრე გახდა წლევანდელი "ერთა თასის" გამარჯვებული.